დილა მშვიდობისა, ჩემო უსაყვარლესო და უტკბილესო საქართველო!
ეს პატარა გულისთქმა-ლოზუნგი „ივერიონს“ჟურნალისტმა თამაზ ჭეიშვილმა გამოუგზავნა. ვფიქრობთ, ამ სიტყვებში ყველა ჯანსაღი, საკუთარ ქვეყანაზე შეყვარებული ქართველის ფიქრი და დარდია ჩამარხული.
დილა მშვიდობისა, მსოფლიო ერებს შორის ყველაზე, მოტყუებულო, იმედგაცრუებულო, დაჩაგრულო, მაგრამ მაინც სულით მდიდარო, გულით თბილო, ბავშვივით მიმნდობო, ხშირად მშიერო, მაგრამ უცხოსთვის ლუკმის გამყოფო ჩემო უტკბილესო, უსაყვარლესო ქართველო ერო!
დილა მშვიდობისა, ჯერ ღვარცოფისგან წალეკილო და უპატრონოდ მიტოვებულო, მერე კი ტროპიკული სიცხისგან გათანგულო თბილისელებო!
დილა მშვიდობისა, „ოცნების“ ამარა დარჩენილო და „ოცნებაგაცრუებულო“ ჩემო საამაყო კახელებო, გურულებო, სვანებო, მეგრელებო იმერლებო, ქართლელებო, რაჭველებო...
დილა მშვიდობისა არანაკლებ მოტყუებულო, ოსებო და აფხაზებო, სული აქეთ რომ მოგიწევთ და რუსების შიშით, გულის ყველაზე ბნელ კუნჭულში მალავთ ქართველების ნათელ მონატრებას!
დილა მშვიდობისა, თბილისის ბაზრების „ქურუმებო“ - მარნეულელო მემწვანილეებო, წალკელო მეკარტოფილეებო! ღანირელი ქინძს და ტარხუნაზე ერთ თეთრს რომ არ დაგიკლებს, თქვენ კი „ზელენს“ ნახევარ ფასში გვატანთ!
დილა მშვიდობისა, ქართველო დედებო, დებო და ზოგადად, ქალებო! დაუფიქრებლად რომ გადაეშვით „ყიამეთში“! როცა ოჯახებს, ესეიგი, სამშობლოს გაუჭირდა, მთელ მსოფლიოს მოედეთ - ქმარ-შვილი და მშობლები შიმშილისგან რომ გეხსნათ! თქვენ „მატრიარქატი“ დააბრუნეთ „პატრიარქატის“ გადასარჩენად...მოწიწებით ქედს ვიხრი თქვენს წინაშე!
კიდევ ერთხელ, დილა მშვიდობისა ჩემო საქართველოვ! შენმა ნოსტალგიამ განცხრომით ყოფნა რომ მიმატოვებინა ბრაზილიასა თუ ნიუ იორკში, ვენასა თუ ოსლოში, თავქუდმოგლეჯილი უშუქო, უგაზო, უპურო, დაქცეულ და დამშეულ სამშობლოში რომ გამომაქცია!
დილა მშვიდობისა და დამდეგ ახალ წელს გილოცავ, სამშობლო!
თამაზ ჭეიშვილი