სოსო ცინცაძე: ის, რაც მე მეპატიება, პოლიტიკოსს არ ეპატიება!

სოსო ცინცაძე: ის, რაც მე მეპატიება, პოლიტიკოსს არ ეპატიება!

“ივერიონს“ სადღეისოდ აქტუალურ თემაზე ესაუბრება ექსპერტი სოსო ცინცაძე

 

- ბატონო სოსო, თქვენი აზრით, ვის აძლევს ხელს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით მანიპულირება და რა შეიძლება მოჰყვეს მის პერმანენტულ გამოქვეყნებას?

 

- არ არის გამორიცხული, ვინც ყველაზე ხმალამოწვდილი ებრძვის ამ საშინელებას, სწორედ ის იყოს ამის ტირაჟირებით დაინტერესებული. ამ კონკრეტულ შემთვევაში, საქმე ეხება არა სოციალურ, არამედ პოლიტიკურ დესტაბილიზაციას!

 

 მოსალეობის  95% -ს საერთოდ არ აინტერესებს ეს ვიდეოკადრები, რადგან მათ უამრავი ყოფითი პრობლემა აქვთ და ის უფრო აწუხებთ, რომ არ იციან, თავად რა ემუქრებათ -შიმშილით სიკვდილი თუ უმუშევრობისგან დაღუპვა...

 

ისეთი სკანდალი, როგორიც ამ დღეებში გავრცელდა, შეიძლება გარე ძალებსაც აძლევდეს ხელს, მაგალითად,  რუსეთს. არ გამოვრიცხავ,  ჩვენს სხვა მეზობელსაც, ვისზედაც  არავინ ეჭვობს.

 

საქართველოში, საერთოდ, ვინ გამოიგონა მაკიაველის სტილის ზეგავლენა პოლიტიკოსებზე, კერძოდ, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟი? პირადი ცხოვრება ჰქვია იმასაც, მე თუ ჩემს ცოლთან ვწევარ და მძინავს, მაგრამ ეს არავის აინტერესებს.

 

პირადი ცხოვრება, სხვა გაგებით,  გაკეთილშობილებული ფრაზაა არც თუ დაგალებული ცხოვრებისა. კომუნისტები  ოჯახური ღალატის გამოკვეთას  ტრაგედიას უწოდებდნენ  და ჩქმალავდნენ. დღეს კი პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს სპეციალურად აგროვებენ და  შანტაჟისთვის იყენებენ, რომლისგან თავდაცვის ერთადერთი იარაღია ის, რაც ინგა გრიგოლიამ გამოიყენა-გამოვიდა და აღიარა მასზე გადაღებული ასეთი კადრების ავთენტურობა. ამის შემდეგ მისი საწინააღმდეგო კომპრომატი ჩალის ფასი გახდა!

 

- უნდა აიკრძალოს თუ არა პირადი ცხოვრების ამსახველი სცენების გადაღება?

 

- მთელმა ვატიკანმა იცოდა, რომ პაპ იოანე მე-2-ს საყვარელი ჰყავდა, თუმცა, არ გახმაურებულა.  მხოლოდ ისეთ პრიმიტიულ საზოგადოებაში, როგორიც საქართველოშია, შეიძლება ნახოთ პლაკატი “სექსი დანაშაული არ არის!“  ვინ თქვა,  რომ დანაშაულია?  

 

მსოფლიოში პირადი ცხოვრების ამსახველი სცენების გადაღება რომ აიკრძალოს, პაპარაცები უმუშევარი დარჩებიან. გაგიგიათ, რომ პაპარაცი ციხეში ჩაესვათ? ღამეებს ათენებენ, საწოლის ქვეშ  და უნიტაზში უძვრებიან პოლიტიკოსებს, ოღონდ გადაიღონ, როგორ კოცნის ის ვიღაცას!

 

დეგოლი წერდა: “ ჩვეულებრივი ადამიანისგან განსხვავებით, პოლიტიკოსს არ შეიძლება ჰყავდეს მეგობარი და ჰქონდეს პირადი ცხოვრება“! რომაელები ამბობდნენ, რაც ხარს ეპატიება, იუპიტერს არ ეპატიებაო. ანუ, ის, რაც მე  მეპატიება, პოლიტიკოსს არ ეპატიება!

 

- გჯერათ თუ არა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ავთენტურობის, რომლებსაც დაზარებულები, ზოგჯერ თავის მართლების მიზნით, ფალსიფიკაციას უწოდებენ. თუ ეს კადრები ნამდვილია, მხილებული პოლიტიკური ფიგურები იმსახურებენ თუ არა საზოგადოების მხარდაჭერასა და ერის სამსახურში დგომას?

 

- როცა პოლიტიკა პირადი კეთილდღეობის გარანტი ხდება, ის იქ მთავრდება . ჩვენს პოლიტიკოსთა ერთ ნაწილს არ აქვს შეგნებული ის მძიმე ტვირთი, რომელიც უნდა ატარონ პოლიტიკაში ყოფნისას.

 

მიუხედავად იმისა, დღეს ტექნიკურად ადვილია ასეთი კადრების დამზადება, იმ პოლიტიკოსების ადგილას რომ ვიყო, ამ მასალების შესწავლას მოვითხოვდი. მე იმის მეშინია, რომ ასეთი სკანდალებით უფრო და უფრო ვშორდებით ევროპას!

 

                       ესაუბრა ია ჯღარკავა

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: