რა პროვოკაციას ელოდება თბილისის მერია?
თბილისის მერია შპს "ჰერმესთან" დაკავშირებით მოსალოდნელი პროვოკაციაზე საუბრობს. ამის შესახებ დღეს მერიის პრესსპიკერმა ბაჩო დოლიძემ საგანგებო განცხადება გააკეთა. .
როგორც ბაჩო დოლიძე აცხადებს, მოსალოდნელი პროვოკაციის შესახებ მერიას შპს "ჰერმესის" ყოფილმა თანამშრომელმა მიაწოდა ინფორმაცია და აუდიოჩანაწერი. „ივერიონი“ ამ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
"აუდიოჩანაწერიდან ჩანს, რომ რომ შპს "ჰერმესის" საქმიანობის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელება იგეგმება, თითქოს აღნიშნული შპს-ის მიერ ხალხის კუთვნილი სასაფლაოების გადაყიდვა და ჭირისუფლის მიერ მომსახურებისთვის გადახდილი თანხის პირად ანგარიშებზე ჩარიცხვა ხდება. ასევე, მიზნის მისაღწევად დაგეგმილია თამნამშრომლების წინააღმდეგ პროვოკაციის მოწყობა და მხოლოდ ჟურნალისტის მიერ გადასაღებად მათთვის თანხის შეთავაზება. მოწოდებული ინფორმაციით, ქალაქის მერის პოლიტიკური დისკრედიტაციის მიზნით, გარკვეული პირების, მათ შორის ჟურნალისტების მხრიდან, უკანონო ქმედებების ჩადენაა მოსალოდნელი, რომლის მიზანი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის გზით, მასობრივი აქციების ორგანიზება და საზოგადოებრივი მღელვარების პროვოცირებაა. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ადამიანების გეგმებში არის მძიმე დანაშაულის მზადების ნიშნები, როგორიცაა ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა (მუხლი 225), ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან მასში აქტიური მონაწილეობა (მუხლი 226) ან/და დანაშაულის პროვოკაცია, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციას ვუგზავნით საქართველოს პროკურატურას და ვთხოვთ, რაც შეიძლება სწრაფად დაადგინონ სიმართლე საზოგადოებისთვის ძალიან სენსიტიურ საკითხთან დაკავშირებით", -განაცხადა თბილისის მერიის პრესსპიკერმა ბაჩო დოლიძემ.
დოლიძის თქმით, მსგავსი გეგმა იმავე პირების მიერ ავტობუსების მძღოლების აქციების პროვოცირების დროს, უკვე განხორციელდა.
თბილისის მერია მოუწოდებს მოსახლეობას, არ ენდონ ამ შინაარსის ცნობებს”.