“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” რუსული "გაზპრომის" შემოსვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” რუსული "გაზპრომის" შემოსვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” რუსული "გაზპრომის" შემოსვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მთავრობისგან კატეგორიულად მოითხოვს ხელშეკრულების შინაარსის გასაჯაროებას, წინააღმდეგ შემთხვევაში პარტია დაიწყებს აქტიურ კამპანიას მასშტაბური ანტისამთავრობო პროტესტის და წინააღმდეგობის მოძრაობის ორგანიზების მიზნით.

 

აღნიშნული განცხადება დღეს ჟურნალისტებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ნუგზარ წიკლაურმა გააცნო.

 

„საქართველოს მთავრობა ქართველი ხალხისგან დაფარულად აწარმოებს ოკუპანტ ქვეყანასთან მოლაპარაკებებს, რაც ითვალისწინებს რუსული გაზპრომის შემოსვლას საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე.

 

მთავრობის განცხადებები თითქოსდა აღნიშნული ქმედება ხორციელდება პრაგმატული დივერსიფიკაციის მიზნით, არის სიცრუე: გაზის მოწოდება განხორციელდება გაზპრომის მილსადენით, გაზპრომის სრული კონტროლით და შესაბამისად, პირდაპირ უკავშირდება ოკუპანტი ქვეყნის პოლიტიკურ ინტერესს.

 

ხელისუფლების ეს ნაბიჯი საფრთხეს უქმნის საქართველოს ენერგეტიკულ. დამოუკიდებლობას და ლახავს ქვეყნის ეროვნულ სუვერენიტეტს.

 

მთავრობის გადაწყვეტილება ასევე მიმართულია საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის - აზერბაიჯანის წინააღმდეგ, რომელიც წლების განმავლობაში სტაბილურად და შეუფერხებლად აწვდიდა ენერგომატარებლებს საქართველოს და არაერთგზის განაცხადა, რომ მზად არის ნებისმიერი რაოდენობის გაზი ხელსაყრელ ფასად მიაწოდოს ჩვენს ქვეყანას.

 

გაზპრომზე დამოკიდებულება ნიშნავს სიცივეს, გაყინულ საქართველოს, არაპროგნოზირებად და წამგებიან ეკონომიკურ გარემოს, ენერგეტიკული ბერკეტით ქვეყნის შანტაჟს და პოლიტიკურ ზეწოლას, რაც 2006 წელს ერთხელ უკვე განახორციელა რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ.

 

ენმ მიიჩნევს, რომ რუსულ გაზპრომთან ქართველი ხალხის ზურგს უკან მიმდინარე მოლაპარაკებები მიმართული არის საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ და მთავრობისგან კატეგორიულად მოითხოვს ხელშეკრულების შინაარსის გასაჯაროებას.

 

მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დაიწყებს აქტიურ კამპანიას მასშტაბური ანტისამთავრობო პროტესტის და წინააღმდეგობის მოძრაობის ორგანიზების მიზნით“,- ნათქვამია განცხადებაში.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: