რასთან არის დაკავშირებული, რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის აღდგენა?
"არ მგონია, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის აღდგენა დაკავშირებული იყოს იმასთან, რომ სანაცვლოდ საქართველომ რაიმე გააკეთა, ან რამეს გააკეთებს“, - აღნიშნული განცხადება, ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განუცხადა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას გამოეხმაურა.
სპიკერის თქმით, საქარველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი დიდი ხნის წინ შემოიღო.
მისი მოსაზრებით, ეს საკითხი რუსეთის მხარეს იყო და ეს თემაც მათი გადასაწყვეტია.
„რაც მალე გადაწყვეტენ, ეს რუსეთისთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის უკეთესია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთის მხრიდან სხვა ნაბიჯებია გადასადგმელი. საქართველოს რუსეთის ტერიტორიული მთლიანობა ეჭქვეშ არ დაუყენებია. ახლა რუსეთის ჯერია, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთა დაკავშირებით ეჭვები მოხსნას. საქართველო რუსეთის ტერიტორიაზე რომელიმე რეგიონს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ აღიარებს და ახლა რუსეთის ჯერია, იმ აქტებზე უარი თქვას, რომლითაც მან აფახაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. თუ რუსეთი ამ სწორ გზას დაადგება, კარგი იქნება, მაგრამ მხოლოდ ვიზებთან დაკავშირებით საუბრის დაწყება, რა თქმა უნდა, ბევრს არაფერს ნიშნავს“, - განაცხადა უსუფაშვილმა.