ჰამლეტ ჭიპაშვილი: რუსეთი კატეგორიულად ცდილობს ალაგმოს ტერორიზმი იქ, სადაც მისი ბუდეა!

ჰამლეტ ჭიპაშვილი: რუსეთი კატეგორიულად ცდილობს ალაგმოს ტერორიზმი იქ, სადაც მისი ბუდეა!

„ივერიონს“ პარიზში მომხდარ ტერორისტულ აქტებზე და მათ შესაძლო გართულებებზე, პოლიტოლიგი ჰამლეტ ჭიპაშვილი ესაუბრა.

 

-ბატონო ჰამლეტ, მსოფლიო შეძრულია საფრანგეთში მომხდარი ტერაქტებით. სპეციალისტები უკვე საუბრობენ, რომ ეს ერთჯერადი აქტი არ არის და სავსებით შესაძლებელია  სხვა სახელმწიფოებსაც მოედოს.

 

 

საინტერესოა თქვენი აზრი, საიდან მოდის ტერორიზმის ფესვები და როგორ შეიძლება მისი შეჩერება?

 

-ტერორიზმი იმ სახით, რა სახითაც დღეს გვაქვს, ამას საფუძველი ამერიკამ ჩაუყარა მაშინ, როცა საბჭოთა ჯარის გარკვეული კონტინგენტი ავღანეთის ხელისუფლების თხოვნით, ავღანეთში შევიდა. ხოლო, მას შემდეგ, რაც „ალქაიდა“ საკუთარ შემქმნელს დაუპირისპირდა ანუ აშშ-ს, ტერორისტული აქტები განახორციელა აშშ-ში. სწორედ, ამის შემდეგ დაიწყო ამერიკამ, ვითომ მაშტაბური ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ. სინამდვილეში, კი მან ეს ბრძოლა დაიწყო, არა ტერორიზმის წინააღმდეგ, არამედ მსოფლიოში თავისი გავლენის გასაფართოებლად და ამას „ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა“ დაარქვა!

დღეს ტერორისტულ ორგანიზაციებს ძალიან დიდი შემოსავალი და გავლენა აქვს. მათი დამარცხება შესაძლებელია, თუკი მათ გადაუკეტავენ ამ უზარმაზარი შემოსავლების წყაროს.  ამისთვის, ამ საკითხებისადმი ამერიკული სპეცსამსახურების მხრიდან, უფრო სერიოზული მიდგომაა საჭირო.

 

-ბოლო დროინდელმა მოვლენებმა, რომელმაც ააფორიაქა მსოფლიო, ნათლად დაგვანახა რუსეთის როლი თანამედროვე რეალობაში.

 

როგორ ფიქრობთ, კონკრეტულად რა ფუნქციის შესრულება შეუძლია რუსეთს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. აყენებს თუ არა ეს მისია მას, ამ კონკრეტულ მომენტში, მომგებიან სიტუაციაში?

 

-რუსეთისთვის ტერორიზმთან ბრძოლა ახალი არაა. ის უკვე 25 წელია იბრძვის ტერორის წინააღმდეგ. მათ საკამოდ დიდი გამოცდილებაც დააგროვეს ამ საკითხში. დღესდღეისობით, რუსეთი კატეგორიულად ცდილობს, რომ ტერორიზმი ალაგმოს იქ, სადაც მისი ბუდეა. დღეს ასეთ ბუდედ სირიის და ერაყის ტერიტორიები მიიჩნევა, რომლებიც დაპყრობილია ე.წ „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ.

 

 

უკვე თვენახავარია, რაც რუსეთი სირიის ხელისუფლებას მათთან ბრძოლაში ეხმარება. თუკი მას ევროსპის სხვა სახელმწიფოებიც შეუერთდებიან და  ყოველგვარ იატაკქვეშა კავშირს გაწყვიტავენ დასავლეთის ქვეყნების მხრიდან „ისლამურ სახელმწიფოსთან“ , მაშინ სრულიად შესაძლებელია მათი დამარცხება. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტერორიზმი გაქრება. მისი ასე უცებ გაქრობა წარმოუდგენელია. ის ერთი ქვეყნის ტერიტორიიდან მეორეში გადაინაცვლებს.

 

-ბუნებრივია, ქართული საზოგადოება შეშფოთებულია საფრანგეთში მომხდარი ტერორისტული აქტებით. ადამიანებს კიდევ ერთხელ გაუჩნდათ დაუცველობის შეგრძნება...

 

თქვენი აზრით, ქართული სახელმწიფო, არის თუ არა, დღეს მზად ანტიტერორისტული ღონისძიებების განსახორციელებლად. რა უნდა გავაკეთოთ, რომ ელემენტარულად მაინც დავიცვათ საკუთარი მოსახლეობის უსაფრთხოება?

 

-ქართული საზოგადოება ამ საკითხზე საუბრისთვისაც კი არ იყო მზად. ჩვენ  მშვიდად ცხოვრება გვინდა, მაგრამ ამისთვის არაფრის გაკეთება არ გვსურს. ჩვენი ხელისუფლება და საზოგადოება ამ საკითხს ძალიან ზედაპირულად უყურებენ.

მე ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავეთანხმები პარლამენტარ, ქალბატონ გუგული მაღრაძის ძალიან ქარაფშუტულ განცხადებას, რომ თურმე, ტერორისტები მხოლოდ დიდ სახელმწიფოებს ემუქრებიან და არა ისეთ პატარა და უსუსურ სახელმწიფოს, როგორიც საქართველოა.

 

 

არადა, ტერორისტები, რომლებიც საქართველოდან, დღეს „ისლამური სახელმწიფოს“ დროშის ქვეშ სირიის ტერიტორიაზე იბრძვიან, ისინი პოტენციური დამბრუნებლები არიან საქართველოში და როდის რას გააკეთებენ, ღმერთმა იცის. ეს საკმაოდ დიდი თავსატეხი და დასაფიქრებელი რამ გახდება საქართველოსთვის!  არავინ იცის, თუ რომელი პოლიტიკური პარტია გამოიყენებს მათ სათავისოდ. რადგან, „ნაციონალებს“ და მათ ლიდერ სააკაშვილს ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ ტერორისტებთან ურთიერთობის. ისინი დახურულ შეხვედრებს აწყობდნენ თბილისში, რომელშიც  „ალქაიდას“ წარმომადგენლებიც  იღებდნენ მონაწილეობას.

 

ჩემი აზრით,  საქართველოს არავითარი ძალა არ გააჩნია იმისა, რომ ამ ექსტრემიზმს გაუმკლავდეს. ამ შემთხვევაში ამერიკელები ვერავითარ დახმარებას ვერ გაგვიწევენ და ვერც ევროპელები, რომლებიც თვითონ არიან შავ დღეში ჩავარდნილები. ამიტომ, ჩვენ უნდა მოვძებნოთ გზები რუსეთის ფედერაციასთან და მათ სამსახურებთან დავამყაროთ მჭირდო კონტაქტები, რადგან რუსეთი ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე იბრძვის ამ ტერორიზმის წინააღმდეგ.

 

-უკვე საუბრობენ იმაზე, რომ ანალოგიური აქტები შეიძლება გახდეს რელიგიური ექსტრემიზმის და ე.წ. „რელიგიური ომის“ დაწყების საფუძველი. თუმცა, ქართული ეკლესია , მისი სულიერი მწყემსმთავარი  აცხადებს, რომ აღნიშნულ ტერაქტს და მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოებში მიმდინარე სხვა ტერაქტებს რელიგიური საფუძველი არ გააჩნიათ, რადგან ბოროტება რელიგიურ ნიშნებს არ ცნობს...

 

როგორი იქნება თქვენი კომენტარი...

 

-ეს არის საერთო და არაფრისმთქმელი განცხადება. ტერორიზმი არის ტერორიზმი. საქმე ისაა, რომ „ისლამური სახელმწიფო“ სუნიტი ექსტრემიზმებისგანაა დაკომპლექტებული და ებრძვის შიიტებს, ქრისტიანებს და ებრძვის, ყველას, ვინც არ არის სუნიტი ექსტრემისტი. არის თუ არა აქ რელიგიური დაპირისპირება? რა თქმა უნდა, არის.

 

 

        ესაუბრა მედეა შელია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: