აჭარაში, მიმდინარე წელს საოჯახო სასტუმროების მფლობელთა ტრენინგები იგეგმება

აჭარაში, მიმდინარე წელს საოჯახო სასტუმროების მფლობელთა ტრენინგები იგეგმება

ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მიმდინარე წელს ახალ პროექტებს იწყებს. სააგენტო, რომელსაც პროფილი და სახელი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა 2015 წელს შეუცვალა, სოფლად ტურიზმის და საზღვაო ზოლს მიღმა არსებული ტურისტული პოტენციალის ათვისება - განვითარებაზეა ორიენტირებული.

 

„ჩვენი მიზანია აჭარა, მხოლოდ ზღვაზე დასვენებასთან არ ასოცირდებოდეს, რადგან რეგიონს საზღვაო ზოლს მიღმა კარგი ტურისტული პოტენციალი გააჩნია. სააგენტოს პროფილის შეცვლის ძირითადი მიზანიც, სწორედ ამ აუთვისებელი პოტენციალის კომერციალიზაცია, მისი ათვისება და პოპულარიზაცია გახლავთ. სააგენტოს ერთ-ერთი მიმართულება ამ კუთხით წელს ახალი მარშრუტებისა და ტურისტული პროდუქტების შემუშავება იქნება“, განაცხადა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა.

 

მიმდინარე წელს, სააგენტო ახალი სრულყოფილი ტურისტული მარშრუტების შექმნას გეგმავს ყველა მუნიციპალიტეტში, რომლებსაც დაემატება სხვადასხვა სერვისები, რაც მარშრუტში საოჯახო სახლების ჩართვას, ადგილობრივი კერძების დეგუსტაციას, ადგილობრივი ხელნაკეთი ნივთების გაცნობასა და სხვა სერვისებს ითვალისწინებს. სააგენტო, ასევე გეგმავს აჭარაში არსებული საოჯახო სახლების ბაზის შექმნას, რომელიც თავისი ფოტოებითა და ინფორმაციით განთავსდება დეპარტამენტის ვებ-გვერდზე.

 

გასულ წელს, მარშრუტების კუთხით სააგენტომ ორი ახალი მარშრუტის მარკირება მოახდინა, რაც მაჭახელას ისტორიულ-კულტურული მარშრუტისა და ბათუმი-მირვეთი-ბათუმი ველო მარშრუტის ნაწილობრივ მარკირებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, შეიმუშავა ახლად გახსნილი სამთო-სათხილამურო კურორტის გოდერძის ტურისტული პაკეტები და მარშრუტი.

 

„ჩვენი ძირითადი მიზანი მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში მრავალფეროვანი ტურისტული მარშრუტების შექმნა, ტურისტული პროდუქტების დივერსიფიკაცია, სპეციალური პაკეტების, ტურების შექმნა და ბათუმში ჩამუსული სტუმრებისთვის მათი შეთავაზება,“ აცხადებს ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი თინათინ ზოიძე.

 

ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო სერვისის გაუმჯობესების მიზნით აჭარაში საოჯახო სასტუმროების მფლობელთათვის ტრენინგებს გეგმავს. ერთკვირიანი ტრენინგებისას მონაწილეებს სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში დამკვიდრებული საერთაშორისო სტანდარტების შესახებ მიაწოდებენ ინფორმაციასა და საინფორმაციო ბროშურებს, სადაც მომსახურების ძირითადი ნორმების შესახებ იქნება საუბარი. გარდა ამისა, სააგენტო კონკრეტული მარშრუტების მიხედვით გიდების გადამზადებასაც გეგმავს. ტრენინგები როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავს.

 

გარდა ამისა, სააგენტო რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით ორგანიზებას გაუწევს ფესტივალებს, მათ შორის ზაფხულის ფესტივალს, ფრინველების საერთაშორისო ფესტივალსა და შემოდგომის ფესტივალს, ასევე ინფო და პრეს ტურებს.

 

სიახლე იგეგმება ტურისტული საინფორმაციო ცენტრების მხრივაც. რეგიონში არსებულ 8 საინფორმაციო ცენტრს კიდევ ერთი დაემატება, რომელიც ბათუმი ცენტრალის შენობაში განთავსდება. საინფორმაციო ცენტრებში ასევე იგეგმება სარეალიზაციო პრუდუქტების (მარშრუტები, რუქები, ტურები,  ბროშურები, თემატური სუვენირები)  განახლება და გამრავალფეროვნება.

 

„მიმდინარე წელს, ჩვენ არაერთ საინტერესო პროექტს ვგეგმავთ, რომელშიც სტუდენტები, სასტუმროები, კვების ობიექტები და ტურიზმის სფეროსთან დაკავშირებული სხვა სექტორის წარმომადგენლები იქნებიან ჩართულები. სპეციალურ შეთავაზებებსა და წამახალისებელ აქტივოებები გვექნება ადგილობრივი ტურისტული სააგენტოებისთვისაც, რაც საბოლოო ჯამში ჩვენს კორდინირებულ მუშაობასა და რეგიონის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს,“-განაცხადა ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, თინათინ ზოიძემ.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: