სოსო ცინცაძე: „ქართული ოცნებისთვის“ არჩევნებში დამარცხება - ეს არ იქნება მხოლოდ ნორმალური დამარცხება!

სოსო ცინცაძე: „ქართული ოცნებისთვის“ არჩევნებში დამარცხება - ეს არ იქნება მხოლოდ ნორმალური დამარცხება!

„ივერიონს“ საარჩევნო სისტემაში შეტანილ ცვლილებებზე, პოლიტიკური ექსპერტი სოსო ცინცაძე ესაუბრა.

 

-ბატონო სოსო, პრეზიდენტმა ხელი მოაწერა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომელიც მაჟორიტარული ოლქების გამსხვილებას ეხება, ანუ იცვლება ადრე არსებული ტერიტორიალური პრინციპი და საარჩევნო ოლქები იქმნება არა რაიონების, არამედ ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით, რაც სრული აბსურდია...

 

-ელემენტარულად, ამ ცვლილებებს არავითარი კრეატიული მოსაზრების ან რაიმე დემოკრატიული ცვლილებების სუნიც კი არ ასდის. 

 

ეს უკვე პოლიტიკურ მეცნიერებათა აქსიომაა- როდესაც ხელისუფლება ორ ცეცხლს შორის არის. ერთის მხრის, ეჭვ ქვეშ დგას მისი შანსები უხეში დარღვევების გარეშე არჩევნებში გამარჯვების, მეორეს მხრივ, ფიზიკურად შეუძლებელია დამარცხება!

 

დღეს „ქართული ოცნება“ არის ისეთ სიტუაციაში, როდესაც მისთვის არჩევნებში წაგება - ეს არ იქნება მხოლოდ ნორმალური დამარცხება, როგორიც დემოკრატიულ ქვეყნებში ხდება... 

 

„ქართულმა ოცნებამ“ აჩვენა ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელსაც პრეტენზია აქვს იყოს ხელისუფლებაში მოსული. ამიტომ, ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლების სათავეში, თუ „ოცნება“ დამარცხდება, ყველა მის აქტივისტს იგივე ბედი ელოდება.

 

რჩება ერთადერთი ალტერნატივა, რომელიც ევროპელების თვალში, როგორც საშინელება ვერ წარმოჩინდება. ეს არის უბნების ხელოვნურად შექმნა ისე, რომ კანდიდატი რომელიც ნაკლებ ხმას მიიღებს გამარჯვებული იყოს თავის კონკურენტზე, რომელმაც მეტი  ხმა მიიღო. პარლამენტში წარდგებიან ისეთი დეპუტატები, რომლებსაც ქვეყანაში ნაკლები პოპულარობა აქვთ წაგებულებთან შედარებით.

 

-გასაოცარი არის ის, რომ მართალია, პრეზიდენტმა ხელი მოაწერა მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, მაგრამ იქვე აღნიშნა, რომ უფრო საუკეთესო ფორმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლაა და ამას 2020 წლამდე არ უნდა დაველოდოთ. მან პოლიტიკურ პარტიებს კონსულტაციებისკენ მოუწოდა.

 

რამდენად ეთანხმებით საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს და რას მოგვცემს 2020 წლიდან მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საერთოდ გაუქმება და პროპორციულ სისტემაზე გადასვლა?

 

- პრეზიდენტი ჩვეულებრივი ადამიანია...

 

რასაკვირველია, მე გამოვდივარ ამომრჩევლის პოზიციიდან, თანაც გეტყვით რომ საბოლოოდ იმედგაცრუებული ამომრჩევლის პოზიციიდან, ამიტომ ამ სიტუაციას ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ.

 

საქართველოში, არც ერთი ხელისუფლება და არც ერთი პოლიტიკური პარტია, ალბათ რამდენიმე თაობის სიცოცხლეში არ იქნება ნამდვილად დემოკრატიული და ნამდვილად ევროპული ფასეულობებისა და ღირებულებების ადეკვატური.

 

სამწუხაროდ, ამას ჩემნაირი ადამიანების პოზიცია ვერ შეცვლის, თუმცა ის რაც დღეს ხდება, მიუღებელია!

 

ქვეყანაში, რომელ დამოუკიდებლობაზე შეიძლება ვისაუბროთ, როდესაც საიდანღაც გადამთიელი რუს-ებრაელი ოლიგარქი ჩამოდის და ლამისაა ნახევარი ქობულეთი იყიდოს და ალბათ პოლიტიკურ პარტიასაც შექმნის!

 

-დღეს, როცა საქართველოში არ არსებობენ პროფესიონალი პოლიტიკური პარტიები, ვის უნდა დაუჭიროს მხარი ამომრჩეველმა, როცა მან არ იცის პარტიაში შემავალი სუბიექტების საქმიანი თვისებები და არც ის რა პოლიტიკური გამოცდილება აქვს თითოეულ მათგანს?

 

ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ 2020 წლიდან არჩევნები საერთოდ ფორმალურ ხასიათს მიიღებს?

 

-სამომავლოდ რაზე ვილაპარაკოთ, როცა ამას დღეს უკვე აქვს ფორმალური ხასიათი...

 

ქართველი ამომრჩეველი ძალიან ბევრჯერ დარჩა მოტყუებული და იმედგაცრუებული. 

 

პროფესიონალური ცნობისმოყვარეობით ველი“ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამას, რადგან რისი დაპირებაც კი შეიძლებოდა, გარდა იმისა, რომ მზეს ჩამოიტანდა და რუსთაველის მოედანზე დაგვიდგამდა, ყველაფერს შეპირდნენ ხალხს! დაწყებული სამართლიანობის აღდგენით, დამთავრებული კარტერული გარიგებების გაუქმებით. მათ არც ერთი დაპირება არ შეუსრულებიათ!

 

კვირიკაშვილი პატიოსანი აღმოჩნდა, რომ რეალურს მაინც შეგვპირდა. თუნდაც იმას, რომ გაზის ტარიფები გაიზრდება, რაც ნამდვილად მოხდება.

 

          ესაუბრა მედეა შელია

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: