დაუწესდებათ თუ არა სანქციები იმ კომპანიებს, რომლებმაც გზებზე არსებული პრობლემების დროულად აღმოფხვრა ვერ შეძლეს?
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სანქციები დაუწესდებათ იმ კომპანიებს, რომლებმაც დიდთოვლობის დროს საავტომობილო გზებზე არსებული პრობლემების დროულად აღმოფხვრა ვერ შეძლეს.
გზებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია პრემიერს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა მიაწოდა.
"სამწუხაროდ, ყველა კონტრაქტორმა ვერ გაითავისა ის ვალდებულებები, რომელიც მათ გააჩნიათ, ამიტომ მე მინდა გთხოვოთ, რომ უპირეველს ყოვლისა მოსახლეობას მივაწოდოთ რეგულარული ინფორმაცია ბრიფინგის სახით გზების დეპარტამენტის ან შესაბამისი უწყების მხრიდან და მეორე, ასეთი პრობლემების გამო, ვერ ხდება ძირითადი სერვისების მიწოდება, მოქალაქეების გადაადგილების ნაწილში შეფერხებებს რომ თავი დავანებოთ, შეიძლება სასწრაფო ვერ მივიდეს ავადმყოფთან და შეიძლება რაიმე უბედურება მოხდეს. მე მინდა, თუ კონტრაქტორი კარგად ასრულებს ვალდებულებებს, წავახალისოთ და მადლობაც უნდა ვუთხრათ, ასევე მომავალ თანმშრომლობაში გავითვალისწინოთ და თუ ვერ ასრულებს პირიქით, გამოვიყენოთ ის სანქციები, რაც საჭიროა. იმიტომ, რომ, ალბათ, ჩვენ თანამოქალაქეებს არ აინტერესებთ რა სტრუქტურით ვქირაობთ ჩვენ ამა თუ იმ კომპანიას და არც ის, რომ რომელიმე ჩვენი კონტრაქტორი ვერ ასრულებს ამა თუ იმ მოვალეობას", - განაცხადა კვირიკაშვილმა.