დავით ნარმანია: ბაგა-ბაღების მომარაგება უფრო გამჭვირვალე გავხადეთ!

დავით ნარმანია: ბაგა-ბაღების მომარაგება უფრო გამჭვირვალე გავხადეთ!

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა, თემურ თორდინავამ მუშაობის ერთი წლის ანგარიში წარადგინა. 

 

ღონისძიებას თბილისის მერი, დავით ნარმანია, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ალიბეგაშვილი, გაერო-ს ბავშვთა უფლებების ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, საშა გრაუმენი, საქართველოში აშშ-ს საელჩოს ატაშე, გეგა გაბუნია და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

როგორც თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, თბილსიის ბაგა- ბაღების სააგენტომ დედაქალაქის მერიასთან სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელა.

 

"თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ ბევრი კარგი საქმე გააკეთა. მისი საქმიანობის შედეგად გაიხსნა ახალი ჯგუფები და დამატებით დაახლოებით 3000 ბავშვის სასწავლო პროცესში ჩართვა გახდა შესაძლებელი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ ბაგა-ბაღების მომარაგება გავხადეთ უფრო გამჭვირვალე და დღეს ეს უკვე ხდება ერთიანი ტენდერების გზით. იანვრიდან თბილისში დამატებით ორი ახალი ბაგა-ბაღი შეძლებს აღსაზრდელების მიღებას,"- განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს დირექტორის თემურ თორდინავას განცხადებით, 2014 წლის აგვისტოდან დღემდე თბილისის ბაგა- ბაღების მართვის სააგენტომ 4 მთავარი რეფორმა განახორციელა.

 

"კერძოდ, საკვები პროდუქტების შესყიდვა ერთიანი ტენდერის გზით. საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ ახალი სასწავლო-საამღზრდელო წლისთვის საკვები პროდუქტების შესყიდვის მიზნით გამოცხადდა 210 ელექტრონული ტენდერი; საბავშვო ბაგა- ბაღებში კვების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება- ბავშვთა კვების გაუმჯობესების მიზნით, ყველა ბაღისთვის საერთო მენიუ შემუშავდა, კვების რაციონი გახდა უფრო მრავალფეროვანი, გაიზარდა კალორაჟი; თბილისის ბაგა-ბაღებში, 5-6 წლის აღსაზრდელთა ჯგუფებში წარმატებით ამოქმედდა სასკოლო მზაობის პროგრამა, რომლის მიზანი ბავშვის სკოლისთვის მომზადებაა. ფსიქოლოგებისა და ლოგოპედების გადამზადების პროგრამა", - აღნიშნა თორდინავამ.

 

თემურ თორდინავას განცხადებით, უკვე დასრულდა მოსკოვის გამზირზე 128-ე საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა, რომელიც იანვარში გაიხსნება და 500-მდე აღსაზრდელს მიიღებს. შიდა სარემონტო სამუშაოები 125-მდე ბაგა- ბაღს ჩაუტარდა. მოქმედ საბავშვო ბაღებში, აუთვისებელი ფართების გარემონტების შედეგად დამატებით 80 ჯგუფი გაიხსნა, რის შედეგადაც სასწავლო პროცესში ჩართვა დაახლოებით 3500-მდე ბავშვმა შეძლო. 

 

ღონისძიებაზე თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს საქმიანობის ამსახველი ფოტოგამოფენაც გაიმართა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: