იზა ვეფხვაძე: ნუთუ მართლა ვინმე ფიქრობს, რომ უწმინდესს სახელმწიფო ბერკეტების ხელში ჩაგდება სურს?!
პატრიარქის გუშინდელ ინიციატივას ძალიან ბევრი თანამოქალაქე გამოეხმაურა. მათ შორის არიან ათეისტებიც და მორწმუნეებიც, ყოფილი და დღევანდელი ხელისუფლების ჩინოვნიკები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ ეს მხოლოდ პატრიარქის კეთილი ნების გამოხატულებაა და ასეთი გაუკუღმართებული შეფასებები არ უნდა მოჰყოლოდა
გთავაზოთ, ხარაგაულის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელის, რიგითი მრევლის, ქალბატონ იზა ვეფხვაძის დამოკიდებულებას აღნიშნული ინიციატივის მიმართ:
„ეს რა ისტერიკა მოჰყვა პატრიარქის კეთილი ნების სიტყვიერ გამოხატულებას - ნუთუ მართლა ვინმე ფიქრობს, რომ უწმინდესს სახელმწიფოს ბერკეტების ხელში ჩაგდება სურს?! ნუთუ მართლა ვინმე ფიქრობს, რომ მან ეს წინასწარგანზრახვით, ქვემიზნებით და ქვეტექსტების გათვალისწინებით თქვა?!
ვაი, საცოდავო ქვეყანა - უწმინდესს ადამიანების სიყვარულს და კეთილ ზრახვებს უწუნებენ და აკრიტიკებენ... არადა საკრიტიკებელი განა ცოტაა ამ ქვეყანაში - კაცთმოძულეობამ და ზიზღმა ლამის წალეკოს საქართველო... სადაცაა ამ ქვეყნის მორალად და თეზად იქცევა: ტაში ჯალათებს, მყვლეფავებს, მეძავებს, უნიჭოებს, კოსმოპოლიტებს, მედროვეებს...
ძირს: პატიოსნება, რწმენა, ღირსება, გონება, აზროვნება!
ამ მორალის შემოქმედთა მთავარი სამიზნე უწმინდესია... ჩვენც ხშირად უნებლიედ ამ ხაფანგში ვებმებით...
ცხადია, ტაბუდადებული თემები ნამდვილად არ უნდა არსებობდეს, მაგრამ არის ფაქიზი თემები, რომლებიც სიყვარულით, ურთიერთმიტევებით და ურთიერთპატივისცემით უნდა იხილებოდეს... ისე, რომ მტრის და ავისმოსურნის წისქვილზე არ ასხამდეს წყალს...
და ასე ნელ-ნელა, ჩვენივე დაუკვირვებლობით, სულსწრაფობით, ნიჰილიზმით, ვიქეცით იმ ქვეყნად, სადაც უკვე ხმამაღლა გვმოძღვრავენ: რომ სამშობლოს სიყვარული სირცხვილია!“