დავით უსუფაშვლი: ვიზა-ლიბერალიზაცია ქვეყნის დიდი აღიარებაა!
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ დადებით დასკვნას უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, ქვეყნის დიდ გამარჯვებად მიიჩნევს.
ჟურნალისტებს უსუფაშვილმა განუცხადა, რომ ის ამ მნიშნელოვან დღეს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ულოცავს.
მისი თქმით, ეს არის ქვეყნის დიდი აღიარება და ქართველი ხალხის სანუკვარი ოცნების სერიოზული ნაწილის ახდენა.
„დღეს ჩვენ უფრო ევროპელები ვართ, ვიდრე გუშინ ვიყავით. ჩვენ ყოველთვის ასე ვფიქრობდით, მაგრამ მნიშვნელოვანი ისაა, რომ ევროპაც ასე ფიქრობს და იმ ტექნიკური საკითხების მოსაგვარებლად სულ რამდენიმე თვე დარჩა, როდესაც ჩვენ საქართველოსა და ევროპას შორის საზღვარი აღარ იარსებებს. ეს ძალიან დიდი გამარჯვებაა დღევანდელი მთავრობის, გუშინწინდელი ხელისუფლებისა და თითოეული ჩვენთაგანის. ამიტომ თითოეულ მოქალაქესა და პოლიტიკოსს ვულოცავ მიუხედავად იმისა, გუშინ და გუშინწინ სხვა თემებზე ვინ რას ფიქრობდა და როგორ ვფიქრობდით. ამ მიღწევას სათანადო გამოყენება სჭირდება იმიტომ, რომ ევროპასათან და საქართველოს შორის საზღვრების გაუქმება არის არა მხოლოდ გადაადგილების თავისუფლება, არამედ ეს მნიშვნელოვანი სიმბოლური მოვლენაცაა. ამის შემდეგ ჩვენ გაცილებით უფრო მეტად უნდა ვიტვირთოთ ის პასუხისმგებლობაც, რაც ევროპას აკისრია. ჩვენ ჩვენი საერთო უსაფრთხოება ერთად უნდა ვუზრუნველყოთ. დღევანდელი დღე ამაღელვებელი და მნიშვნელოვანია“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
სპიკერმა მედიის წარმომადგენლებს მოუწოდა, ვისაც პასპორტში ვიზები აქვს, ეს გვერდები არ ამოხიონ, რადგან მისი თქმით, ამ საკითხების ბოლომდე მიყვანას რამდენიმე თვე კიდევ დასჭირდება.
„2016 წელი ამ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენით იქნება ხაზგასმული ჩვენს ცხოვრებაში“, - დასძინა უსუფაშვილმა.