დავით ფერაძე: ბატონო გიორგი, გადააყენეთ საჩქაროდ სანიკიძე!

დავით ფერაძე: ბატონო გიორგი, გადააყენეთ საჩქაროდ სანიკიძე!

                       ღია წერილი

 

საქართველოს პრემიერ მინისტრს,

 ბატონ გიორგი კვირიკაშვილს

 

 

პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი დიდი ხანია იბრძვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის არაპროფესიონალური, ნეპოტისტური, დამღუპველი საგანმანათლებლო პოლიტიკის წინააღმდეგ.

 

თამარ სანიკიძისა და მისი ბიუროკრატიული გარემოცვის სახელთანაა დაკავშირებული სისტემაში ნეპოტიზმის, კორუფციის, ბინძური გარიგებების, საბიუჯეტო თანხის „კანონიერი“ თუ უკანონო ფლანგვის დამკვიდრება. განათლების სისტემის საჯარო სამსახურებში შესარჩევ თანამდებობებზე ყველა კონკურსი ჩატარდა დარღვევებით, რაც დადასტურებულია საკონკურსო საოქმო ჩანაწერებით, რომლებიც გადაგზავნილია სამართალმდაცავ და საკანონმდებლო ორგანოებში, თუმცა დღემდე რჩება რეაგირების გარეშე.

 

სანიკიძეს და მის გარემოცვას უკავშირდება პროფესიონალი კადრების დევნა, მასწავლებლებისა და დირექტორების რეპრესიები და საახლობლო, მაგრამ არაპროფესიონალი მოძალადე კადრებით მათი ჩანაცვლება ან ჩანაცვლების მცდელობა.

 

სანიკიძემ სამინისტროს აპარატში დატოვა და წაახალისა შაშკინისდროინდელი მაქინატორები, ცრუ “საქმის შემკერავები“რომლებიც ჩემ მიერ არერთხელ იყვნენ მხილებულნი... ამ ბირთვს ეყრდნობა თამარ სანიკიძე თავის შავბენელ საქმიანობაში და სწორედ მათ შეთითხნილ ცრუბრალდებებს ეწირებიან პროფესიონალი კადრები:

 

საგანმანათლებლო სისტემაში ამოქმედდა საეჭვო ე.წ. „კონსულტანტთა საქმე“. სამინისტროს ხელდასხმით ჩამოყალიბებული კონსულტანტთა ჯგუფი, სამინისტროსვე მხარდაჭერით სკოლებს თავს ახვევს ე.წ. იურიდიულ დახმარების შესყიდვას. ჯგუფის ანგარიშზე სკოლებიდან ირიცხება საბიუჯეტო თანხები. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სკოლებიდან შემოსული თანხა აკუმულირდება სამინისტროში.

 

სანიკიძის უწყება არ  დაინტერესდა საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში არსებული დარღვევებით, მათ შორის, ამ სამსახურის ხელმძღვანელთა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში წინა ხელისუფლების სასარგებლოდ  უკანონოდ ჩართულობით. პირიქით, ამ პროცესში ჩართული პირები თანამდებობრივად დაწინაურდნენ და წახალისდნენ!!!

 

როგორც წლების წინ ვვარაუდობდით, ამოქმედებისთანავე სრული კრახი განიცადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემამ. შედეგად, ასობით მოტივირებული მასწავლებელი დარჩა იმედგაცრუებული. განვითარების ნაცვლად „სქემა“ გადაიქცა დაბრკოლების მიზეზად - რამაც ნეპოტიზმისა და კორუფციის ახალი შესაძლებლობები შექმნა. ამას დაემატა ახალი დარღვევები და განუკითხაობა პედაგოგთა უკანასკნელი საგნობრივი გამოცდების პროცესში, სადაც დაფიქსირდა დისკრედიტაციის შემთხვევებიც.სქემის კრახი იმის საბოლოო დადასტურებაცაა, რომ ქვეყნის ბიუჯეტს სრულიად ზედმეტად აწვება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი, არადა, შექმნის დღიდან, ანუ 2011 წლიდან სწორედ  მას უნდა  ეზრუნა მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე.

 

თამარ სანიკიძემ და მისმა ბიუროკრატიულმა გარემოცვამ 2013 წლიდან დღემდე გაძარცვეს სახელმწიფო ბიუჯეტი დაუსაბუთებელი პრემიებით და დანამატებით, სამაგიეროდ მათ ვერ შეიმუშავეს მასწავლებელთა ანაზღაურების მოქნილი, ოპტიმალური  და მოტივაციის მომცემი სისტემა, ვერ მოახერხეს საბაზო ხელფასის მსყიდველობითუნარიანობამდე მიახლოება. უფრო მეტი: საქმე იქამდეცაა მისული, რომ პედაგოგები მათზე გაცემული სახელფასო დანამატების საფრთხის წინაშეც კი დგანან!!!

 

საგანამანათლებლო სივრცეში, ამ ეტაპზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არის სრული ბანკროტი, ამ უწყებისა და მისი ხელმძღვანელის რეიტინგი საგანგაშო ნიშნულამდეა დაცემული, რაც, ბუნებრივია, აისახება მთელი სამთავრობო გუნდის რეიტინგზე.

 

ჩამონათვალი მცირეა იმ დარღვევებიდან, რაც სისტემაში ხდება. ყოველ მათგანზე არსებობს სათანადო დოკუმენტაცია, სახელმწიფო აუდიტის დასკვნა, თვით სამინისტროს საჯარო ინფორმაცია და ა.შ. რომელიც პედაგოგთა საკოორდიანაციო ცენტრმა არაერთხელ გაასაჯაროვა. თამარ სანიკიძის თანამდებობიდან გადაყენებას ვთხოვდით თქვენს წინამორბედ პრემიერს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, მაგრამ უშედეგოდ. იგივე თხოვნით მოგმართეთ თქვენც,  როდესაც პრემიერობის პოსტზე პარალმენტი განიხილავდა თქვენ კანდიდატურას.

 

პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი ითხოვს თქვენთან შეხვედრას თქვენთვის მისაღები სიმრავლის აუდიტორიის ფარგლებში და კიდევ ერთხელ განმეორებით მოგმართავთ:

 

1. დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან თამარ სანიკიძე და სამართლადმაცავებმა დაიწყონ მისი საქმიანობის დაუყოვნებლივი გამოძიება;

2. გათავისუფლდეს  სამინისტროს ყველა მაღალჩინოსანი, ვინც სანიკიძის ნეპოტისტურ პოლიტიკაში იყო გარეული;

3. დაიწყოს მასწავლებელთა სახელფასო პოლიტიკის გადახედვა და ხელფასების  მიახლოება მსყიდველობითუანრიანობასთან;

4. მაქსიმალურად შემცირდეს სამინისტროს აპარატის საშტატო რიცხოვნობა და აპარატის საბიუჯეტო ხარჯები;

5. სამინისტროს მმართველი ჯგუფი ანუ მინისტრი და მოადგილეები აუცილებლად დაკომპლექტდეს პედაგოგებისა და მეცნიერების წრიდან. ჩვენ ვერ შევურიგდებით ისეთ ცვლილებას, თუ ერთ არაპროფესიონალსა და საეჭვო საქმიანობის მქონე კადრს ასეთივეთი ჩაანაცვლებთ. ახალი მინისტრის შერჩევის პროცესი თუ დიდ დროს მოითხოვს, შესაძლებელია, რომ მინისტრის მოვალეობა ერთ-ერთი მოადგილეს, თუნდაც ბატონ შერვაშიძეს დაეკისროს;

6. შეჩერდეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის მოქმედება, მისი სრული გადახალისების მიზნით, ხოლო სქემაში უკვე ჩართულ მასწავლებლებს შეუნარჩუნდეთ არსებული სტატუსები;

7. რეორგანიზდეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი და დაიწყოს მისი ხელმძღვანელი პირების საქმიანობის გამოძიება;

8. ზემოაღნიშნულ და ასევე პედაგოგთა სახელფასო სისტემის მოწესრიგების საკითხებზე დაუყოვნებლივ დაიწყოს პერმანენტული დიალოგი პედაგოგებსა და მთავრობას შორის.

 

თამარ სანიკიძის გადაყენებისთვის ჩვენ ვიძლევით მაქსიმუმ ერთი კვირის ვადას. ვიმედოვნებთ, რომ გაითვალისწინებთ საქართველოს სასაკოლო საზოგადოების თქვენდამი კეთილგანწყობას, რომელიც ამ ეტაპზე არსებობს და   სანიკიძის ნულოვან რეიტინგს არ გადააყოლებთ ჩვენ ნდობას.

 

თუ ერთ კვირაში სანიკიძეს არ ჩამოაშორებენ დაკავებულ თანამდებობას, მაშინ ჩვენ გადავსინჯავთ ნდობის საკითხს და დავიწყებთ  საპროტესტო აქციისთვის მზადებას!

 

პატივისცემით,

დავით ფერაძე

პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი

 

18.01.2016 წ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: