პროკურორის მკვლელობის გამოძიების დეტალებზე არჩილ თალაკვაძე საუბრობს

პროკურორის მკვლელობის გამოძიების დეტალებზე არჩილ თალაკვაძე საუბრობს

შსს მინისტრის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე პროკურორ, ვახტანგ ქირიას მკვლელობის გახსნის დეტალებზე ტელეეთერებით საუბრობს და აცხადებს, რომ ბიძინა კუჭავამ მკვლელობა ახალი წლის ღამის ხმაურს დაამთხვია. მისივე თქმით, კუჭავამ ფეხის თითზე დაზიანება გვამის დანაწევრების მცდელობისას მიიღო.

 

შსს-ს ინფორმაციით, ბიძინა კუჭავა საზღვარგარეთ დაუკავშირდა უკვე იდენტიფიცირებულ პირს, რომელსაც საზღვრის დატოვებაში დახმარება სთხოვა, იგი თავის მხრივ დაუკავშირდა თბილისში მცხოვრებ პოპოვებს, რომლებიც კუჭავას ბინის დატოვებაში უნდა დახმარებოდნენ.

 

"ბინიდან დაკარგულია და გამქრალია გარდაცვლილი პროკურორის შარვალი და ფეხსაცმელები. არსებობს ვარაუდი, რომ მაღალი ალბათობით, სწორედ ამ ფეხსაცმელებით და შარვლით დატოვა მკვლელმა ბინა. ცნობილია, რომ როდესაც მანქანაში მან თვითმკვლელობა განახორციელა, მას ფეხი ჰქონდა შეხვეული სპეციალური სახვევით, ასევე ცელოფნით და ასე ეცვა ფეხსაცმელი. კუჭავას სახლიდან მისი ტანსაცმელი გადატანილია ექსპერტიზის ბიუროში, რათა დადგინდეს - მან ამ ტანსაცმლით დატოვა თუ არა აღნიშნული ბინა. ასევე, ცნობილია, რომ კუჭავა საზღვარგარეთ უკვე იდენტიფიცირებულ პირს დაუკავშირდა, რომელსაც სთხოვა დახმარება ქვეყნის დატოვებაში და უთხრა, რომ მას მოკლული ჰყავდა ადამიანი, ხოლო საზღვარგარეთიდან შემდგომში განხორციელდა ზარი ბატონ პოპოვთან და მის მეუღლესთან და მათ ეთხოვათ, რომ დახმარებოდნენ კუჭავას ბინის დატოვებაში. სწორედ ამ ორ ადამიანთან ერთად იმყოფებოდა მკვლელი კუჭავა ავტომანქანაში იუსტიციის სახლთან, როდესაც განახორციელა გასროლა საკუთარი რეგისტრირებული იარაღით და ასევე დადგენილია იმის მარშრუტი, თუ როგორ აპირებდა ის ქვეყნის დატოვებას. ოპერატიულმა სამსახურებმა და პოლიციამ ძალიან სწრაფად იმუშავეს და როდესაც ისინი დაედევნენ და შეაჩერეს მანქანა, მაშინ მკვლელი დიდი ალბათობით მიხვდა, რომ ის იდენტიფიცირებული იყო და მიიღო გადაწყვეტილება, რომ თვითმკვლელობით დაესრულებინა სიცოცხლე. ეს ყველაფერი დასტურდება ჩვენებებით, მათ შორის ბატონი პოპოვის და მისი მეუღლის მიერ, ასევე საქმეში სხვა მტკიცებულებებიც არის, რომელსაც მე დღეს ვერ გავამხელ. გამოძიებამ პრაქტიკულად დაადგინა, რომ ბატონი ვახტანგ ქირია არ მოკლეს იმის გამო, რომ ის იყო პროკურორი, რადგან მას მაღალი რისკის საქმეები ამ პერიოდში არ ებარა. რაც შეეხება მოტივს, ეს ყველაზე კარგად იმ ორმა ადამიანმა იცოდა, რომლებიც არ არიან ცოცხლები. პროკურატურა ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებს, რომ დავადგინოთ მოტივები", - განაცხადა თალაკვაძემ ,,იბერიასთან“ საუბარში.

 

მისივე განცხადებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის ვახტანგ ქირიას მკვლელობის გამოძიებამ კითხვები კიდევ ოთხი საქმესთან დაკავშირებით გააცოცხლა.

 

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქირიას მკვლელობის გამოძიებამ გააცოცხლა, ამოწია კითხვის ნიშნები სხვა ოთხ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც 2005-2009 წლებში მოხდა და რომლებიც დღემდე გაუხსნელია. ეს არის ბიძინა კუჭავას დის გაუჩინარება - ეს საქმე დღემდე გაუხსნელია; ეს არის მისი გერის მკვლელობა; ეს არის ცოლ-ქმარ ნინუების მკვლელობა, რომელზეც მართალია, ერთი ადამიანი მიეცა პასუხისგებაში, მაგრამ გამოძიება მუშაობს დამატებით, ეს საქმეც იქნა შესწავლილი; ასევე, ეს არის მაღალდაძის მკვლელობა, რომელზეც ასევე არსებობს კითხვის ნიშნები. ამ საქმეებში არის გარკვეული დეტალები, რომელსაც, შესაძლოა, კავშირი ჰქონდეს ამ ბოლო საქმესთან", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ ,,იმედთან“ საუბარში და დასძინა, რომ გამოძიება ამ საქმეებს შორის შესაძლო კავშირის დადგენაზე მუშაობს.

 

შსს-ს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მთავარი პროკურორის, ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებული "საქართველოს ხმის" დამფუძნებელი ბიძინა კუჭავაა, რომელმაც უწყების ინფორმაციითვე, მკვლელობის შემდეგ თავი მოიკლა. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: