მიხეილ ჯანელიძე ბეტინა კადენბახს შეხვდა

მიხეილ ჯანელიძე ბეტინა კადენბახს შეხვდა

2016 წლის 14 იანვარს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ბეტინა კადენბახს შეხვდა.

 

საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრმა დადებითად შეაფასა საქართველო-გერმანიას შორის არსებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურის, განათლებისა და სხვა სფეროებში. მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სამომავლოდ მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით არსებული პოტენციალი, რაც გულისხმობს საქართველოს მიმართ გერმანიის საქმიანი წრეების ინტერესის გაზრდას და ქვეყანაში გერმანული ინვესტიციების მოზიდვას. ამ კონტექსტში მინისტრი მიესალმა გერმანიის ფედერალური მთავრობის ძალისხმევას, კონკრეტული პროექტების მეშვეობით ხელი შეუწყოს ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებას და ცალკეულ სფეროებში გერმანული მხარის გამოცდილების გაზიარებას. 

 

მიხეილ ჯანელიძემ გამოთქვა რწმენა, რომ გერმანია შემდგომშიც აქტიურად და ეფექტიანად დაუჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე როგორც ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების წარმატებით რეალიზაციას.

 

ბეტინა კადენბახმა კიდევ ერთხელ გამოხატა გერმანიის მთავრობის მზაობა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას, განსაკუთრებით ეკონომიკის მიმართულებით. ამასთან, ელჩმა კვლავ დაადასტურა ბერლინის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების კურსის, დასავლეთთან ინტეგრაციისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

 

შეხვედრაზე ყურადღება ასევე დაეთმო 2017 წელს საქართველო-გერმანიის მეგობრობის აღნიშვნისა და 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობის საკითხებს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: