დავით სალია: დავით ფერაძის განთავისუფლება თამარ სანიკიძის ფიასკოს ფინალია, ანუ, განათლების სისტემა სულს ღაფავს!

დავით სალია: დავით ფერაძის განთავისუფლება თამარ სანიკიძის ფიასკოს ფინალია, ანუ, განათლების სისტემა სულს ღაფავს!

დავით ფერაძის განთავისუფლება და ამ სამარცხვინო ფაქტზე საზოგადოების დუმილი განათლების სისტემის ღრმა კრიზისის გამოხატულებაა. 

 

ფერაძე ერდადერთი  „მოქმედი“  მასწავლებელი იყო  (ვგულისხმობ საჯარო სკოლაში დასაქმებულობას, თორემ  ცნება  “მოქმედი“  და არამოქმედი არ არსებობს, მასწავლებელი მასწავლებელია, სადაც არ უნდა იყოს), ,რომელიც მასწავლებელთა მრავალათასიანი შემადგენლობიდან უშიშრად, მამაცურად და დაუფარავად ამხელდა სისტემის მანკიერებას და უკანონო ქმედებებს, რაც ვერ აიტანა პირადად სანიკიძემ და ზოგადად ხელისუფლებამ. 

 

ქვეყანა, რომლის განათლების სისტემა ვერ იტანს დავითისნაირ ადამიანებს, განწირულია გაუნათლებლობისთვის. სისტემა დარჩა ბოლშევიკურ-„კაგებეშნიკურ“ რელსებზე. მის სერიოზულ გარდაქმნაზე არც არავის უფიქრია, თუ არ ჩავთვლით ცალკეულ „გამონათებებს“. მაგრამ ეს გამონათებები საკმარისი არ აღმოჩნდა თანამედროვე გამოწვევების საპასუხოდ. დარჩა უამრავი “შავი ხვრელი“, რომელიც სანიკიძემ და ზოგადად, ხელისუფლებამ კარგად გამოიყენა პროფესიული კადრების დევნისთვის, თავისუფალი აზრის ჩასახშობად, ნეპოტიზმისთვის, კორუფციისთვის და მასობრივი ჩუმი ტერორისთვის! 

 

აქ არ შეიძლება განათლების სისტემა ცალკე აღებულად განვიხილოთ, ეს დაუჯერებელია. ამ ყველაფერში ჩართულია ყველა სახელისუფლებო ბერკეტი: „სუსი“, რომელსაც ლომის წილი აქვს ამ ყველაფერში; ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოები; სასამართლო; პარლამენტი თავისი განათლების კომიტეტით... მოკლედ მთელი დაბინძურებული “ბუკეტი“. სისტემა ყარს თავისი ხრწნადობით. 

 

ფერაძის განთავისუფლებას წინ უძღოდა მთელი რიგი ღონისძიებები რომელიც სცილდება როგორც მორალურ, ისე კანონის ფარგლებს. ეს იყო ურთულესი ბრძოლა. რამდენიმე თვე ვიყავი ფერაძის გვერდით და ბიუროკრატიის შემოტევას ერთად ვებრძოდით. მეგობრები ურჩევდნენ ხოლმე, რომ თავი შეეკავებინა, რომ შესაძლოა მის ფიზიკურ განადგურებაზეც წასულიყვნენ. სანიკიძის გახრწნილი ბიუროკრატიიდანაც აღწევდა ასეთი ხმები. 

 

როგორც ეკლესიური ადამიანი, ფერაძე მუდმივად თვლიდა და ახლაც თვლის, რომ ქრისტიანი ადამიანის ვალია მხილება, რომ ბოროტებას არც უნდა შეეკრა და არც უნდა დაუჩოქო. 



ძალიან ვწუხდით, რომ პედაგოგთა ამხელა არმია შიშის ქვეშ იყო და თითქმის ვერავინ ვერ ბედავდა მხარში დადგომოდა სამართლიანობისთვის ბრძოლაში! 

 

იმართებოდა შეხვედრებიც, მაგრამ შეხვედრების მერე პედაგოგებს ირიბად ან ფარულად აშინებდნენ და შემდეგ სათოფეზე გაკარებასაც ვეღარ ბედავდნენ. ჩვენ ვწუხდით იმიტომ, რომ ეს იყო უსაფუძვლო შიში. მთავარი, რასაც ფერაძე ითხოვდა და ითხოვს, ესაა მასწავლებლისთვის ღირსეული ანაზღაურება. სიმართლე გითხრათ, მრავალჯერ მითქვამს, რომ მასწავლებელი, რომელიც ვერ ბედავს თავისივე პრობლემის გამო ჩუმად მაინც დაგიდგეს-მეთქი მხარში, ის არაცაა ღირსი, რომ ხელფასი მოემატოს. 

 

ეს მოსაზრება დავითის გათავისუფლების შემდეგ უფრო გამიმყარდა, როდესაც ამხელა ქვეყანაში ერთმაც ვერ გაბედა, ორიოდე სიტყვა შეეწია უსამსახუროდ დატოვებული ადამიანის სასარგებლოდ!..

 

დავით ფერაძის ბრძოლა არ იყო უშედეგო. მან ფარდა ახადა სანიკიძე-ონოფრიშვილის შავ-ბნელ საქმიანობას და ქვეყანას კი არა, მსოფლიოს დაანახა მათი და შესაბამისად, მთელი მთავრობის ნამდვილი სახე. სანიკიძის, როგორც მინისტრისა და როგორც პიროვნების ფიასკო, ახლა კი არა, რამდენიმე თვის წინ მოხდა და ამ ფიასკოს ავტორი სწორედ დავით ფერაძეა. 

 

ამიტომ, გაბანკროტებულმა ბიუროკრატიამ რევანში ფიასკოსთანავე აიღო - გაჩაღდა უბინძურესი კამპანია და 116-ე საჯარო სკოლის დირექტორის ბატონი დიმიტრი მეჭურჭლიშვილის განთავისუფლებაც ამ კამპანიის ნაწილია. 



ამ სკოლაში იყო პედაგოგი ფერაძე. ბატონი დიმიტრი არ წავიდა სამინისტროს მითითებაზე - შეეკერა საქმე მის წინააღმდეგ, სამაგიეროდ,   დიდი სიამოვნებით მიიღო ეს მოთხოვნა თანამდებობისთვის აღტკინებულმა ვინმე ღაჭავამ. იმის მიუხედავად, რომ ფერაძის წინააღმდეგ ბინძურ შეთავაზებაში არ ჩართვა ერთგვარი ცდუნებაც იყო, რადგან მეჭურჭლიშვილის უკან იდგა და დგას ოჯახი, მოხუცი მშობლები, ხუთი შვილი. მათ ფინანსური შემოსავლების პრობლემა ექმნებოდათ. დიმიტრისთვის და დავითისთვისაც, ბინძური შეთავაზებისთანავე  ცნობილი იყო  რა იქნებოდა დასასრული, რომ ჯერ მეჭურჭლიშვილს შეუთითხნიდნენ ბრალდებებს, გაუშვებდნენ, ხოლო შემდეგ სიბინძურეზე გარიგებულ დირექტორს ფერაძისთვის საქმის შეკერვას დაავალებდნენ. მათ მაინც არ დაუხევიათ უკან და მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო: ალბათ, არის რაღაც სიმბოლური იმაში, რომ ორივე მათგანი 17 რიცხვში გაათავისუფლეს - მეჭურჭლიშვილი 17 ივლისს, ხოლო ფერაძე - 17 ნოემბერს. 



ჩვენ ვიცით, რომ სანიკიძის ადმინისტრაცია ხელს 116-ე სკოლისკენ იშვერს, მაგრამ ვის სჯერა ამის? ვის სჯერა, რომ პედაგოგი ორი თვის განმავლობაში გადაცდომებს სჩადის და უცებ, ერთ დღეს 5 ადმინისტრაციულ სახდელს ერთდროულად ადებენ. რომელ სკოლაში გაბედავს დირექცია ასეთი დანაშაულის ჩადენას, სანიკიძის აპარატი თუ ზურგს არ უმაგრებს?!

 

თუ ფერაძე მართლა ჩადიოდა დარღვევებს, სად იყო ადმინისტრაცია მანამდე, რატომ ტოვებდა რეაგირების გარეშე? ვინმე ღაჭავა თავადაა ამის გამო გასათავისუფლებელი, მაგრამ, მან ხომ ბინძური დავალება შეასრულა. 



საქვეყნოდაა ცნობილი, რომ მან სწორედ ამგვარი პირობით „იყიდა“ თანამდებობა. არც ღირს ასეთ ადამიანზე ლაპარაკი, რომ არ მეხილა მისი საჯაროდ „გამოჭენება“ და მისდამი მოსწავლეების დამოკიდებულება. კი ვიცი, რომ ნეპოტიზმის პირობებში პროფესიონალიზმის დეფიციტია, მაგრამ მთლად ასეთიც თუ იყო, არ მეგონა. ტელევიზიით რომ არ მენახა, ალბათ, ძნელი დასაჯერებელი იქნებოდა, რომ  სანიკიძე ასეთნაირებს ეყრდნობა. მოსწავლეები (თუნდაც „გამოყენებულები“, როგორც თავს იმართლებს ხოლმე სანიკიძის უწყება) საჯაროდ ეძახდნენ, სკანდირებდნენ „წადიო“ და სკოლაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად კი არა, ქუჩაში როგორ ყოფს თავს? აღარაფერს ვიტყვი იმ აბდაუბდობაზე, კორესპონდენტს რომ ელაპარაკა და სადაც გამოჩნდა, რომ ვერც პედაგოგობასთან და ვერც სასკოლო მართვასთან ოდნავი სიახლოვე არ ჰქონია. ნეტავ, სანიკიძეს კიდევ ბევრი ჰყავს ასეთი? მაშინ, უნდა გვიხაროდეს, რომ კიდევ უფრო დაუჩქარდათ დასასრული!   

 

არ შემიძლია, არ შევეხო 116-ე სკოლის პედაგოგებს და მოსწავლეებს. მე ვიცი, როგორ უყვართ, როგორ პატივს სცემენ ისინი დავით ფერაძეს. ჩემი რამდენიმეთვიანი ურთიერთობისას, ვხედავდი, რომ თითქმის ყოველდღე, გაკვეთილების შემდეგ გადავსებული იყო ფერაძის სასკოლო კაბინეტი, როგორც ძველი, ყოფილი, ისე ამჟამიდელი მოსწავლეებით. ბევრი მათგანი, სწორედ დავითის გავლენით შეუდგა სწავლას, ზოგიერთი დავითის შემწეობით ეკლესიურიც გახდა. ფერაძე იმის დროსაც ნახულობდა, რომ გვიან საღამოს დაინტერესებულ ახალგაზრდებს სახარებას აცნობდა და უხსნიდა და ამას ვალდებულადაც თვლიდა. ამიტომ, სრულიად ბუნებრივია მოსწავლეების სიყვარული. მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის განსხვავება კი გაბედულება-უშიშრობაშია, რომ პოლიციური ზეწოლის მიუხედავად მოსწავლეები ფეხზე დადგნენ და მხარი უშიშრად დაუჭირეს პედაგოგს. მასწავლებლებმა კი ეს ვერ გაბედეს. მე დარწმუნებული ვარ, როგორ პატივს სცემენ თავიანთ კოლეგას ისინიც, მაგრამ ვერ გაბედეს. ან წინასწარ გააფრთხილეს და დაუქნიეს თითი, ან შინაგანი გაუფრილებლობის გამო. მაგრამ, ეს არაა გამოსავალი. ეს არაა საპატიებელი და ეს უნდა გამოასწორონ. არც ახლაა გვიან. ახლაც შეგიძლიათ დაირაზმოთ, ერთად. ათი თქვენგანიც რომ შეიკრიბოს და გაფიცვა გამოაცხადოს, რისი კანონიერი უფლებაც გაქვთ, ვერავინ ვერაფერს გიზამთ? ხელფასს დაგიქვითავენ? მერე, რა თქვენი კოლეგა ხომ ბედის ანაბარად მიატოვეს! მეტს რას გიზამენ? ამით კი ძალიან ბევრს მოიგებთ ადამიანურად, მორალურად, ბავშვებშიც დაფასება დაგიბრუნდებათ და იმ თქვენ ნაყიდ თუ გაყიდულ დირექტორსაც თავის ადგილზე მიაყენებთ!   

 

ვფიქრობ, დავით ფერაძის გათავისუფლება სანიკიძის ფიასკოს ფინალია. ეს არ არის დასასრული პირიქით ეს არის დასასრულის დასაწყისი. განათლების სისტემა სულს ღაფავს. მსგავსი მეთოდებით მისი გადარჩენა შეუძლებელია. მინდა მაგალითი მოვიყვანო ისტორიიდან: როცა გერმანელებმა ომი მოუგეს ფრანგებს, ბისმარკმა განაცხადა: გერმანელმა მასწავლებლებმა აჯობეს ფრანგებსო. აი, როგორი მასწავლებელი და განათლების სისტემა სჭირდება ქვეყანას და არა ისეთი, რომელსაც საკუთარი ჩრდილისაც კი ეშინია! ჩვენმა მასწავლებლებმა ჯერ საკუთარი სისტემის შიშს უნდა აჯობონ! 

 

და ბოლოს: რამდენიმე ხნის წინ სოციალური ქსელები აჭრელდა "მე ვარ შარლი!" საფრანგეთის დროშებით. ფრანგებს ჩვენი მხარდასაჭერი არაფერი სჭირთ და, ალბათ, ვერც შეამჩნიეს იქ.  ჩვენ საკუთარს მივხედოთ.  რამდენი გაბედავს თქვას:  “მე ვარ დავითი?“ მე ვამბობ, თუმცა მე ისედაც დავითი ვარ, ვარ და ვიქნები! 

 

დავით სალია

ისტორიკოსი, პედაგოგი. 

მოსკოვი. 2015 წლის 12 დეკემბერი.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: