საკონსტიტუციო სასამართლო უნდა გაუქმდეს!
ავთანდილ კახნიაშვილი,
სამართლის დოქტორი
„ქართული პლატფორმა”
ახლახან მედიასაშუალებებით გამოყვეყნდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გამოხმაურება იუსტიციის მინისტრის განცხადებაზე საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმირების თაობაზე.
გიორგი პაპუშვილმა განაცხადა, რომ ”განცხადებები ბევრი უნახავს, მაგრამ კონკრეტულად რას გულისხმობენ, ეს ჯერ არ იცის”. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ საზოგადოებას გავაცნოთ საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმირების ერთი კონკრეტული მოდელი...
სამწუხარო რეალობაა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უაღრესად არაეფექტურად მუშაობსდა დანიშნულებას ვერ ასრულებს. გაუმართავი სამართლებრივი ბაზის გამო, დაფუძნების დღიდან, საკონსტიტუციო სასამართლო ადამიანის უფლებებზე მეტად მმართველი პარტიისა და აღმასრულებელი ხელისუფლების ინტერესების დაცვაზე ზრუნავს. კონსტიტუციასა და კანონმდებლობაში ”ვარდების რევოლუციის” შემდგომ შეტანილმა ცვლილება-დამატებებმა კი კიდევ უფრო გააუარესა მანამდე არსებული ვითარება.
საქართველოში პირველი საკონსტიტუციო სასამართლო, შევარდნაძის გაპრეზიდენტების შემდეგ, ფაქტობრივად, მის მიერვე და იმავე 10 წლიანი ვადით შეიქმნა, რომლის განმავლობაშიც თავად იქნებოდა უფლებამოსილი ემეთაურა სახელმწიფოსა და აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის.
„ნაციონალმა” სააკაშვილმაც საკონსტიტუციო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო საკუთარი გუნდით დააკომპლექტა. შედეგად, საკონსტიტუციო სასამართლო ვერც კონსტიტუციას იცავს ეფექტურად და ვერც არჩევნების გაყალბების ფაქტებზე ბედავს ხმის ამოღებას (გავიხსენოთ, უკრაინაში „ნარინჯისერი კრიზისი“ საკონსტიტუციო სასამართლომ აღმოფხვრა, ხოლო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ კი არც 2003 წლის „ვარდების რევოლუციისას” დაიცვა კონსტიტუცია და არც 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გაყალბების თაობაზე შეტანილი სარჩელი განიხილა). ან, როგორ უნდა დაიცვას სხვა ადამიანის უფლებები, როდესაც თავად საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეები ვერ ახერხებდენ თავის დაცვას და „ზემოდან” დარეკვისთანავე ვადამდე ტოვებდნენ თანამდებობებს...
გიორგი პაპუაშვილის თანამდებობაზე გამწესებისთვის კი თვით „უზენაესი კანონი“ შეიცვალა და ასაკი 30 წლამდე დაიწია... ამდენად, არ უნდა გვიკვირდეს, რატომ იღებს საკონსტიტუციო სასამართლო „ნაციონალურ ინტერსებში“ გადაწყვეტილებს ასე ოპერატიულად, ხოლო სხვა საქმების განხილვას წლობით აჭიანურებს...
ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ საკონსტიტუციო სასმართლოს დღემდე არ გააჩნია ეფექტური მექანიზმი საკუთარი გადაწყვეტილებების აღსასრულებლად და ვერც დაზარალებული მოქალაქეებისთვის ახერხებს ზიანის ანაზღაურებას. ამასთან, სამართალწარმოების პროცედურა იმდენად აბსურდული გახდა, რომ ჯერ სარჩელის დასაშვებობის საკითხის განხილვაზე აღარ იწვევენ ავტორს, საქმის განხილვის დასრულების შემდეგ შეეუძლიათ თვეებით გააჭიანურონ გადაწყვეტილების გამოტანა, ხოლო თუ გადაწყვეტილების გამოტანისას მოსამართლეთა ხმები გაიყო, სარჩელი არ კმაყოფილდება...
ფაქტია ისიც, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნების ხარჯზე ევროსაბჭოს გაფართოების შედეგად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც აშკარად ვეღარ ასრულებს თავის მისიას. როგორ ჩანს, საქმეებით გადატვირთვის გამო, ბოლო დროს, განმცხადებლები, რომლებიც წლობით ელოდებოდნენ სამართლიანობის აღდგენას, სტრასბურგიდან ტრაფარეტულ პასუხებს იღებენ იმის თაობაზე, რომ მათი საჩივრები არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს და არ განიხილება...
ამდენად, საქართველოს მოქალაქეებს, თუ მართლა გვინდა სამართლებრივი სახელმწიფოს აშენება და „ევროინტეგრაცია“, სასამართლო ხელისუფლებაში რეალური რეფორმები უნდა განვახორციელოთ და არა მხოლოდ კოსმეტიკური, რისთვისაც სასამართლოების სტრუქტურაც და საკადრო შემადგენლობაც ძირეულად უნდა შეიცვალოს!
რაც შეეხება უშუალოდ საკონსტიტუციო სასამართლოს, დღეს, როდესაც უკვე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე, შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, გამართლებულად მიგვაჩნია, საკონსტიტუციო სასამართლოზე საერთოდ უარის თქმა და მისი მიერთება უზენაეს სასამართლოსთან (ამაზე ადრეც იყო ლაპარაკი). სხვათა შორის, იმავე აშშ-ში, რომელიც დღეს სამაგალითოდ არის მიჩნეული, საკონსტიტუციო სასამართლო არ არსებობს და მის ფუნქციას 9 კაციანი უზენაესი სასამართლო ასრულებს.
კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიღებამდეც შეიძლებოდა მასში შესაბამისი ცვლილებები შეგვეტანა. ამის შემდეგ, საერთო სასამართლოებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონებების ნაცვლად, პარლამენტი მიიღებდა ორგანულ კანონს „სასამართლოების შესახებ”, რომლითაც უზენაესი სასამართლოს შემადგენლობაში სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეთა პალატების გარდა, გათვალისწინებული იქნებოდა საკონსტიტუციო და ადამიანის უფლებათა საქმეთა ახალი პალატა. აღნიშნულ პალატაში დასაქმდებოდა დღევანდელი საკონსტიტუციო სასამართლოს 9-ვე წევრი, მათ 6 ან 9 მოსამართლე დაემატებოდა და საჩივრებს 3-3 მოსამართლისგან შედგენილი კოლეგიები განიხილავდნენ (დღეს, კონსტიტუციურ სარჩელებს 4 მოსამართლე იხილავს, რაც უაღრესად არაგონივრულია, მითუმეტეს, როდესაც ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში სარჩელი არ კმაყოფილდება...). ამასთან, აღნიშნულ პალატას საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი საქმების განხილვის გარდა, დაემატებოდა არჩევნების კონსტიტუციურობის შემოწმების, კომპეტენციების თაობაზე დავების გადაწყვეტის, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებების საფუძველზე უზენაესი სასამართლოს მიერ ადრე მიღებული გადაწყვეტილებების კონსტიტუციის მეორე თავთან შესაბამისობის შემოწმების ან ახლადაღმოჩენილ (ახლადგამოვლენილ) გარემოებათა გამო ნებისმიერი კანონიერ ძალაში შესული ადრემიღებული სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის ფუნქცია (ანუ, აღნიშნული პალატა, ფაქტობრივად „მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი კომისიის“ ფუნqციასაც შეასრულებდა).
გარდა ამისა, ამავე პალატაში, რიგითობის მიხედვით მოხდებოდა საქართველოს მოქალაქეების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპულ სამართლოში გაგზავნილი საჩივრების გადახედვა და მათი საფუძვლიანად მიჩნევის შემთხვევაში, მთავრობას მიეცემოდა სავალდებულო ხასიათის მქონე დირექტივა ან რეკომენდაცია დაზარალებულისთვის სათანადო კომპენსაციის გაცემის თაობაზე (მითუმეტეს, ევროსასამართლო, ფაქტობრივად, გადაივსო საქმეებით და მხოლოდ საქართველოდან 2014 წელს 2000-მდე საქმეა შესული).
ამასთან, არ იქნებოდა ურიგო ამავე პალატას საკუთარი ძალებით, სათანადადო ანაზღაურებით მოწვეული ექსპერტებისა ან/და ე. წ. „სასამართლოს მეგობრების” დახმარებით მოემზადებინა დასკვნები კანონპროექტების კონსტიტუციასთან შესაბამისობის თაობაზეც.
ბუნებრივია, სამომავლოდ, როდესაც სტრასბურგში განსახილველი საჩივრების რიცხვიც გონივრულამდე შემცირდებოდა და უზენესი სასამართლოს მიერ ადრე მიღებული გადაწყვეტილებებიც გადაიხედებოდა, აღნიშნულ პალატაში მოსამართლეთა რიცხვის შესაბამისი შემცირებაც მოხდებოდა.
ცხადია, უნდა გადაიხედოს მოსამართლეთა კორპუსის მთელი შემადგენლობაც და გამწესების წესიც. მოსამართლეები მხოლოდ პიროვნული თვისებებით გამორჩეული წარმატებული ადვოკატებიდან, პროკურორებიდან ან მეცნიერებიდან („სამართლის დარგის აღიარებული სპეცილისტებისგან“) უნდა შევარჩიოთ. კანდიდატების თაობაზე წინასწარ უნდა ვაცნობოთ საზოგადოებას და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პოზიციაც უნდა გავითვალისწინოთ, რაც იმის გარანტი ინება, რომ თანამდებობაზე ცხოვრების ბოლომდე გამწესების შემდეგაც მოსამართლე ხელისუფლების რომელიმე მაღალჩინოსნის ნების გამტარებელი კი არ იქნება, არამედ რეალურად დაიცავს სახელმწიფო ინტერესებსა და ადამიანის უფლებებს.
ისიც ფაქტია, რომ მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებამდე მომხდარი ანტიკონსტიტუციური ქმედებების გამოსწორებას ვერ ახერხებს, ცალკეული მოქალაქეები ძალზე იშვიათად მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს. ამდენად, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს არ გავაუქმებთ, გამართლებული იქნებოდა ის დედაქალაქში დაგვებრუნებინა და თუნდაც ე. წ. ავლაბრის რეზიდენციაში განგვეთავსებინა.
დარწმუნებული ვარ, საკონსტიტუციოს სასამართლოს მიერთებით არც „უზენაესის” მოსამართლეებს უნდა შეეშალოთ ხელი საქმეების განხილვაში, ვინაიდან „ვარდების რევოლუციის” შემდეგ, ამას თითქმის აღარ არ აკეთებენ. უზენაესი სასამართლო, ფაქტობრივად, მოსამართლეთა „ცეკას” („ცენტრალური კომიტეტის“) ფუნქციას ასრულებს. თავმჯდომარე და მოადგილეები („პოლიტბიურო”) საქმეებზე პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ და ქვემდგომი ინსტანციის მოსამართლეებს „სახელმღვანელო დირექტივებს” უგზავნიან, ხოლო უზენაესი სასამართლოს დანარჩენი წევრები, საჩივრების აბსოლუტურ უმრავლესობას „ზეპირი განხილვის გარეშე” (მხარეთა დაუსწრებლად) სრულიად დაუსაბუთებლად „დაუშვებლად ცნობენ” და სახელმწიფო ბაჟის 30 %-ს, ფაქტობრივად, არაფრის კეთებისთვის იტოვებენ. სხვათა შორის, ეს მანკიერი პრაქტიკაც საკონსტიტუციო სასამართლოს ხელშეწყობით დამკვიდრდა და, შემდგომ, სააპელაციო ინსტანციებშიც გავრცელდა.
მიუხედავად, იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია საქმეების გახილვას ღიად (საქვეყნოდ, საჯაროდ) ითხოვს, საკონსტიტუციო სასამართლომ 2004 წელს ჩათვალა, რომ თუ კასატორი საკუთარი საჩივრის განხილვას (თუნდაც ერთადერთი საცხოვრებელი ბინიდან თაღლითები ასახლებდნენ) არ დაესწრება, მისი კონსტიტუციური უფლებები არ შეილახება...
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერთებით საქართველოს სასამართლო არშემდგარი სახელმწიფოს ბუტაფორიული ფასადიდან უნდა იქცეს რეალურად დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ უზენაეს ხელისუფლებად, რომელიც კონსტიტუციურ წყობასთან ერთად ეფექტურად დაიცავს ადამიანთა ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს.