თბილისის მერი სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგიას დაესწრო
თბილისის მერი, დავით ნარმანია სამების საკათედრო ტაძარში ნათლისღებასთან დაკავშირებით, საზეიმო ლიტურგიას დაესწრო. სადღესასწაულო ლიტურგია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, წმინდა სინოდის წევრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა.
„ნათლისღების დღესასწაული მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს, თითოეულ იმ ოჯახს, რომლისთვისაც მნიშვნელოვანი და ფასეულია დღევანდელი დღე. დღევანდელი დღე გამორჩეულია იმითაც, რომ ძალიან ბევრი ქრისტიანი ინათლება, ხდებიან უწმინდესის ნათლულები. მინდა ყველა ოჯახს მივულოცო, ვისი შვილიც დღეს გახდება მართლმადიდებელი, ღვთის წყალობა ვუსურვო“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. ამ დღეს, სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში იესო ქრისტე მონათლა. ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის მსახურება (დიდი აიაზმა) სრულდება და ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება.