რას დაესწრო საქართველოს პრემიერ-მინისტრი?
თბილისში 40 მგვტ სიმძლავრის ენერგოეფექტური გაგრილების დატა ცენტრი გაიხსნა. ინოვაციური სისტემით აღჭურვილი ცენტრის გახსნას საქართველოს პრემეირ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო. დატა ცენტრი, ცნობილმა კომპანია BitFury-მ გახსნა.
„ძალიან სასიამოვნოა, რომ ისეთი ცნობილი კომპანია, როგორიც BitFury შემოდის საქართველოში. მან უკვე განახორციელა 30 მილიონი დოლარის ინვესტიცია თანაინვესტირების ფონდის თანადგომით. ასეთი ცნობილი კომპანიის საქართველოში შემოსვლა, მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში საინვესტიციო გარემო არის კიდევ უფრო გაუმჯობესებული, ვიდრე იყო მანამდე. ეს არის ძალიან იმედის მომცემი ჩვენთვის. ჩვენმა მთავრობამ დაიწყო ინვესტიციების წახალისება. არაერთი ნაბიჯი გადაიდგა ამ კუთხით. მინდა აღვნიშნო, რომ თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნა იქნება დამატებითი სტიმულის მიმცემი სხვა კომპანიებისთვისაც , რათა განახორციელონ ინვესტიციები.“– განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა.
კომპანიამ BitFury პირველი წარმატებული პროექტი გორში განახორციელა, რის შემდეგაც გადაწყვიტა საქართველოში ბიზნეს საქმიანობის გაფართოება და დაიწყო დამოუკიდებელი პროექტის განხორციელება გლდანში და 18 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე თბილისის თავისუფალი ზონის განვითარება. პროექტი მიზნად ისახავს IT სფეროში მოღვაწე წარმატებული საერთაშორისო კომპანიების მოზიდვას და შემოყვანას საქართველოში, რაც თავის მხრივ გულისხმობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლას ქვეყანაში.
BitFury Group მეგა დატა ცენტრის არსებობა დიდ როლს ითამაშებს სხვა საერთაშორისო კომპანიების მოზიდვის კუთხით. წინასწარი გათვლებით თბილისის თავისუფალი ზომის ფარგლებში მოზიდული ინვესტიციები 100 მლნ ამერიკულ დოლარს გაუტოლდება.