ჯუმბერ კირვალიძე: თუ ხიდაშელს თანამდებობიდან არ გადააყენებენ, შეიძლება ქვეყანა საომარ მდგომარეობამდე მიიყვანოს!

ჯუმბერ კირვალიძე: თუ ხიდაშელს თანამდებობიდან არ გადააყენებენ, შეიძლება ქვეყანა საომარ მდგომარეობამდე მიიყვანოს!

 

ფეისბუქ-სტატუსში თინა ხიდაშელის მისამართით გამოთქმულ მწვავე განცხადებაზე, „ივერიონთან“ კომენტარს აკეთებს, პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე.

 

-ბატონო ჯუმბერ, თქვენ გააკეთეთ განცხადება იმის თაობაზე, რომ თუ თინა ხიდაშელი არ გადააყენეს თანამდებობიდან, მისი ბოლო დროინდელი ოფიციალური განცხადებები საომარ მდგომარეობამდე მიიყვანს ქვეყანას...

 

რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?

 

-ჩემს მიერ გაკეთებულ განცხადებაში, მოყვანილი მაქვს ციტატები, ხიდაშელის მიერ Washington Times -სთვის მიცემული ინტერვიუდან. ვფიქრობ, იქ მოყვანილი ციტატები სრულიად საკმარისია, საიმისოდ, რომ ასეთი დასკვნა გამეკეთებინა.

 

გარდა Washington Times-ის ინტერვიუში გაკეთებული განცხადებებისა, ასევე გავიხსენოთ მისი ადრინდელი განცხადებებიც. იგივე, რუსეთის პრეზიდენტის მიმართ გაკეთდა განცხადება, ლამის საბრალდებო სკამზე დასმასთან დაკავშირებით...

 

საქმე იმაშია, რომ მე - ქვეყნის რიგითმა მოქალაქემ, რომლის ქვეყნის ოკუპაციას ახორციელებს რუსეთი, რად მინდა წამოვროშო დამსახურებული თუ დაუმსახურებელი ოკუპანტი მეზობელი ქვეყნის პირველ პირებზე და მთლიანად ქვეყნის მიმართ. მინისტრი, რომელიც ამბობს, რომ - რუსეთს რაღაცა სანქციებით ვერაფერს ვუზამთ, ისინი მეორე მსოფლიო ომის დროს 9-10 დღე კატებს და ვირთხებს ჭამდნენო. ასეთ განცხადებებს ადამიანი, რომ გააკეთებს,  სირცხვილია ასეთი ადამიანის სახელმწიფო სამსახურში დატოვება, მითუმეტეს, ისეთ მაღალ პოსტზე, რასაც თავდაცვის მინისტრი ჰქვია!

 

ფაშისტურმა გერმანიამ ათეულ მილიონობით ადამიანი გაწყვიტა, მაგრამ, დღეს ევროპაში ვერავის ნახავთ, რომ რაღაცა ამდაგვარი თქვას მთლიანად გერმანელ ერზე და ის იმწუთშივე არ გაანთავისუფლონ დაკავებული თანამდებობიდან!

 

ჩვენ ევროპისკენ მივდივართ და ევროპული მენტალიტეტით ვცხოვრობთ. შესაბამისად ეს, რაღაც გამოქვაბულიდან გამოსულს გავს, რომელიც ძალიან თავაშვებულად იქცევა. ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს სააკაშვილის რეჟიმს და ადრეულ სააკაშვილს!

 

დღეს ეს ყველაფერი ძალიან საშიშია ქვეყნისთვის. რუსეთი დღეს ოკუპანტი ქვეყანაა, ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უფრო უნდა გამოვიწვიოთ. პირიქით, უნდა ვეცადოთ, რომ დიალოგის რეჟიმით და რაღაც კონტაქტებით მივიდეთ სჯა-ბაასამდე. არ გვარგებს ასეთი გამომწვევი განცხადებები. 

ჩვენ ვხედავთ, თუ რა პოზიციები უკავია რუსეთს თავისი საომარი ხერხებით იგივე სირიაში, ან უკრაინაშიც. მსგავსი გამომწვევი განცხადებებით გამოდის გვინდა მესამე საომარი თეატრი გავახსნევინოთ?!

 

იგივე Washington Times-ის მიცემულ ინტერვიუში, თვითონვე ამბობს ხიდაშელი: არა აქვს იმის იმედი, რომ თუ მოხდება რუსეთის აგრესია ნატოს მხრიდან ჯარების რიგი დადგება ჩვენს დასაცავად. თუ კი მას ამდენი ესმის, გაუგებარია რატომ აკეთებს მსგავს განცხადებებს?! გამოდის ქვეყნის გაწირვა უნდა და საქართველო საცდელი პოლიგონი უნდა გახდეს. ვიტყოდი, რომ ეს არის სრულიად გაუწონასწორებელი ადამიანი! 

 

როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე, დაჟინებით მოვითხოვ ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან მის განთავისუფლებას! ქვეყნის ხელმძღვანელობას დაეკისრება პასუხისმგებლობა, თუ ამ ქალბატონის ასეთი გონიერების ორბიტიდან გასულმა განცხადებებმა ახალი საომარი სიტუაცია შექმნას საქართველოში!

 

თავდაცვის მინისტრობა ესაა საპასუხისმგებლო თანამდებობა, შესაბამისად მსგავსი განცხადებების გაკეთება სრულიად მიუღებელია!

 

           ესაუბრა კარინა გრიგორიანი

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: