რატომ გაყარეს თბილისის ბაგა-ბაღებიდან დირექტორები?
საინფორმაციო სააგენტო „ივერიონში“, თბილისის რამდენიმე ბაგა-ბაღიდან განთავისუფლებულმა დირექტორებმა- თბილისის პირველი ლოგოპედიური ბაღის ყოფილმა დირექტორმა, ზაირა კურტანიძემ, 169 საბავშვო ბაღის ყოფილმა დირექტორმა, ფიქრია ჩახნაშვილმა, 76 საბავშვო ბაღის ყოფილმა დირექტორმა, მარინე ბეკურაულმა და ოქროყანის 162 საბავშვო ბაგა-ბვაღის ყოფილმა დირექტორმა, მერი ჩხენკელმა ბრიფინგი გამართეს.
ბრიფინგს ასევე ესწრებოდნენ, საქართველოს სკოლამდელთა განვითარების და უფლებების დაცვის ლიგის თავმჯდომარე, მზია ფაილოძე და ადვოკატი ლაშა სტურუა.
ბრიფინგის მთავარი თემა, სკოლამდელ სისტემაში ბაგა-ბაღის დირექტორების უკანონოდ და უსამართლოდ განთავისუფლება იყო.
საქართველოს სკოლამდელთა განვითარების და უფლებების დაცვის ლიგის თავმჯდომარის, ქალბატონ მზია ფაილოძის განცხადებით, აღნიშნული დირექტორების განთავისუფლების მთავარი მიზეზი პოლიტიკური მოტივია.
„ეს ადამიანები უმიზეზოდ არიან განთავისუფლებულნი. მათ თვითონაც არ იციან მიზეზი, ამიტომაც გადავწყვიტეთ, ეს ყველაფერი მოგვექცია სამართლებრივ ჩარჩოებში და სამართლებრივი გზებით გვებრძოლა.
ამ ოთხი თვის განმავლობაში, განთავისუფლდა თითქმის 15 საბავშვო ბაღის დირექტორი, მაგრამ ბევრმა მათგანმა შეწყვიტა ამ საკითხზე საუბარი და ჩათვალა, რომ ის ალბათ ნამდვილად სწორად იყო განთავისუფლებული და იურიდიული და სამართლებრივი გზით არ დაიწყეს ბრძოლა.
ვიტყოდი, რომ განთავისუფლების უპირველესი მიზეზი პოლიტიკური მოტივია. „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ მესამე წლისთავზე მივიღეთ ის, რომ სისტემატურად მიმდინარეობს ბაღის დირექტორების, მოადგილეების და სხვადასხვა შტატის თანამდებობის პირების განთავისუფლება და „ქართული ოცნების“ კოორდინატებით ჩანაცვლება. ამ სამი წლის მანძილზე მათ შეისწავლეს და შეიმუშავეს შინაგანაწესი და შიდა წესდება და ამ შიდა წესდების საფუძველზე უკვე მიმდინარეობს ის, რომ ერთი პატარა შეცდომაც კი თუნდაც რიგითი თანამშრომლისა უკვე საბავშვო ბაღის დირექტორებზე მოქმედებს“- განაცხადა მზია ფაილოძემ.
ფაილოძის განცხადებით, თბილისის სავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, თემურ თორდინავა შემსრულებელია და რომც კითხოთ, თუ რატომ გაანთავისუფლა ეს ადამიანები, გეტყვით, რომ „მას ასე უნდოდა“!
„2012 წლის შემდეგ ყველა დირექტორი აკეთებდა თავის საქმეს, გამონაკლისების გარდა, რომლებიც დღემდე ჩუმ-ჩუმად „ნაციონალების“ მოტრფიალეები არიან და ხელისუფლებაში მათ დაბრუნებას ელოდებიან. სამწუხაროდ, სააგენტოს წარმომადგენლებს ასეთ დირექტორებთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა და კოჰაბიტაცია გააჩნიათ. თორდინავა დღესაც ასრულებს იმ ფუნქციას, რომ არის კავკასიის ეკონომიკური და სოციალურ-კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, რომლის დირექტორი 2012 წლამდე იყო, დღევანდელი თბილისის მერი დავით ნარმანია. შესაბამისად მიმდინარეობს იგივე სიტუაცია და იგივე მეთოდებით მუშაობენ. ფაქტობრივად, თორდინავას ორ არასამთავრობო აიპისთან უწევს მუშაობა. ის შემსრულებელია და კითხვაზე, თუ რატომ გაანთავისუფლა ეს დირექტორები, ის უბრალოდ უპასუხებს, რომ მასე ასე სურდა!“- განაცხადა მზია ფაილოძემ.
პირველი ლოგოპედიური საბავშვო ბაგა-ბაღის ყოფილი დირექტორი, ზაირა კურტანიძე აცხადებს, რომ თემურ თორდინავამ ის მიზანმიმართულად გაანთავისუფლა თანამდებობიდან.
„თემურ თორდინავა მიზანმიმართულად მოქმედებდა. მას ჰქონდა სურვილი, რომ მე დამეტოვებინა სამსახური. მან რამდენიმეჯერ გამომიგზავნა კომისია, დამინიშნა მოადგილე, რომელიც გამიზნულად მუშაობდა, რათა მოეძიებინა რაღაც ინფორმაციები, რომ ჩემთვის ძირი გამოეთხარათ“- განაცხადა ზაირა კურტანიძემ.
ადვოკატ ლაშა სტურუას თქმით, ამ ადამიანების უკანონოდ თანამდებობიდან განთავისუფლების თაობაზე საქმე უკვე სასამართლოშია. სარჩელი განხილულია. მისი თქმით, სრულიად უსამართლოა ასეთი გამოცდილი ადამიანების ქუჩაში გამოყრა.
სტურუა მიმართავს პრემიერ-მინისტრს და აფრთხილებს, რომ იგი შეცდომაში შეყავთ და გამოუცდელი კადრებისადმი ასეთი დამოკიდებულება კარგას არაფერს მოუტანს დღევანდელ მთავრობას.
„ესენი არიან დამსახურებული ადამიანები. ადამიანებზე ქურდობის დაბრალება, თუკი მათ ეს არ დაუმტკიცდებათ, ელემენტარულად სისხლის სამართლის დანაშაულია. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ დაუმტკიცდებათ დანაშაული ანუ, ბავშვებისთვის განკუთვნილი ულუფით ხელის მოთბობა, ისინი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში უნდა მიეცნენ და არა უბრალოდ სამსახურიდან დაითხოვონ.
დაუშვებელია ასეთი დასაფასებელი ადამიანების სამსახურიდან გაშვება!“- აცხადებს ლაშა სტურუა.
ბრიფინგის მონაწილეებმა, აღნიშნეს, რომ თუ სამართლებრივი გზით არ მოხდა მათი უფლებების აღდგენა, მაშინ ისინი პროტესტის უკიდურეს ფორმას- მწვავე საპროტესტო აქციებს მიმართავენ.
მოამზადა კარინა გრიგორიანმა