თემურ შაშიაშვილი: მნიშვნელობა არ აქვს ვინ გახდება პრემიერი, მთავარია ქვეყნის კულუარებიდან მართვა დამთავრდეს!

თემურ შაშიაშვილი: მნიშვნელობა არ აქვს ვინ გახდება პრემიერი, მთავარია ქვეყნის კულუარებიდან მართვა დამთავრდეს!

„ივერიონს“ გიორგი კვირიკაშვილის პრემიერად შესაძლო დანიშვნის საკითხზე, პოლიტიკური პარტია „თეთრების“ ლიდერი, თემურ შაშიაშვილი ესაუბრა.

 

-ბატონო თემურ, კოალიციის უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად უკვე დაასახელა გიორგი კვირიკაშვილი, თუმცა, ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი ვინ დარჩება მთავრობის ძველი სახეებიდან და რა კადრებით დაკომპლექტდება კვირიკაშვილის მთავრობა.

 

საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი დადებითად აფასებს კვირიკაშვილის წარდგინებას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე.

 

თქვენი აზრით, რამდენად ეფექტური იქნება მისი მთავრობა და ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის პირობებში შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი თუ შეიცვლება?

 

-მე ვადასტურებ, რომ კვირიკაშვილი კარგი პიროვნებაა, მაგრამ ეს საკმარისი არაა იმისათვის, რომ კარგი პერმიერ-მინისტრი იყოს!

 

საქართველოში არ არსებობს მართვის აკადემიური სისტემა და ჯერ კიდევ იმპულსური მართვაა. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კულუარებში წყდება ყველაფერი! ამიტომ, ვეჭვობ, ასეთ პირობებში ვინმემ, თუნდაც  როგორც პრემიერ-მინისტრმა, საკუთარი თავის წარმოჩენა შეძლოს...

 

ჩემი პოზიცია ამ შემთხვევაში არის ის, რომ მსგავს სიტუაციაში მნიშვნელობა არ აქვს იმას თუ, ვინ იქნება პრემიერ მინისტრი. კატეგორიულად ვაცხადებ: მართვის ეს სამარცხვინო და შეურაცხმყოფელი სისტემა საერთოდ უნდა შეიცვალოს და ეს კართაგენი დაინგრეს! ასეთი რამ ცივილიზაციის სათავეებიდან წამოსულ ქვეყანას არ ეკადრება!

თუ ვინ გაიმარჯვა და ვის აწყობდა ის, რაც დღეს ხდება, მინისტრების დანიშვნის დროს გამოჩნდება. 

 

ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ ვიტყვი, რომ რაც უფრო მალე დაანებებს ის თავს პოლიტიკას, მით უკეთესია ჩვენი ქვეყნისთვის. რადგან, მას ქვეყნისთვის ძალიან კარგი ფუნქციის შესრულება შეუძლია, მაგრამ არა ამ მდგომარეობიდან!

 

საქართველოსთვის აბსოლუტურად მუღებელი და არაფრის მომტანია მართვის მსგავსი სისტემა- როდესაც არც ერთი ადამიანი თავის ადგილზე არ ზის და არ არიან იმ ადგილას, სადაც ყევლაზე  მეტის გაკეთება შეუძლიათ! ქვეყნის მთელი უბედურებაც სწორედ ამაშია...  

 

ჩემი ვარაუდით, მგონია, რომ 100%-ით გარედან მართვადი პოლიტიკური ძალაა, რომელიც ქვეყანაში სიმაღლეს იღებს...

 

ჩვენ კარგად ვნახეთ, რასაც წარმოადგენდა „ნაციონალური მოძრაობა“, ეს იყო ტრაგედია, „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის სასიკეთოდ შეცვლა არ შეუძლია, მან ყველანაირი რესურსი ამოწურა და მხოლოდ მაშინ შეძლებს რამის შეცვლას, თუ მართვის პოლიტიკური ცხოვრების ფილოსოფიას შეცვლიან.

 

დღეს საქართველოში არსებული პოლიტიკური ძალების მიმართ, ძალიან უიმედოდ ვარ განწყობილი. მაინც მგონია, რომ ქვეყნისთვის სრულიად სხვა ფილოსოფიის პოლიტიკური ძალაა საჭირო და როგორც იტყვიან, პროფესიონალი, განათლებული ადამიანების ხელისუფლებაა საჭირო, რომლისგანაც საქართველო დიდი ხანია შორსაა!

 

                        

                                      ესაუბრა მედეა შელია 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: