ლია ტოკლიკიშვილი: „გამომძიებელი რეპორტიორის“ გადაცემის შეჩერების ზუსტი მიზეზი ჩვენც არ ვიცით!

ლია ტოკლიკიშვილი: „გამომძიებელი რეპორტიორის“ გადაცემის შეჩერების ზუსტი მიზეზი ჩვენც არ ვიცით!

„ივერიონს“ ნომინაციაში, საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიება ტელე-რადიო სივრცეში საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ წარდგენილი ფილმის - "ოქროსთვის შეწირულთა ქალაქის" გამარჯვებაზე და გდაცემა „გამომძიებელი რეპორტიორის“ შეჩერების მიზეზებზე, ჟურნალისტი, გადაცემა „გამომძიებელი რეპორტიორის“ ავტორი, ლია ტოკლიკიშვილი ესაუბრა.

 

-ქალბატონო ლია, უპირველესად გილოცავთ თქვენი საგამომძიებლო ჟურნალისტური პროექტის - "გამომძიებელი რეპორტიორის" აღიარებას.

 

იქნებ დააკონკრეტოთ, რა კონკრეტული დამსახურებისთვის გამოირჩა თქვენი პროექტი სხვა ნომინანტებს შორის?

 

-ვერ გეტყვით, თუ რა კრიტერიუმები ჰქონდა ჟიურის, მაგრამ, ნომინაციები იყო რამდენიმე სეგმენტში და ერთ-ერთი იყო - საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიება ტელე-რადიო სივრცეში. ჩვენმა საგამოძიებო ფილმმა სწორედ ამ ნომინაციაში გაიმარჯვა.

 

ნომინანტებს შორის ამოარჩიეს სამი გამორჩეული ნამუშევარი. მათგან ერთი იყო "რუსთავი 2"-ის მიერ წარმოდგენილი - "ქართული ფაშიზმი", მეორე, სტუდია მონიტორის მიერ წარმოდგენილი - "ნაპატიები მილიონები" და მესამე ჩვენი, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ წარდგენილი - "ოქროსთვის შეწირულთა ქალაქი".

 

სამადლობელ სიტყვაშიც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, გამორჩეული ფილმების ავტორთაგან ერთი იყო ჩემი სტუდენტი, "ნაპატიები მილიონების" ავტორი ცქრიალა შერმადინი. შესაბამისად, მქონდა ორმაგი მოლოდინი და მე გავიმარჯვებდი თუ ცქრიალა, ჩემთვის ერთნაირად სასიხარულო იქნებოდა.

 

მოხდა ისე, რომ ჟიურიმ უპირატესობა  ჩვენს ფილმს მიანიჭა, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემის "გამომძიებელი რეპორტიორის" - "ოქროსთვის შეწირულთა ქალაქს".

 

ჩვენი პროექტი, ალბათ, გამორჩეული იყო იმით, რომ აქ იყო ორი ხელისუფლების - ყოფილის და მოქმედის - ერთნაირი მონაწილეობა კაზრეთის ოქრომომპოვებელი საბადოების მავნე გავლენაში ადგილობრივ მოსახლეობაში ეკოლოგიური დაბინძურების თვალსაზრისით.

 

კაზრეთში წლების განმავლობაში მუშაობს ოქროსმომპოვებელი ორი კომპანია, რომლებიც „ნაციონალების“ დროს ძალიან ბევრ კანონდარღვევას უშვებდნენ, რაც  სამწუხაროდ დღესაც გრძელდება!

 

ჩვენ ფილმში გვაქვს ასეთი სიტყვები - არის ვიღაც, ალბათ, რაღაც ძალა კიდევ, რომელიც ყველა ხელისუფლებასთან პოულობს საერთო ენას და ეს  სავარაუდოდ არის ოქროს ძალა და სწორედ ამ ოქროს ძალას ეწირებიან იქაური მცხოვრებლები. მიუხედავად იმისა, რომ ისინი პრაქტიკულად „ოქროზე ცხოვრობენ“, იძინებენ და იღვიძებენ ოქროს მტვერში. ამით კი მხოლოდ იწამლებიან, ავადდებიან და მათთვის არანაირი სარგებელი ამ ოქროს არ მოაქვს!..

 

ოქრომომპოვებელი და გადამამუშავებელი კომპანიები იმდენად არიან ჩაკეტილნი მედიისთვის, რომ დასმულ კითხვებზე არანაირ განმარტებას არ აკეთებენ...

 

პროექტში წარმოდგენილი პრობლემათა ჯაჭვი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ იგი ნათლად წარმოაჩენს სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საზოგადოებრივ, პოლიტიკურ, ადამიანურ პრობლემებს და ვფიქრობ, ევროკავშირის გადაწყვეტილება, პრიორიტეტი მიენიჭებინა ჩვენთვის, სწორედ ამ მნიშვნელოვან პრობლემათა წარმოჩენამ გამოიწვია. ვინაიდან, ასეთი პრობლემები ბევრ ქვეყნებშია და განვითარებული ქვეყნები, (ქვეყნები, რომლებიც ამკვიდრებენ თანამედროვე ცხოვრების სტანდარტებს), ცდილობენ ჩაერთონ ამ პრობლემებში და თქვან თავისი სიტყვა... როცა ნახეს, რომ ეს აქაურმა მედიამ გააკეთა, სწორედ ამას უკავშირდება მათი გადაწყვეტილება.

 

-რამდენადაც ვიცით, ამ ეტაპზე საავტორო გადაცემა გაჩერებულია. რა არის ამის კონკრეტული მიზეზი და არის თუ არა საშიშროება, რომ საერთოდ არ გაგრძელდეს. მითუმეტეს, თქვენმა საავტორო გადაცემამ ქართველ მაყურებელში საკმაოდ კომპეტენტური ჟურნალისტური პროექტის შეფასება დაიმსახურა...

 

ვის გაეჩხირა ყელში „გამომძიებელი რეპორტიორი“?

 

-ამას ხშირად გვეკითხებიან, გვირეკავენ და გვწერენ წერილებს, თუ როდის გაგრძელდება გადაცემა. მინდა გითხრათ, რომ ეს ჯერ ჩვენ თავადაც არ ვიცით. დიახ, ჩვენ არ გვაქვს ზუსტი პასუხი. თუმცა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა გვაძლევს პირობას, რომ ჩვენი ჯგუფი გაძლიერდება, რომ ჯგუფს ექნება ის თავისუფლება, რომელიც აქამდე ჰქონდა, რომ ისინი დააფასებენ და სწორად შეაფასებენ იმ  შედეგებს, რომლებიც აქამდე მოიპოვა ჩვენმა ჟურნალისტურმა გამოძიებებმა.

 

სამწუხაროდ, გადაცემის შეჩერების ზუსტი მიზეზები ჩვენ არ ვიცით. მაუწყებლის ხელმძღვანელობა მიზეზად ასახელებს იმას, რომ ტექნიკურად უნდა გაგვაძლიერონ, რაც ჩვენთვის აბსოლიტურად მისაღებია, რადგან, ჯგუფი ამას ნამდვილად საჭიროებს.

 

მაუწყებლის ხელმძღვანელები წელიწადნახევრის განმავლობაში ჩვენი ძალიან დიდი გულშემატკივრები იყვნენ და გვერდში გვედგნენ ყველაფერში. ის, რომ ჯგუფი საჭიროებს ტექნიკურ გაძლიერებას, ამაში სრულიად ვეთანხმებით.

 

ვფიქრობ, რომ მოლოდინის რეჟიმი, თუ როდის დაუბრუნდება მაყურებელს გადაცემა - ეს მოლოდინის რეჟიმი დამთავრდება იმით, რომ ჩვენ ისევ ვიქნებით თავისუფალნი, ჩვენი ჯგუფი ისევ ისეთი იქნება, როგორიც იყო აქამდე, ერთადერთი რაც შეიცვლება არის ის, რომ გვექნება ტექნიკური მხარდაჭერა.

 

ჩვენთვის ყველაზე დიდი ჯილდო ისაა, რომ ჩვენს გამოძიებებს კონკრეტული შედეგები მოჰყვა. ჩვენი პირველი პრიზი იყო ცნობილი გამოძიების, პატიმარ კორტავას მკვლელობის თემაზე ჩატარებული გამოძიება, რომელმაც ციხის საერთაშორისო რეფორმის მაღალი შეფასება დაიმსახურა.

 

ასევე, ყველაზე დიდი შედეგი, რაც დადო და მოიპოვა ჩვენმა საგამოძიებო ჯგუფმა, ეს ვაზაგაშვილების მკვლელობის საქმეა. 

 

ძალიან ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი მაყურებელს, რომ გადაცემამ ორი თვე დაიგვიანა. ვფიქრობ, ამას იმით გამოვასწორებთ, რომ მაყურებელს ახალ  წარმატებულ გამოძიებებს შევთავაზებთ.

 

              ესაუბრა კარინა გრიგორიანი

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: