ზურაბ აბაშიძე: მთავარია, რომ ოპონენტებს წინასაარჩევნოდ თემა სჭირდებათ!
პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე ,,გაზპრომთან“ დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს ოპოზიციის მხრიდან წამოწყებულ აჟიოტაჟს უკავშირებს.
მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე აბაშიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ამ საკითხს ოპონენტები წინასაარჩევნოდ იყენებენ.
„გაზპრომთან დაკავშირებით გაზის თემა კი არ არის მთავარი, მთავარი ის არის, რომ ჩვენს ძვირფას ოპონენტებს წინასაარჩევნო კამპანიის დროს ხელისუფლების საკრიტიკებლად თემები სჭირდებათ, ამიტომ ჩვენმა ენერგეტიკის სამინისტრომ რა არგუმენტიც არ უნდა მოიყვანოს, ეს კრიტიკა გაგრძელდება. თვითონ თუ ასე აინტერესებდათ და წუხდნენ საქართველოს ენერგოუსაფრთხოებაზე რუსული კომპანიებისთვის ამდენი ელექტროსადგური არ უნდა მიეყიდათ და საერთოდ მგონი მილის მიყიდვას აპირებდნენ,“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
მივა თუ არა პარლამენტში, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასაუბროდ ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე, მომავალ კვირას გაირკვევა.