გათავისუფლებული დირექტორები საპროტესტო აქციებით იმუქრებიან
საინფორმაციო სააგენტო "ივერიონში", თბილისის რამდენიმე ბაგა-ბაღიდან განთავისუფლებულმა დირექტორებმა- თბილისის პირველი ლოგოპედიური ბაღის ყოფილმა დირექტორმა, ზაირა კურტანიძემ, 169 საბავშვო ბაღის ყოფილმა დირექტორმა, ფიქრია ჩახნაშვილმა, 76 საბავშვო ბაღის ყოფილმა დირექტორმა, მარინე ბეკურაულმა და ოქროყანის 162 საბავშვო ბაგა-ბვაღის ყოფილმა დირექტორმა, მერი ჩხენკელმა ბრიფინგი გამართეს.
ბრიფინგს ასევე ესწრებოდნენ, საქართველოს სკოლამდელთა განვითარების და უფლებების დაცვის ლიგის თავმჯდომარე, მზია ფაილოძე და ადვოკატი ლაშა სტურუა.
ბრიფინგის მთავარი თემა, სკოლამდელ სისტემაში ბაგა-ბაღის დირექტორების უკანონოდ და უსამართლოდ განთავისუფლება იყო.
ადვოკატ ლაშა სტურუას თქმით, ამ ადამიანების უკანონოდ თანამდებობიდან განთავისუფლების თაობაზე საქმე უკვე სასამართლოშია. სარჩელი განხილულია. მისი თქმით, სრულიად უსამართლოა ასეთი გამოცდილი ადამიანების ქუჩაში გამოყრა.
სტურუა მიმართავს პრემიერ-მინისტრს და აფრთხილებს, რომ იგი შეცდომაში შეყავთ და გამოუცდელი კადრებისადმი ასეთი დამოკიდებულება კარგას არაფერს მოუტანს დღევანდელ მთავრობას.
"ესენი არიან დამსახურებული ადამიანები. ადამიანებზე ქურდობის დაბრალება, თუკი მათ ეს არ დაუმტკიცდებათ, ელემენტარულად სისხლის სამართლის დანაშაულია. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ დაუმტკიცდებათ დანაშაული ანუ, ბავშვებისთვის განკუთვნილი ულუფით ხელის მოთბობა, ისინი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში უნდა მიეცნენ და არა უბრალოდ სამსახურიდან დაითხოვონ.
დაუშვებელია ასეთი დასაფასებელი ადამიანების სამსახურიდან გაშვება!"- აცხადებს ლაშა სტურუა.
ბრიფინგის მონაწილეებმა, აღნიშნეს, რომ თუ სამართლებრივი გზით არ მოხდა მათი უფლებების აღდგენა, მაშინ ისინი პროტესტის უკიდურეს ფორმას- მწვავე საპროტესტო აქციებს მიმართავენ.