მამუკა გიორგაძე: პრეზიდენტის „სექსუალური აცეტება“ პასუხისმგებლობის დაკისრების საგანი უნდა გახდეს!
„ივერიონს“ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე ესაუბრა „სახალხო პარტიის“ ლიდერი მამუკა გიორგაძე.
- ბატონო მამუკა, თქვენი აზრით, ვის აძლევს ხელს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით მანიპულირება და რა შეიძლება მოჰყვეს მის პერმანენტულ გამოქვეყნებას?
- საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებას თუ გადავხედავთ, პასუხი მარტივია- პოლიტიკური ვითარება არასტაბილურია, რასაც ფარული ჩანაწერები კიდევ უფრო ძაბავს; ამ კადრების აფიშირება ხელს აძლევს იმ გუნდს, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა ჯანსაღი კონკურენციის გზით მიაღწიონ წარმატებას!
თუ გარე ძალებზე გავამახვილებთ ყურადღებას, შეიძლება ვთქვათ, რომ საქართველოს არასტაბილური ვითარებით დაინტერესებულია რუსეთი და ეს დრამატული სცენები, რომლებიც ადამიანურ ემოციას იწვევს, თავისი უსუსური პოლიტიკის გადასაფარად გამოიყენება.
- საზოგადოება ამბობს, რომ მსგავს კადრებს „ნაციონალური მოძრაობის“ ზეობის ხანაში იღებდნენ და მას არა მხოლოდ ოპონენტთა, არამედ საკუთარ თანაგუნდელთა წინააღმდეგაც იყენებდნენ. ახალმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მან ამ ტიპის კადრები გაანადგურა,თუმცა ეს ასე სულაც არ აღმოჩნდა. რა უნდა მოიმოქმედოს ხელისუფლებამ პრევენციის მიზნით?
- უპირველესად, ვისაც არ უნდა გადაეღო ეს, და ამაში “ნაციონალურ მოძრაობაში“ მყოფნი იყვენენ ჩართულნი, პასუხისმგებლობა დღევანდელ ხელისუფლებას ეკისრება. მას 4 წელი ჰქონდა ავანსად, ეს მან არ გამოიყენა და დღეს მიიღო საზოგადოება , რომელიც უნდობლობას უცხადებს მას.
“ქართულ ოცნებას“ “ნაციონალებზე“ მეტად თუ ენდობიან, ეს დიდი შეღავთი არ არის. ხელისუფლებას უნდა შეექმნა ჯანსაღი საზოგადოებრივი კლიმატი, რომ ასეთი ჩანაწერების გამოქვეყნებას საზოგადოებაში დაძაბულობა არ მოჰყოლოდა. ასევე, საზოგადოებას ეჭვი მასზე არ უნდა მიეტანა. ასევე, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ – უაზრო კოაბიტაციით “ქართულმა ოცნებამ“ თანამშრომლობაზე უარი უთხრა მხარდამჭერთა იმ ნაწილს, რომლის ხარჯზეც ხელისუფლებაში მოვიდა და თანმაშრომლობა დაიწყო “ნაციონალებთან“.
ფაქტობრივად, ის ხალხი, რომელიც ათი წლის განმავლობაში ციხეებში იტანჯებოდა, პოლიტპატიმარი იყო, აგრეთვე, ზოგი პოლიტპარტია, რომელიც “ ნაციონალების“ დროს გარიყული და იზოლირებული იყო, ასევედ დარჩა. ოქრუაშვილი და მურუსიძე თუ “ქართული ოცნების“ სახელით გვესაუბრებიან, მაშ, რა შეცვალა „ქართულმა ოცნებამ“?
- თქვენი აზრით, რამდენად აუცილებელი და დროული იყო პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ “სექსის პროპაგანდა“?
- პრეზიდენტის მიერ სექსის, საყვარლების ინსტიტუტისა და ცოდვაში ცხოვრების პროპაგანდა დასჯადი ქმედებაა. საინტერესოა, ეს ხომ არ არის შორს მიმავალი გეგმის ნაწილი, რომელიც საქართველოს ეროვნულ ღირებულებას მომავალში დიდი საფრთხეს შეუქმნის!
ჩემი აზრით, მის მიერ ტელევიზიიდან ნათქვამი მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საგანი უნდა გახდეს.
- გჯერათ თუ არა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ავთენტურობის, რომლებსაც დაზარებულები, ზოგჯერ თავის მართლების მიზნით, ფალსიფიკაციას უწოდებენ. თუ ეს კადრები ნამდვილია, მხილებული პოლიტიკური ფიგურები იმსახურებენ თუ არა საზოგადოების მხარდაჭერასა და ერის სამსახურში დგომას?
- ნებისმიერ შემთხვევაში, ფაქტი, რომ ქვეყნდება ამ ტიპის ჩანაწერები, დასჯადია და შესაბამისმა სტრუქტურებმა პასუხისმგებლობა უნდა დააკისრონ დამკვეთს, შემსრულებელსა და გამავრცელებელს.
ჩვენ ყველანი ცოდვილი ვართ, არ გვაქვს უფლება დაზარებულს ქვა ვესროლოთ. პირადი ცხოვრების კადრების გამოქვეყნებამ ბევრ პოილიტიკოსს შეუქმნა პრობლემა, მაგალითად, კლინტონს, ნიქსონს, რომელიც ფარული ჩანაწერების გამო გადადგა. მაგრამ, ისეთ ტერიტორიებწართმეულ და პრობლემებით დახუნძლულ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც ამდენი აგენტურული ქსელია, არ გვაქვს უფლება ასეთ საკითხებს გვერდი ავუაროთ. პირადი ცხოვრება სხვადასხვაგვარია, და თუ ის სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს, უნდა აღიკვეთოს.
ესაუბრა ია ჯღარკავა