მოუხელთებელი „სითი-პარკი“, შარბათად დაღვრილი ჟირინოვსკი და... ქიზიყელი ერდოღანი!
როგორც უგულავას მიერ მოთრეულ, ფულის მკეთებელ, ნაძირალა „სითიპარკს“ ვერავინ გაიყვანს თბილისიდან, ისე სააკაშვილის მიერ მოთრეულ რუსულ ჯარს ვერ გააგდებ აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან!
ამ რეალურ დროსა და სივრცეში, ჩვენს პლანეტაზე, დაახლოებით ისეთივე ფეთქებადი სიტუაციაა, როგორც 1962 წელს,როცა ხრუშჩოვმა „მშვიდობის კუნძულ“ კუბას სარაკეტო ბაზად გადაქცევა განიზრახა.
ერთი, პუტინი და ობამა არიან „მშვიდობის მტრედები“ და მეორე, „ბანდიტი“ ფიდელის კუბა იყო „მშვიდობის კუნძული“. კუბის პლაჟიდან, კარგი მოცურავე, ყოჩაღი მკლავურით რაღაც ორ საათში თავისუფლად ჩაცურდება ფლორიდის პლაჟზე.
კი, ამერეიკელები იდიოტებს გვანან თავისი მენტალობით, მაგრამ „დუმბაძის ბეჟანასი“ არ იყოს, ,„გადარეულია, მარა აბდალი კი არ არის“ ამერიკას ხრუშჩოვისთვის კუბა სარაკეტო ბაზად რომ დაეთმო. გამოდის ჩვენ ვყოფილვართ აბდლები და გადარეულები, პუტინს „თეთრი სანატიორია“ საჰაერო და სახმელეთო სამხედრო ტექნიკის ბაზად რომ გადავაქცევინეთ, სამაჩაბლოსთან ერთად.
სააკაშვილი ვიდრე ორმაგი აგენტი გახდებოდა და ბუშ (უმცროსს) დაუძმაკაცდებოდა, მანამ პუტინთან ჰქონდა ხელი გადახვეული და მთელს თუ არა, ნახევარ საქართველოს პირდებოდა.
იმ დროს, როცა „შადრევან პირველი“ ბუშს და პუტინს სიყვარულს ეფიცებოდა ამ დროს თბილისის მერმა დრო იხელთა და საეჭვო წარმომავლობის ე.წ. „სითი პარკს“ დედაქალაქის ყველა ქუჩა და მოსახვევი, თავის ჩიხებიანად „უფეშკაშა“ საძარცვად და „მაყუთის“ საკეთებლად!
წილშიც ჩაუჯდა, გულის ამაჩუყებელი დევიზით „მე მიყვარს თბილისი“, რომელიც ასე იშიფრებოდა - „მე მიყვარს დოლარი და ევრო!.. ლარიც“!
აჩუქა სააკაშვილმა პუტინს სამაჩაბლო, კოდური სახელწოდებით - „სამხრეთ ოსეთი“! საჯარო რეესტრშიც გაუტარა „როგორც წესი და რიგია“! აფხაზეთიც აჩუქა, დე ფაქტოდ, ისევე როგორც გუგულივით უგულავამ აჩუქა „სითი პარკს“ თბილისი! რუსები წურბელებივით მოაჯდნენ კისერზე „სამხრეთ ოსებს“ და აფხაზებს!
„სითი პარკი“ კი თბილისელების კისრებზე მოკალათდა, გიგუშკის მიერ დადებული კაბალური ხელშეკრულებით! ანუ, ნებისმიემა ახალმა ხელისუფლებამ რომ მოისურვოს „ფირალი“ „სითი პარკის“ გაძევება „გოგირდის წყალში მოხარშული ხოხბის ქალაქიდან“, 25 მილიონი დოლარი უნდა ჩამოყაჭოს,ანუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული კომპენსაცია.
რუსებს არ დასჭირდათ ხელშეკრულება! მათი „გარანტორი“ სამაჩაბლოსა და აფხაზეთში შეტანილი დიდძალი ზეთანამედროვე სამხედრო ტექნიკა გახდა! .
..და აი, მოხდა სასწაული! გუშინ, ნაშუადღევს, ცრემლად დაღვრილმა, ვლადემერ ჟირინოვსკიმ, პუტინის აზრებისა და პროექტების გამხმოვანებალ-განმცხადებელმა განაცხადა: - ჩვენ უნდა დავიცვათ ერთმორწმუნე ქართველები ტირანი ერდოღანის კლანჭებისგან და დავაბრუნებინოთ იმ სისხლისმსმელ ოსმალოს, ძირძველი ქართული მიწები, რომელიც 1921 წელს „მოსკოვის მოლაპარაკების“ თანხმად, კაპლანის მოწამლული ტყვიით დაჭრილმა, იმ დროს უკვე გამოლენჩებულმა მსოფლიო პროლეტერიატის ბელადმა „პროსტო ილიჩმა“ სტალინის ხელმოწერით, თურქეთს უბოძაო.
ერდოღანის მიერ სირიისა და თურქეთის საზღვრებთან, წინასწარ დაგეგმილი ოპერაციის შედეგად, რუსული „су-24“-ის ჩამოგდების შემდეგ, სილაგაწნულმა პუტინმა ასევე საქვეყნოდ განაცხადა „1921 წლის „მოსკოვის ხელშეკრულებას“ გავაუქმებო!“ ჟირინოვსკიმ კი დაამატა, ერთმორწმუნე ქართველებს ტაო-კლარჯეთს და ლაზეთს დავუბრუნებთ, ტრაპიზონის ჩათვლითო! უცბად ავარდნენ, ამ „სიაფანდ პონტზე“ ჩვენი გულჩვილი „გიურჯები“! ზოგი ქართველი მიმომხილველიც კი „აცუნდრუკ-ახვანცალდა“ ოპტიმისტური განცხადებებით! თეორიულად ეს დასაშვებია, მაგრამ როგორც „მარგალი ჯგირი კოჩი, ჩქიმი ჯიმა“ ნარმანია არ არის „სითი პარკისთვის“ 25 მილიონის მიმცემი და თბილისიდან ამ ნაძირალების გამპანღურებელი, ისე „სიქიმ აღზნ“ რეჯეფ ერდოღანი ასე იოლად არ დააბრუნებს ქართულ ძირძველ მიწებს!...
ის კი არა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დაგვემუქრა ბათუმს წაგართმევთო, იმიტომ რომ ჩვენია და უმეტესი გამუსულმანებული აჭარლები „მემედი“, „ასლანი“, „იუსუფი“, „ალი“... სულ იმაზე ოცნებობენ როდის დავბრუნდებით „სამშობლოში“ ჩვენი მიწებიანათო?
ჰო, ამბობენ რეჯეფ ერდოღანი ეთნიკური ქიზიყელი გურულიაო! რა ვიცი, შეიძლება არის კიდეც და თვითონაც არ იცის კაცმა?
რა ვქნათ, ვიცინოთ, თუ ვიოცნებოთ?!
თამაზ ჭეიშვილი