ვის ჩაუშვებს ოქრუაშვილი?!

ვის ჩაუშვებს ოქრუაშვილი?!

რამდენიმე დღეა აჟიოტაჟი არ ცხრება ირაკლი ოქრუაშვილის გარშემო. მართალია, მას ბევრ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა, მაგრამ სხვებსაც ბევრ პრობლემებს შეუქმნის. სიტყვა "ბევრში" სააკაშვილის მაღალჩინოსნები იგულისხმებიან, რომელთაც საქართველოში დაბრუნებით ანგელოზი ნამდვილად დაუფრთხო. არ არის გამორიცხული, სერიოზული კომპრომატები დადოს პრეზიდენტ სააკაშვილზეც, რომელიც ახალ ხელისუფლებას მისი ვადაზე ადრე განეიტრალების, ანუ პრეზიდენტის პოსტიდან ჩამოცილების საშუალებას მისცემს.


ოქრუაშვილის ადვოკატები უკვე მიანიშნებენ იმაზე, რომ ექსმინისტრმა და ექსგენპროკურორმა შესაძლოა ზურაბ ჟვანიას და ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობებს ახადოს ფარდა. ეს კვალი კი, არც მეტი, არც ნაკლები, თავად მიხეილ სააკაშვილამდე მივა, რომლის პოლიტიკური ნების გარეშე ასეთ სერიოზულ ფიგურებს ვერ მოიშორებდნენ.
ამბობენ იმასაც, რომ ოქრუაშვილი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაასახელებს სცენარის ავტორებსა და შემსრულებებს, თუ მას სათანადო გარანტიები ექნება და დაინახავს, რომ ახალი ხელისუფლება დაინტერესებულია ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრებით და დამნაშავეთა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემით.


არიან ისეთებიც, რომლებიც ყურადღების არაარსებით საკითხებზე გადატანას ცდილობენ და ამბობენ, რომ ოქრუაშვილი სააკაშვილის თამაშს თამაშობს. ამის არგუმენტად 20 ნოემბერს დანიშნულ ოქრუაშვილის სასამართლო პროცესზე სააკაშვილის ძმის მისვლას ასახელებენ.


ერთი რამ უდავოა: ოქრუაშვილმა იცის, როგორ იყაროს ჯავრი თავის ყოფილ თანაგუნდელებზე და როგორ გადაირჩინოს საკუთარი ტყავი, ანუ წყლიდან ნახევრადმშრალი როგორ გამოვიდეს!


მან რამდენჯერმე მოინდომა მოესხა გმირის მანტია, როცა საზოგადოებას არწმუნებდა რომ სააკაშვილის ხელისუფლებას დაამთავრებდა, მაგრამ არ გამოუვიდა. ოქრუაშვილს ახლა ნამდვილად აქვს შანსი, გახდეს "ჩვენი დროის გმირი" – დააღოს პირი და ჩასაშვები ჩაუშვას, რითაც "ნაციონალების" პარპაშს და უტიფრობას საბოლოოდ დაუსვას წერტილი.
საინტერესოა, ვის ჩაუშვებს ოქრუაშვილი?! 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: