დავით უსუფაშვილი სამუშაო ვიზიტით პოლონეთში იმყოფება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი სამუშაო ვიზიტით პოლონეთში იმყოფება, სადაც ევროპა-უკრაინის მეცხრე ეკონომიკური ფორუმის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა.
დავით უსუფაშვილმა ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ პლენარულ სხდომაში მიიღო მონაწილეობა, სადაც პოლონეთის, უკრაინისა და ევროპის პარლამენტის წარმომადგენლებთან ერთად ჩაერთო დისკუსიაში თემაზე: „უკრაინის ასოცირება ევროპის კავშირში-რეფორმები და მოდერნიზაცია“. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე, შეხვედრა პოლონეთის სეიმის სპიკერთან, მარეკ კუხჩინსკისთან გამართა.
დღეს დავით უსუფაშვილმა, სპეციალური სტუმრის სტატუსით, პანელურ დისკუსიაში: „აღმოსავლეთ პარტნიორობა-წარმატება თუ მარცხი?“ მიიღო მონაწილეობა.
სამუშაო ვიზიტის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შემაჯამებელი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოს თემატიკა აღმოსავლეთ ევროპელი პარტნიორების დღის წესრიგშია.
„ძალიან საინტერესო და სასარგებლო ღონისძიებაა. ესაა უკრაინის პრობლემებისადმი მიძღვნილი ფორუმი, რომელსაც 400-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან და ყველაფერი, რაც უკრაინას ეხება, პრაქტიკულად პირდაპირ თუ არაპირდაპირ, ეხება საქართველოს, ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ექსპერტების, პოლიტიკოსების მოსმენაც და მათთვის მნიშვნელოვანია ჩვენი პოზიციებიც. მე მქონდა შესაძლებლობა, რამდენიმე ღონისძიებაში მიმეღო მონაწილეობა, ევროინტეგრაციის მინისტრი, ბატონი დავით ბაქრაძეა ძალიან აქტიურად ჩართული ამ პროცესში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ბატონი ფხალაძე ასევე ძალიან აქტიურადაა ჩართული ამ საკითხებში. ასე რომ, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროცესის შემდგომი გაგრძელება, საქართველოს შემდგომი გზა ევროპული ინტეგრაციისკენ ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული უკრაინის პრობლემების მოგვარებასთან და ჩვენ ვცდილობთ ყოველთვის ვიყოთ ძალიან ახლოს და ძალიან აქტიურად ჩართული ამ პროცესებში. ამ ფორუმზე საქართველო არანაკლებ ხშირად იყო მოხსენიებული და საქართველოს თემატიკა არის დღის წესრიგში ჩვენი აღმოსავლეთ ევროპელი პარტნიორების“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.