მანანა ნაჭყებია: „ქართული ოცნება“ მაჟორიტარებს წურბელებად და ფეოდალებად მოიხსენიებდა და ახლა ამ სისტემას კბილებით იცავს!

მანანა ნაჭყებია: „ქართული ოცნება“ მაჟორიტარებს წურბელებად და ფეოდალებად მოიხსენიებდა და ახლა ამ სისტემას კბილებით იცავს!


„ივერიონს“ ქვეყანაში მიმდინარე საშიონაო დ საგარეო აქტუალურ საკითხებზე „ახალი მემარჯვენეების“ პოლიტიკური მდივანი, მანანა ნაჭყებია ესაუბრა.


-როგორ შეაფასებთ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს პარიზის სამიტის შემდეგ, სადაც მთავარი თემა გლობალური დათბობის პრობლემა, რუსეთ-თურქეთს შორის არსებულმა კონფლიქტმა გადაფარა?


რა ცვლილებებს შეიძლება ველოდოთ უახლოეს მომავალში?


-თავისთავად მოსალოდნელი იყო, რომ ასეთი მაღალი დონის შეხვედრაზე კლიმატის ცვლილების თემა გადაიჩრდილებოდა, იმ მოვლენებით, რაც დღეს ხდება მსოფლიოში.
ცხადია, ამ სიტუაციაში რუსეთის როლი გამოიკვეთა, რომელმაც ხელთ იგდო ინიციატივა და ისარგებლა შექმნილი სიტუაციით. თუმცა, ვფიქრობ, მხოლოდ რუსეთის ძალისხმევა არ ეყოფა იმ საფრთხის განეიტრალებას, რაც მოდის „ისლამური სახელმწიფოსგან“. აქ აუცილებელია ევროპის სხვა სახელმწიფოების და ამერიკის ჩართვაც.


ბუნებრივია, არავინ შეიძლება იყოს წინააღმდეგი იმისა, რომ ასეთი სერიოზული საფრთხის წინაშე ყველა სახელმწიფო გაერთიანდეს. ამ შემთხვევაში, ევროპის სახელმწიფოებმა რუსეთი მოკავშირედ, რომ გაიხადონ, ამის წინააღმდეგი არავინ არ უნდა იყოს. მაგრამ, არ უნდა მოხდეს ისე, რომ ამ ბრძოლაში მხოლოდ რუსეთი გამოიკვეთოს. მას ამისათვის არც ეყოფა საკუთარი ძალები! შესაბამისად, აუცილებლად უნდა მოხდეს გაერთიანება!


რაც შეეხება საქართველოს თემას ამ გლობალური პროცესების განვითარების კონტექსტში - იგივე პარიზის კლიმატური ცვლილების კონფერენციის, ასევე ბრიუსელში „ნატოს“ მინისტერიალის ჭრილშიც თუ განვიხილავთ, ბუნებრივია მეტია მოლოდინი იმისა, რომ საქართველო, რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩაერთოს მსოფლიო უსაფრთხოების საყოველთაო კონტექსტში!


-რამდენადაც ვიცით, რუსეთი თურქულ პროდუქციაზე 2016 წლის 1 იანვრიდან, ემბარგოს აწესებს.


რა გავლენას მოახდენს ეს რუსეთ-თურქეთის და შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკაზეც?


-ამ ვითარებაში, შესაძლოა საქართველომ გააძლიეროს ეკონომიკური კავშირი, თუნდაც იგივე რუსეთთან. ჩვენ არ ვართ იმის წინააღმდეგი, რომ რუსეთთან გვქონდეს ეკონომიკური კავშირები და საქართველოს მოსახლეობამ, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკამ და ბიუჯეტმა შემოსავალი მიიღოს. მაგრამ ეს არ უნდა გავაიგივოთ რუსეთთან საგარეო პოლიტიკასთან!


გასათვალისწინებელია, რომ რუსეთთან რბილი პოლიტიკის საფუძველი შეიძლება ეკონომიკა გახდეს და ძნელი აღმოჩნდეს იმ გამყოფი ხაზის მოძებნა, რომელიც აგვაცილებს რუსეთის ე.წ. რბილი პოლიტიკის გავლენას. რუსეთს ძალიან კარგად შეუძლია ეკონომიკაში ე.წ. რბილი პოლიტიკა, ზოგად საგარეო პოლიტიკაშიც გამოიყენოს. ამიტომ ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ, რათა  არ დავაზიანოთ ქვეყნის ინტერესები.


-ამ ბოლო დღეებში საკმაოდ აქტუალური კითხვა გაჩნდა: რუსეთ-თურქეთს შორის სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში, ვის უნდა დაუჭიროს მხარი საქართველომ?


საზოგადოების დიდი ნაწილის არგუმენტები იმდენად სუსტი და გამაღიზიანებელია, შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ჩვენ ან ისტორიული მეხსიერება გვღალატობს ან ჩვენს
 ცნობიერებას ბინდი გადაეფარა და მოვლენათა ობიექტური შეფასების განცდაც გაგვიქრა...


თქვენი კომენტარი...


-საზოგადოებაში გაჩენილი ეს კითხვები იყო ძალიან არაკორექტული და არასწორი. ამ სიტუაციაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ ვის მხარეს დაიჭერს საქართველო! საქართველომ ობიექტურობის მხარე უნდა დაიკავოს! ჩვენ უნდა ვიყოთ ევროპასთან.


დარწმუნებული ვარ, რუსეთსაც და თურქეთსაც ეყოფათ გონიერება, არ გადაზარდონ ეს დაძაბულობა უფრო ფართომასშტაბიან კონფლიქტში.


იმ ადამიანებს და იმ პოლიტიკოსებს, რომლებმაც ამ თემაზე თურქოფობიული გამონახტომებით, პოპულიზმით მოიწონეს თავი და განაცხადეს, რომ თურქეთი უფრო დიდი  მტერია და ერთმორწმუნე რუსეთის მხარე უნდა დავიჭიროთ, მინდა გავახსენო, რომ ერთმორწმუნე რუსეთს უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი საქართველოს მიმართ!


ის, რაც იყო თურქეთთან მიმართებაში, ეს საუკუნეების წინ იყო! დღეს, საქართველოს ნომერ პირველი მტერი და ოკუპანტი ქვეყანა - რუსეთია!


ამიტომ, საკითხის ასე დაყენება არასწორია. ასეთი პროპაგანდაც არაა სწორი! ეს არის ურაპატრიოტიზმი, რომელიც არანაირ სიკეთეს ჩვენს ქვეყანას არ მოუტანს!


-მოდით, გლობალურ თემას გადავუხვიოთ და ისევ საქართველოს დავუბრუნდეთ...


როგორ აფასებთ, პარლამენტის კომიტეტებში განსახილველად ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციული ოლქების გამსხვილებას ითვალისწინებს...


ზოგადად, რა აზრის ხართ მაჟორიტარული არჩევნების პრინციპზე?


-მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ სწორედ იმ ადამიანებთან ერთად, ვინც დღეს ხელისუფლებაში არიან - ზვიად ძიძიგურთან, ეკა ბესელიასთან, მანანა კობახიძესთან და ყველა იმ ადამიანთან ერთად, რომლებიც დღეს „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენენ, ჩვენ ვიბრძოდით საიმისოდ, რომ საარჩევნო სისტემა შეცვლილიყო. კარგად გვახსოვს „ქართულ ოცნებას“ დაპირებები, მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასთან დაკავშირებით! სწორედ „ქართულ ოცნება“ მოიხსენიებდა წურბელებად და ფეოდალებად მაჟორიტარ-დეპუტატებს!
ცხადია, დღევანდელი ხელისუფლების ინტერესი, 2016 წლისთვის არ შეიცვალოს  არჩევნების სისტემა და დარჩნენ მაჟორიტარული ოლქები - სწორედ ის ინტერესებია, რაც თავის დროზე ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“!


მაჟორიტარული არჩევნები ხელისუფლებისთვის უმრავლესობის შენარჩუნების საშუალებაა. ის დოკუმენტი, რომელიც დღეს ხელისუფლებამ შემოგვთავაზა ე.წ. „დაჩეხილი“ საქართველო - სერიოზულ სახელმწიფოებში, სერიოზული განხილვის საგანი ვერ გახდებოდა. დაჩეხეს სწორედ ის ოლქები, სადაც ნაკლები შანსები აქვთ და გაამსხვილეს ისინი, სადაც მეტი შანსები აქვთ! დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობა ამ შემოთავაზებული დოკუმენტის საქმის კურსში არაა.


ამიტომ, სანამ არის დრო, ჩვენ ხელისუფლებას შევთავაზეთ ორი კონსტრუქციული და ადეკვატური წინადადება. ე.წ. გერმანული მოდელი და მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები, ეს არის ის ვარიანტები, რომლებითაც საკონსტიტუციო ცვლილებების გვერდის ავლით მივიღებთ იმას, რაც სჭირდება საქრთველოს! ხელისუფლებას ორივე მოდელი გავაცანით. ახლა უკვე ბურთი მათ მოედანზეა და მათი გასათვალისწინებელია, თუ რა სჯობს  - სახელმწიფო ინტერესების , თუ საკუთარი ინტერესების დაცვა...


-ქართული მხარე კიდევ ერთხელ „პირში ჩალა-გამოვლებული“ დარჩა...


საქართველოს ნატოს კარები კიდევ ერთხელ მიუხურეს და მონტენეგროსავით იღბლიანი არ აღმოვჩნდით.


თქვენი აზრით, ყველაზე მეტად ხომ არ თამაშობს აქ რუსეთის ფაქტორი და ჩვენ მუდმივად საზღაპრეთში გვამყოფებენ?


-ბუნებრივია ის, რომ მხოლოდ მონტენეგრომ მიიღო და საქართველომ არა, ეს შესაძლოა ვიღაცეებისთვის ნიჰილიზმის საფუძველი გახდეს. პრორუსულად გაბწყობილი პოლიტიკური სააგენტოები, რომლებიც რუსეთის მხრიდან ფინანსდებიან, არ იშურებენ ძალისხმევას, მოსახლეობამ დაიჯეროს, რომ საქართველოს არასოდეს არ გახდება ნატოს წევრი!


ჩემი აზრით, ბრიუსელში „ნატომ“ მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ მზადაა გაფართოებისთვის, ესაა რაღაც შანსები საქართველოსთვის - უახლოეს მომავალში შევაღოთ ნატოს კარი!
ცხადია, რუსეთის ფაქტორს დიდი მნიშვნელობა აქვს. უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ეტაპზე საქართველოსთვის ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებაში, დიდი მნიშვნელობა აქვს არაღიარების პოლიტიკას. უნდა შეგვეძლოს იმის შეფასება, თუ ვინაა ნამდვილი მტერი და ვინ მოყვარე.


ბუნებრივია, ჩვენ უნდა გვქონდეს მოლოდინი, მიზანსწრაფვა და მოთმინების უნარი, რათა ნაბიჯ-ნაბიჯ ვიაროთ ნატოსკენ და ევროპული გაერთიანებისკენ!
    

           ესაუბრა კარინა გრიგორიანი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: