დემურ გიორხელიძე: “პლუს პაატა ბურჭულაძე, მინუს პაატა ბურჭულაძე სიტუაციას არ ცვლის!“
“ივერიონს“ ესაუბრება ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე
-ბატონო დემურ, პაატა ბურჭულაძის მიერ შექმნილი ფონდი “საქართველოს გაერთიანებისათვის“, რომელშიც გაწევრიანდნენ ცნობილი სახეები და ბიზნესმენები: ირაკლი გურჩიანი, მერაბ ტყეშელაშვილი, ივანე მაჭავარიანი, დავით ჯანდიერი, ხათუნა ლაგაზიძე და სხვები, გარდაიქმნება თუ არა პოლიტიკურ პარტიად და რას შეცვლის მისი პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა?
-გარდაიქმნება თუ არა ეს ფონდი პოლიტიკურ პარტიად, მათი კონსტიტუციური უფლებაა, მაგრამ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამას, აი, მთავარი კითხვა, რომელზეც პასუხი უნდა გვაინტერესებდეს...
თუ ჩიხში მომწყვდეული ქვეყანა და მისი ხალხი 25 წელი აზრზე ვერ მოსულა, რა უნდა აკეთოს და რა მოსაზრებების მქონე ადამიანთა ჯგუფს უნდა დაუჭიროს მხარი, მაშინ გათვლა, ამ შემთხვევაში, პრიმიტიულია: პაატა ბურჭულაძე მსოფლიო დონის მომღერალია, მაგრამ, პოლიტიკური თვალსაზრისით, არანაირ სიდიდეს არ წარმოადგენს.
გასაგებია, რომ ე.წ. “ლოკომოტივის" ფუნქცია უნდა შეასრულოს და იმ კატეგორიის ხალხს "დაეხმაროს" ხელისუფლებაში მოსვლაში, ქოცი და ნაცი რომ სანატრელი გახდება!
მისი მთავარი შეცდომა რაშია, იცით? 60 წლის კაცი ისეთ რამეს ჰკიდებს ხელს, რაზეც დალაგებულად 5 წუთიც არ შეუძლია ისაუბროს და ესაა ქართული პოლიტიკის მარაზმული მდგომარეობის საუკეთესო მაჩვენებელი...
მოკლედ, ქართველ ხალხს აქვს შანსი მორიგი, უკვე მე-5 წრეზე ერთნაირი სისულელე ჩაიდინოს და... თუ კაცს უნდა თავის ჩამოხრჩობა, უაზროა მას გადააფიქრებინო - იგი მაინც მოძებნის დროს და სიტუაციას თავი ჩამოიკიდოს!
ასეა ხალხიც - იმას აკეთებს, რაც უნდა და არა იმას, რაც მის ოჯახს და მისი შვილების მომავალს სჭირდება... მე დავწერე უკვე არაერთხელ: 2016 წელი ბოლო ილუზორული არჩევნებია საქართველოში - არაფერი შეიცვლება. პლუს პაატა ბურჭულაძე, მინუს პაატა ბურჭულაძე სიტუაციას არ ცვლის... ასეთია ტრაგიკული სიტუაცია... აქედან გამოსვლა მხოლოდ ღრმა კრიზისის მეშვეობით შეიძლება, რომელ კრიზისზეც საქართველო ვერასდროს გავიდა ბოლომდე - სულ ჩააქრეს გარედან, ხან რა გზით და ხან კიდევ რა გზით.
- ხელისუფლება მუდმივად ცდილობს წინასაარჩევნო კამპანიაში ხალხისთვის საყვარელი და მისაბაძი პიროვნების ჩაბმას, რომელიც შემდეგ გაკილვისა და ლაფის სროლის საგანი ხდება. თქვენი აზრით, რატომ უნდა ჩაებას პოლიტიკურ თამაშებში ბურჭულაძისთანა პიროვნება?
-კი, რადგან ამ ტექნოლოგიას ხალხი ბრმად ყლაპავს... ახლა ერთ მარტივ კითხვას დავსვამ ატრუებული ქართველი ამომრჩევლის უმრავლესობის მისამართით: სახლის აგება თუ გინდათ, პატარა, მაგრამ მაინც სახლის, პაატა ბურჭულაძეს ან თქვენ რომ გიყვართ და აღტყინებას იწვევს იმ კაცს მოიყვანთ, თუ ხელოსანს, თანაც კარგ ხელოსანს?... სახელმწიფოს ამწყობი და მოდერნიზაციის ტრაექტორიაზე გამყვანი პაატა ბურჭულაძე ხომ არ არის და არ არის, მაგრამ არც ის ხალხია, ვისი გვარებიც თქვენ ჩამოთვალეთ... ეს ადამიანები [ზოგს ვიცნობ კარგად], კარგი ადამიანები არიან, მაგრამ ახლა ჩვენ რას ვირჩევთ, ხელისუფლებას თუ ჩვენს სიმპათიებს?
- როგორ შეაფასებთ პოლიტიკური პარტია “პატრიოტული ალიანსის“ მიერ გამოცხადებულ შიმშილობის აქციას, რომელიც რამდენიმე მიზეზის გამო დაიწყო. ესენია: საგარეჯოში ჩატარებული არჩევნების გაუქმება, რესპუბლიკელი მინისტრების-ხიდაშელისა და აგულაშვილის-პოსტიდან გადადგომა და საარჩევნო კოდექსის შეცვლა?
-არის თუ არა "პატრიოტული ალიანსი" პოლიტიკური პარტია, ეს მან ამ სიტუაციაშიც უნდა დაამტკიცოს და მომავალ არჩევნებშიც. ეს სიტუაცია პოლიტიკური პარტიისთვის ისეთია, ხელისუფლება რომ გიფეშქაშებს საკუთარი პოლიტიკური სიბეცის გამო და, როგორ გაათამაშებს ამ საჩუქარს ირმა ინაშვილი და მთლიანობაში "პატრიოტული ალიანსი" , ეს გამოჩნდება... საკმარისია მათ დაუშვან ის საოცრად ავადმყოფური შეცდომები, რასაც 25 წელია უშვებდნენ და უშვებენ ე.წ. "პოლიტიკური ლიდერები", როცა პოლიტიკურ აქტიურობას იმავ წუთს ხელისუფლებასთან სავაჭროდ იყენებდნენ და იყენებენ, - ანუ ამით ხაზს უსვამდნენ, და უსვამენ, რომ არანაირი პოლიტიკოსები ისინი არ არიან და მხოლოდ პირად სარგებელს [ანდა, სულაც უარესი, - დავალებას ასრულებდნენ] მოელიან და ხელისუფლების დაპირებებს თანხმდებიან...
მოკლედ, პოლიტიკა ძალიან სერიოზული და ნიუანსური სფეროა და ადამიანის მოღვაწეობისა და პოლიტიკური პროფესიონალიზმის კატასტროფული დეფიციტის შედეგია, რაც ქვეყანას სჭირს... რა როგორ გაგრძელდება, ამას უახლოეს პერიოდში ვნახავთ.
ესაუბრა ია ჯღარკავა