რა გაკეთდა ერთი წლის განმავლობაში?
„ერთი წლის განმავლობაში 1 მლნ კვადრატულ მეტრამდე გზა დაიგო, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ნებისმიერი სხვა წინა წლის მაჩვენებელს“- აღნიშნული განცხადება, თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ წლის შედეგების შეჯამებისას გააკეთა.
„ქალაქის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, აქცენტი გაკეთდა ინფრასტრუქტურის ფუნდამენტურ მოწესრიგებაზე. მიმდინარეობს გზების კაპიტალური მშენებლობა. ამ დროისათვის დასრულებულია შემდეგი ქუჩების კეთილმოწყობა - ელბაქიძის ქუჩა (ელბაქიძის აღმართი), თამარ მეფის გამზირი, თამარაშვილის ქუჩა, კოჯრისა და სამადლოს გზის მონაკვეთი, თბილისი-წყნეთის დამაკავშირებელი გზა, თბილისის ზღვის შემოვლითი გზა (11 კმ), მეტეხის საგვირაბე კომპლექსის გაგრძელებაზე არსებული ხიდები, მდინარე დიღმულაზე არსებული ხიდი და სხვა... გრძელდება მუშაობა ბარათაშვილის, ზაჰესის და მუხათგვერდების ხიდების მოდერნიზაციაზე“,- განაცხადა ნარმანიამ
მისივე თქმით, სხვა ახალი გზების მშენებლობის პარალელურად, იწყება პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენის ღონისძიებები.
„2014 წელს, ხელისუფლების ცვლილებამდე შეჩერებული იყო საგზაო და სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ტენდერების გამოცხადება. გაფორმებულ ხელშეკრულებებეში კი, არ იყო დამკვეთის უფლებების დაცვის მყარი გარანტიები, რაც სამუშაოების ხარისხს ეჭვქვეშ აყენებს. ახალი ტენდერების გამოცხადებასა და არსებული ხელშეკრულებების ხარვეზების გამოსწორებას დასჭირდა კანონმდებლობით დადგენილი ვადები, ამიტომ სამუშაოების წარმოება მხოლოდ 2014 წლის ბოლო სამი თვის განმავლობაში მოესწრო. საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2014 წლის ბოლო 3 თვეში, უტოლდება წინა ხელისუფლების პირობებში 2014 წლის პირველი 7 თვის განმავლობაში ამავე ტიპის სამუშაოებში ბიუჯეტის ათვისებას“, - განაცხადა ნარმანიამ.