რატომ ჩხრეკენ მოსწავლეებს და რატომ ართმევენ მასწავლებლებს დასვენების დღეებს?!
მთავრობის მეთაურის შეცვლით შეშინებულმა თამარ სანიკიძემ და მისმა დამქაშებმა (ამაში უპირველესად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელს „რუხ კარდინალ“ ალექსანდრე ონოფრიშვილს ვგულისხმობთ) ოდიოზური, არაადამიანური, უკანონო საბჭოური გადაწყვეტილება მიიღეს: მათ მაქსიმუმამდე შეუმცირეს საშობაო არდადეგების პერიოდი მოსწავლეებს და დასვენების დღეები მასწავლებლებს.
გაცემულია მითითება, რომ მკაცრ კონტროლზე იქნას აყვანილი დასწრება - მოსწავლეთათვის 30 დეკემბრის, ხოლო, მასწავლებელთათვის, 31 დეკემბრის ჩათვლით.
ამავე მითითებით, ყველა მასწავლებელს ევალება, რომ სკოლებს დაუბრუნდნენ 4 იანვარს. დირექტორებმა მიიღეს გაფრთხილება, რომ სამინისტრო მონიტორინგს 31 დეკემბერსაც კი განახორცილებს.
გაცემულია ზეპირი განკარგულება, რომლითაც დაიწყო მოსწავლეთა მასიური ჩხრეკები საჯარო სკოლებში.
ჩვენი ინორმაციით, ჩხრეკას აწარმოებენ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები. არადა, არასრულწლოვანის ჩხრეკა მკაცრად აკრძალულია კანონმდებლობით, მათ შორის, ზოგადი განათლების შესახებ კანონითაც.
ხსენებული ქმედებები ხორცილდება პრემიერ ღარიბაშვილის გადადაგომის შემდეგ, რაც გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ეს არის ნეპოტისტი, დილეტანტი და მაქინატორი თამარ სანიკიძის მორიგი ფანდი - რადაც უნდა დუჯდეს დაანახოს ახალ პრემიერს, რომ მისი უწყება მუშაობს რიტმში, გამართულად და რომ გააბათილოს პრემიერობის კანდიდატის კრიტიკა, განათლების არადინამიური განვითარების შესახებ.
სხვამხრივ არანაირი აუცილებლობით არაა გამოწვეული მოსწავლე-მასწავლებელთა მუდმივად „სტარტზე“ ყოფნა და როგორც არდადეგების, ისე დასვენების დღეების ასე მკვეთრად შემცირება.
ზოგადი განათლების შესახებ კანონიც კი, არ ავალდებულებს პედაგოგს სამუშაო პერიოდში მაინცდამაინც სკოლის შენობას მიეჯაჭვოს. ეტყობა, ფინანსურად და მატერიალურად უზრუნველყოფილ თამარ სანიკიძეს, პედაგოგთაგან განსხვავებით, საახალწლო საზრუნავი, ცხადია, არ აწუხებს. ამიტომ, მისთვის უცხოა რიგითი პედაგოგის ამგვარი პრობლემა.
თუმცა, ეს ყველაფერი პედაგოგების გამაოგნებელი დუმილის შედეგია. სწორედ ამიტომ, დამაიმედებელსაც ვერაფერს ვიტყვით. პირიქით, სანიკიძის პარპაში თუ გაგრძელდა, ამგვარ „სიურპრიზებს“ კიდევ ბლომად მოამზადებს!
დავით ფერაძე, პედაგოგი,
პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი