ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების უფლებების დასაცავად, მთავრობამ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების უფლებების დასაცავად საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა.
კანონპროექტები მთავრობის სხდომას იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა წარუდგინა.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, დღეს მოქმედი კანონმდებლობით, არ არის განსაზღვრული, თუ ვინ მიეკუთვნება ქუჩაში მცხოვრები ბავშვების კატეგორიას − ისინი ამიტომაც ზუსტად არ არიან აღრიცხულნი. ასეთი ბავშვების უფლებები სათანადოდ არ არის დაცული. მათ არ გააჩნიათ საიდენტიფიკაციო დოკუმენტაცია − დაბადებისა და პირადობის მოწმობები, პასპორტი, რადგან მათი მშობლები და მეურვეები ვერ ახერხებენ ან არ თვლიან საჭიროდ პატარებისთვის დოკუმენტაციის მოწესრიგებას. ამის გამოც ვერ იღებენ ისინი განათლებას, არ არიან ჩართულნი სოციალური თუ სამედიცინო სახის სახელმწიფო პროგრამებში. ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში, არ არსებობს მისი მოძალადისაგან მყისიერად განცალკევების მექანიზმი.
„ამ საკითხების კანონით მოწესრიგების მიზნით 2014 წლის 14 ნოემბერს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, ხოლო ცვლილებათა პაკეტი მოწონებულ და დამტკიცებულ იქნა საბჭოს 2015 წელის 23 დეკემბრის სხდომაზე. ცვლილებებზე აქტიურად მუშაობდა საბჭოს წევრი ყველა უწყება, განსაკუთრებით კი, საკითხით პირდაპირ დაინტერესებული უწყებები და სტრუქტურები − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“), საქართველოს მთავარი პროკურატურა; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი“. სამუშაო პროცესში ჩართულნი იყვნენ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი; გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF), საქართველოში აშშ-ის საელჩოს, საქართველოს პარლამენტის, ა(ა)იპ „ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის“, ა(ა)იპ „სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“, ა(ა)იპ „საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრის − თანადგომის“, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, ა(ა)იპ „ბავშვი და გარემოს“, ა(ა)იპ „კარიტასი საქართველოს“, ა(ა)იპ „ვორლდ ვიჟენ საქართველოს“ (World Vision Georgia), ა(ა)იპ „გადავარჩინოთ ბავშვების“ (Save the Children), ა(ა)იპ საქართველოს კოალიციის − „ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობისათვის“, ა(ა)იპ „საქართველოს ბავშვების“ წარმომადგენლები“ - აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, კანონპროექტს შემოაქვს ცნება „მიუსაფარი ბავშვი“, რაც შესაბამის სტრუქტურებს საშუალებას მისცემს, არა მხოლოდ ობოლი, უსახლკარო, არამედ უგულებელყოფილი მსხვერპლი ბავშვიც დაიცვას. ახლებურად რეგულირდება მიუსაფარი ბავშვებისათვის დოკუმენტაციის გაცემის პროცესი და უფრო ქმედითი ხდება არასრულწლოვნების ნებისმიერი ძალადობისაგან დაცვის მექანიზმები.
„ასეთი ბავშვების დოკუმენტაციის მოწესრიგების მიზნით სოციალური მომსახურების სააგენტოს ეძლევა უფლება, მიმართოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიუსაფარი ბავშვებისათვის დოკუმენტაციის გაცემის თხოვნით. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ამის შესაძლებლობა მხოლოდ ბავშვის მშობელსა და მეურვეს აქვთ. ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივის თანახმად, მიუსაფარ ბავშვებზე დოკუმენტები უფასოდ გაიცემა; დოკუმენტაციის მოწესრიგების შემდგომ კი მათ საშუალება ექნებათ, მიიღონ განათლება, შემწეობა და ჩაერთონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებში.
ცვლილებები უფრო ქმედითს ხდის არასრულწლოვნების ნებისმიერი ძალადობისაგან დაცვის მექანიზმებს. კანონპროექტი სოციალური მუშაკის როლის გაზრდას ითვალისწინებს, რომელსაც გადაუდებელი აუცილებლობისას ექნება უფლება, მიიღოს გადაწყვეტილება ბავშვის მოძალადისაგან დაუყოვნებლივ განცალკევების თაობაზე.
მოქმედი კანონმდებლობა ბავშვს იცავს მოძალადე ოჯახის წევრის ან კანონიერი წარმომადგენლისაგან. შეთავაზებული ცვლილებით, შესაძლებელი ხდება არასრულწლოვნის დაცვა გარეშე პირის ძალადობისგანაც. კანონში შემოდის „სხვა პირის“ ცნება, რომელიც შესაძლოა, ძალადობდეს მოზარდზე. ამ ცვლილების მიზეზი ის გარემოებაა, რომ ხშირად შეუძლებელია დადგენა, კონკრეტულად, ვინ ძალადობს მიუსაფარ ბავშვზე. კანონპროექტის მიღების შემდეგ სოციალური მუშაკი შეძლებს, დაეხმაროს ბავშვს მის მიმართ ნებისმიერი პირისაგან განხორციელებული ძალადობის ან უგულებელყოფის შემთხვევაში. მას უფლება ექნება, მიიღოს ბავშვის მოძალადე მშობლისგან, კანონიერი წარმომადგენლისგან ან სხვა პირისგან განცალკევების შესახებ გადაწყვეტილება; აუცილებლობის შემთხვევაში კი, მოხდება მშობლის უფლებების შეჩერება, რათა თავიდან იქნეს აცილებული მშობლის უფლებების ბოროტად გამოყენება და ბავშვზე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებმა შეძლონ მისთვის დახმარების, მათ შორის, სამედიცინო დახმარების, შეთავაზება“ - აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.
საკანონმდებლო ცვლილებების პროექტები მომზადებულია „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ საქართველოს კანონში, „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“, „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“.