რა კითხვებით მიმართავს კახა კოჟორიძე ირაკლი შოთაძეს?

რა კითხვებით მიმართავს კახა კოჟორიძე ირაკლი შოთაძეს?

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და   მართლმსაჯულების საკითხებში, კახა კოჟორიძე მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს მიმართავს.

 

კოჟორიძის მიმართვას, "ივერიონი" უცველლად გთავაზობთ:

 

საქართველოს პრეზიდენტის საჯარო განცხადებებში არაერთხელ გაკეთდა მოწოდება, სამართალდამცავი ორგანოების და, მათ შორის, საქართველოს მთავარი პროკურატურის მისამართით, რათა, არსებული მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, მომხდარიყო საზოგადოების სრულად ინფორმირება სისტემური დანაშაულის - წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სხვა ძალადობრივი ქმედებების გამოძიების შედეგების შესახებ.

 

პრეზიდენტის მიერ საჯაროდ დასმულ კითხვებზე პასუხები არ გაცემულა.

 

2016 წლის 13 იანვარს, გაკეთებული განცხადებით თქვენ გამოთქვით მზადყოფნა, რომ აღნიშნულ კითხვებს გასცეთ პასუხები, იმ შემთხვევაში თუ ოფიციალურად მოგმართავთ განცხადებით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წერილობით განგიმარტავთ პრეზიდენტის მიერ დასმული კითხვების შინაარსს და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გთხოვთ, საზოგადოებას საჯაროდ აცნობოთ 2012წლის ნოემბრიდან დღემდე:

 

წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მუხლებით რამდენი პირის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი?

 

აღნიშნული გამამტყუნებელი განაჩენებიდან რამდენ პირს გაუფორმდა საპროცესო  შეთანხმება? თითოეულ შემთხვევაში რა სასჯელზე მოხდა შეთანხმება?

 

აღნიშნული მუხლებით რამდენი პირის მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის განხილვა სასამართლოში?

 

იმავე მუხლებით რამდენი პირია ბრალდებულად ცნობილი? (ვგულისხმობთ საქმეებს, სადაც პირი ცნობილია ბრალდებულად, მაგრამ სასამართლოში არ არის საქმე გადაგზავნილი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.)

 

იმავე მუხლებით რამდენ საქმეზე მიმდინარეობს და რა ეტაპზეა გამოძიება?

 

რამდენი პირის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი ათასობით აღმოჩენილ უკანონო, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით? რამდენი პირის მიმართ არის დაწყებული დევნა?

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: