მაკა ლურსმანაშვილი: თუ ახლა გავჩუმდებით, ხვალ შესაძლოა აქლემმა ყველა ჩვენგანის კართან დაიჩოქოს!
„ივერიონმა“ საჩხერელი პედაგოგის, მაკა ლურსმანაშვილის წერილი მიიღო. იგი პროტესტს გამოთქვამს განათლების სისტემაში არსებული სადამსჯელო ღონისძიებების გამო და სოლიდარობას უცხადებს პროვოკაციული მეთოდებით განთავისუფლებულ კოლეგას, დავით ფერაძეს.
„ივერიონი“ უცვლელად ბეჭდავს მაკა ლურსმანაშვილის წერილ-მიმართვას საქართველოს პედაგოგებისადმი.
„გახლავართ პედაგოგი. ამჯერად საჩხერეში ვცხოვრობ. ვფიქრობ, სიმბოლურია, ამ განცხადების ინიციატივა სწორედ საჩხერიდან რომ წამოვიდა (იმედია, მიმიხვდებით, თუ რატომ) აღშფოთებული ვარ იმ მოვლენებით, რაც პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელის, ჩვენი კოლეგის დავით ფერაძის გარშემო ვითარდება.
ალბათ, ფერაძისადმი ასეთი ხისტი ბრძოლა მთავრობისგან არაა მოულოდნელი. ამით დასტურდება, რომ დემოკრატია, სინამდვილეში კვლავ ფასადურია.
უფრო მეტად გაოგნებულები ვარ ათიათასობით მასწავლებლის ყოვლადწარმოუდგენელი დუმილით და პროტესტის უქონლობით, იმ ადამიანებისა, რომელთა უფლებებისთვის, კეთილდღეობისთვის, ინტერესებისთვის წლების მანძილზე დაუღალავად, შეუპოვრად და უშიშრად იბრძვის დავით ფერაძე.
სწორედ ამ ერთი პედაგოგის ბრძოლის შედეგია, რომ მიზერულად, მაგრამ მაინც რომ მოუმატეს მასწავლებლებს ხელფასი. ერთ პედაგოგსაც არ აღუნიშნავს ეს. ერთსაც არ დაცდენია მადლობა! ადვილია, ხო, სხვისი ხელით ნარის გლეჯვა?!
დღეს, ეს ადამიანი, ორი მცირეწლოვანი შვილის მამა, სრულიად დაუნდობლად, სრულიად შეუბრალებლად გაწირა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ. აღარავისთვის არ წარმოადგენს სიახლეს, რომ ფერაძე ისჯება სიმართლისთვის, კრიტიკულობისთვის, ჩვენზე ზრუნვისთვის.
ის, ვინც გვიცავდა, თავად გახდა დასაცავი არა მარტო თვითონ, არამედ მისი ოჯახი. და ამ დროს, რას ვაკეთებთ ჩვენ, საქართველოს პედაგოგები? რატომ არ ვტეხთ განგაშს?
ფერაძე რიგითი, ჩუმი პედაგოგიც რომ ყოფილიყო და მისთვის შეთითხნილი ბრალდებები რეალურიც რომ ყოფილიყო, მაშინ გვმართებდა კოლეგის გვერდში დგომა და ახლა მითუმეტეს, როდესაც იერიში მიიტანეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, როდესაც სამსახურიდან გაათავისუფლეს ჩვენთვის მებრძოლი ადამიანი და, როგორც ვეჭვობთ, არის მასზე ფიზიკური ანგარიშსწორების საშიშროებაც.
ცნობილია, რომ დავით ფერაძე უდიდესი სიყვარულით და პატივისცემით სარგებლობს მოსწავლე-ახალგაზრდობაში.ეს კარგად გამოჩნდა სატელევიზიო ეთერით, ამის დადატურებაა სოციალური ქსელები.. რამდენადაც ცნობილია, უამრავი მშობელი ითხოვს დავით ფერაძის დაბრუნებას სკოლაში. მათ არერთ უწყებას მიმართეს დახმარებისთვის. ფერაძის გათავისუფლებით, უპირველესად, ბავშვების ინტერესებს დაუპირისპირდნენ! და ამ დროს პედაგოგების დუმილი სამარცხვინოა!
მაშინაც კი ვდუმდით, როდესაც კაცი, საკუთარი სკოლის წინ სიკვდილის პირას მივიდა და სასწრაფო დახმარებამ რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანა! უფრო მეტად გასაოცარი 116-ე საჯარო სკოლის პედაგოგების საქციელია! სირცხვილი თქვენ! როგორ უნდა გამოყოს თავის იმ ორიოდე მასწავლებელმა, რომელმაც სკოლის დირექტორის უზნეო მითითება შეასრულა და ფერაძის საწინააღმდეგოდ უზნეოდ მოიქცა! მასწავლებელი და ამხელა ტყუილი?! მასწავლებელი და ამხელა დაუნდობლობა?!
როგორ გძინავთ?! როგორ არ გაწუხებთ, ამხელა საშვილიშვილო ცოდვა-სირცხვილი რომ აიკიდეთ? საქვეყნოდ გამოჭენდით... მაგრამ, ალბათ არ გაწუხებთ, თორემ ასეთ საქციელს ხო არ ჩაიდენდით?
მაგრამ, დანარჩენმა მასწავლებლებმა რა გააკეთეთ კოლეგის სოლიდარობისთვის? ან გათავისუფლების დროს, ან მაშინ, როდესაც კაცი კვდებოდა სიცივეში?! მშვიდად უყურებდით ფანჯრებიდან? იქნებ არ უყურებდით მშვიდად, მაგრამ ვერ ბედავდით გვერდში დგომას?! მაგრამ ეს გაუბედაობა საპატიებელია?! პოლიციის კორდონმა შეგაშინათ თუ თქვენი სკოლის სიაყალბის გამკეთებელმა დირექტორმა? მაშინ, იმ მშობლებზე რას იტყვით, ერთსაც რომ ყოჩაღად ეწინააღმდეგებიან და მეორესაც?!
გაოცებას ვერ დავმალავ ბავშვების სოლიდარობით. ჩემს გარშემო სულ მათზეა ლაპარაკი. მათი მომზადებული ვიდეოკლიპი ვნახე, სათაურით: “რატომ მოხსნა სანიკიძემ ფერაძე“ აღვფრთოვანდი და ამეტირა. იმედი მომეცა, რომ ეს მამაცი თაობა არ დაიკარგება. და თქვენ, პედაგოგებო, ვერ დამაჯერებთ, რომ არ გინახავთ ეს ვიდეოკლიპი, მაგრამ ვერსად ვიპოვე ვერც ე.წ. მოწონება და ვერც გაზიარება. ნეტავ, თქვენს გულში ჩამახედა, სინდისის ქენჯნა თუ გაწუხებთ, მე კარგად მახსოვს, რომ ფერაძე, წინა ხელისუფლებაში ერთადერთი პედაგოგი გახლდათ, ვინც კრიტიკული გამოსვლებით გამოირჩეოდა. მან გაბედა და ერთადერთმა მასწავლებელმა საჯაროდ გააპროტესტა პატიმართა წამება. მაშინაც დუმდნენ მასწავლებლები. და ეს დუმილი გრძელდება უსასრულოდ. დუმილი შიშის გამო?! სირცხვილია მასწავლებლის შიში! დიდი სირცხვილი! თან იმ დროს, როდესაც ადამიანს სწორედ ჩვენ გამო სჯიან!
აბა, რაღას ვასწავლით მომავალ თაობას, რა ფასეულობებს ვუნერგავთ, თუკი ჩვენი ქმედებით შიშსა და გულგრილობას გამოვხატავთ! რას ვეუბნებით იმ მოსწავლეებს, ამ ქარსა და ყინვაში ფერაძის გვერდით რომ იყინებოდნენ და თვალცრემლიანებმა გააცილეს თავისი მასწავლებელი სასწრაფო დახმარებით! რისი გვეშინია? სამინისტროს მსტოვრები თავს არ დაესხას სკოლებს და კომპრომატები არ ამოგვიქექონ ფერაძის სოლიდარობის საპასუხოდ?!
ეს შიში ხომ სამარცხვინო ლაქად დაემჩნევა ჩვენ ბიოგრაფიას?! მერე, რა, ფერაძეს სიბინძურეები დასწამეს, მაგრამ, ამის ვის სჯერა?
სანიკიძემ გაუშვა დათო ფერაძე, მაგრამ ეს პედაგოგი მორალურად გამარჯვებულია, სანიკიძისა და მისი გუნდის რეიტინგი კი განულდა!!!
უნდა გავითავისოთ ყველამ, რომ თუ ახლა გავჩუმდებით,ხვალ, “ამ აქლემმა შესაძლოა ყველა ჩვენგანის კართან დაიჩოქოს“ მივმართავთ სრულიად საქართველოს პედაგოგებს: დროა, ავიმაღლოთ ხმა და დავუდგეთ გვერდში ჩვენ კოლეგას! დავუდგეთ, თუნდაც ჩვენივე იმიჯის გადასარჩენად, ბავშვების სუფთა სისნდისის წინაშე რომ მართლები ვიყოთ, თუნდაც ამისთვის!
მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, დაუბრუნოს სკოლას და ბავშვებს დავით ფერაძე!“
მაკა ლურსმანაშვილი
პედაგოგი