ჯეიმს აპატურაი: საქათველოს ნატო-ს წევრობისთვის ყველა საჭირო პრაქტიკული ინსტრუმენტი აქვს
„ნატო-სკენ მიმავალ გზაზე არანაირი ახალი დაბრკოლება არ გაჩენილა“ - ამის შესახებ, ბრიუსელში ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენლმა ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, სადაც ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა „ღია კარის“ პოლიტიკასთან დაკავშირებით კომუნიკე მიიღეს.
აპატურაის განცხადებით, საქათველოს ნატო-ს წევრობისთვის ყველა საჭირო პრაქტიკული ინსტრუმენტი აქვს.
„დღეს მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებით ნიშნავს, რომ პროცესი უცვლელი რჩება. ნატო-სკენ მიმავალ გზაზე არანაირი ახალი დაბრკოლება არ გაჩენილა. ეს მკაფიოდ უნდა ითქვას. ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების მიხედვით, წევრობის სამოქმედო გეგმა ყოველთვის მომდევნო ნაბიჯს წარმოადგენდა. დღევანდელი გადაწყვეტილებაც ამას ადასტურებს“, - განაცხადა აპატურაიმ.
ნატო-ს 28 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი კომუნიკე მიიღეს, რომლის მიხედვითაც, საქართველო გახდება ნატო-ს წევრი „მაპ“-ის, როგორც პროცესის განუყოფელი ნაწილის დახმარებით.
დღეს გამოქვეყნებული კომუნიკეს თანახმად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი წევრობის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, საქართველოს მხარდაჭერასა და დახმარებას განაგრძობს.