ვისი სახელები დაასახელა ზვიად ქორიძემ მთავარ პროკურატურაში დაკითხვისას?
"მე დავასახელე პარლამენტის წევრები, საჯარო პირები და ადვოკატები", - აღნიშნული განცხადება, შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ მთავარ პროკურატურაში რამდენიმესაათიანი დაკითხვის დასრულების შემდეგ გააკეთა.
ქორიძის განცხადებით, მან გამოძიებას პარლამენტის დეპუტატებზე, საჯარო პირებსა და ადვოკატებზე მიაწოდა ინფორმაცია. მისივე თქმით, ზეწოლის ფაქტები მის მიმართ არ ყოფილა, მაგრამ იმ ფაქტებზე, რაზეც ალეკო ელისაშვილი საუბრობდა, არაჯანსაღი ინტერესი შემდეგაც გაგრძელდებოდა.
„პროკურატურაში ზღაპრებს ხომ არ მოვყვებით. დაკითხვასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ კონკრეტულ ფაქტებზე და ვისაუბრეთ კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე. მე გავაკეთე განცხადება, რომ იმ კონკრეტული ფაქტების გამო, რაზეც საუბრობდა ბატონი ალეკო, არაჯანსაღი ინტერესი მერეც გრძელდებოდა-მეთქი. მე დავასახელე პარლამენტის წევრები, საჯარო პირები და ადვოკატები,“ - აცხადებს ზვიად ქორიძე.
შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ზეგავლენით ვაჭრობას გულისხმობს. გამოძიების დაწყების საფუძველი შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის განცხადება გახდა, რომლის ინფორმაციითაც, "ქართული ოცნების" ზოგიერთი მაღალჩინოსანი კონკრეტული პატიმრების შეწყალებით არის დაინტერესებული, რის გამოც ისინი შეწყალების კომისიის თავმჯდომაროების პერიოდში მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ.