რა ასაკის ავტომობილებისთვის იზრდება აქციზის გადასახადი?
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებებით, 3-დან 6-წლამდე ასაკის ავტომობილები შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმში ექცევა, ხოლო 9 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის აქციზის გადასახადი იზრდება.
პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, შეღავთიან რეჟიმში მოპედებისა და მოტოციკლების აქციზით დაბეგვრა გადადის.
„მსუბუქი ავტომობილების დაბეგვრის რეჟიმი დღეს ბევრად უფრო ლიბერალურია, ვიდრე არსებული განაკვეთის შემოღების მომენტში. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია მოხდეს მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთების ცვლილება, არსებული რეალობის გათვალიწინებით. აქციზის განაკვეთების წარმოდგენილი ოდენობა მიზნად ისახავს შედარებით ნაკლები წლოვანების ავტომობილების იმპორტის ხელშეწყობას და შესაბამისად, ძველი ავტომობილების იმპორტისათვის გარკვეული ბარიერის შექმნას, მაღალი გადასახადის სახით”, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.
შსს ირწმუნება, რომ აღნიშნული ცვლილების მიზანია, შედარებით ეკოლოგიური სატრანსპორტო საშუალებების ლიბერალური დაბეგვრის რეჟიმის შემოღება.
„კერძოდ, მოტოციკლეტების, მოპედებისა და ძრავიანი ველოსიპედების საშუალო საბაჟო ღირებულებისა და მასზე დასარიცხი დამატებული ღირებულების გადასახადის ოდენობიდან გამომდინარე, შემოთავაზებული განაკვეთების პირობებში საქონლის გაფორმებისას დასარიცხი იმპორტის გადასახდელები საკმაოდ შემცირებულია. ამასთან, ვინაიდან აქციზით მხოლოდ მსუბუქი ავტომობილების კატეგორია იბეგრება, განაკვეთების გაზრდა კომერციული დანიშნულების სატრანსპორტო საშუალებებს ნაკლებად შეეხება და შესაბამისად, არ გახდება ბიზნესის განვითარების ხელშემშლელი ფაქტორი. ამრიგად, კანონპროექტის მიღება განპირობებულია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტის ავტოპარკის განახლების აუცილებლობით”, - აღნიშნავს ძალოვანი უწყება.