ვინ აანთო მთავარი ნაძვის ხე დედაქალაქში?
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა, ოჯახთან ერთად რუსთაველის გამზირზე მთავარი ნაძვის ხე აანთო. ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას დამდეგი შობა და ახალი წელი მიულოცა.
”მინდა გისურვოთ ყველას მშვიდობა, გისურვოთ სიყვარული და კეთილდღეობა ჩვენს ოჯახებს და ჩვენს შვილებს. ვიცი, რომ ძალიან ბევრი პრობლემაა დღეს ქვეყანაში. ამიტომ საჭიროა 24 საათიანი შრომა. მე მჯერა ჩვენი უკეთესი მომავლის, თუ ერთად დავდგებით, თუ მუხლჩაუხრელად ვიშრომებთ, ჩვენ აუცილებლად გავაძლიერებთ ჩვენს ქვეყანას და შევქმნით ერთიან, ძლიერ სახელმწიფოს"- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოსვლისას ევროკომისიის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ ანგარიშსაც გამოეხმაურა და ამ დღეს ისტორიული უწოდა.
"მინდა ყველას მოგილოცოთ გუშინდელი დღე, ვფიქრობ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში დაიწყო მართლაც გარდამტეხი ეტაპი. გუშინ ჩვენი სახელმწიფო ევროპის კავშირმა აღიარა, როგორც თანამედროვე, ძლიერი, ევროპული ტიპის სახელმწიფო, რომლის მოქალაქეებიც იმსახურებენ უვიზოდ მიმოსვლას ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ეს არის აღიარება ჩვენი ხალხის, ჩვენი ერის და ჩვენი სახელმწიფოსი. ამიტომ, მე მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ გუშინდელი დღე" - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
ნაძვის ხის ანთებაში მონაწილეობდა დედაქალაქის მერი დავით ნარმანია ოჯახებთან ერთად.
ქვეყნის მთავარი ნაძვისხის ანთება 19 აგვისტოს ტრადიციად იქცა. ცერემონიალს თბილისელები და თბილისის სტუმრები ესწრებიან.
წელს დედაქალაის მთავარ გამზირზე ახალი ნაძვის ხე დაიდგა.
22 მეტრის სიმაღლის ნაძვის ხე წითელი და ოქროსფერი ბურთებით, ბაფთებითა და ილუმინაციებით არის მორთული.
დედაქალაქის ცენტრალური ქუჩები - რუსთაველის გამზირი, მელიქიშვილის ქუჩა, ჭავჭავაძის გამზირი და კოსტავას ქუჩა სრულად ახალი დიზაინით და ილუმინაციებით არის მორთული.
უკვე არსებული ილუმინაციები კი, რომელთა აღდგენაც მოხდა, ქალაქის სხვადასხვა უბნებში გადანაწილდა.
საახალწლო ილუმინაციებისა და აქსესუარების, ახალი ნაძვისხისა და მისი მორთულობის შესყიდვის მიზნით, თბილისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა.
საახალწლო ილუმინაციების ტენდერში კომპანია - შპს “ნუკო+“-მა გაიმარჯვა და ღირებულება 748 000 ლარით განისაზღვრა. საახალწლო ნაძვისხის ტენდერში გამარჯვებული შპს „ჯეო სტრიმი“ გახდა და ღირებულებამ 175 573 ლარი შეადგინა, ხოლო თავისუფლების მოედანზე წმინდა გიორგის მონუმენტის განათებისა და მორთვის ტენდერში გამარჯვებული კომპანიის „გმმ ჯგუფის“ მომსახურება 33 990 ლარის ოდენობით განისაზღვრა.