როგორ კლავენ განათლების სისტემას, ანუ თამაშგარე მდგომარეობაში დარჩენილი მოსწავლე!
დავით ფერაძე
პედაგოგი, ისტორიკოსი,
პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ამჟამად მოქმედ სქემაზე პირველად 2014 წლის ზაფხულში გამოვაქვეყნე ანალიტიკური სტატია.
მაშინ სქემის მხოლოდ მონახაზი არსებობდა. მისი შინაარსი გაკვრით თუ იცოდა საზოგადოებამ. სქემის პროექტის ყველა ვერსიის შესწავლით ჩანდა, რომ იგი არათუ პროფესიული წინსვლის ხელშემწყობად, არამედ ბარიერად იქცეოდა!
დავიწყეთ სქემის დაკანონების წინააღმდეგ ბრძოლა, მაგრამ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უფრო საგულდაგულოდ გაასაიდუმლოა მისი სამუშაო ვერსია. ტარდებოდა ფორმალური შეხვედრები პედაგოგებთან, სადაც, თითქოს მათ წინადადებებს ისმენდნენ. სინამდვილეში სქემა გასაჯაროვდა მხოლოდ 2015 წლის თებერვლიდან, როდესაც მთავრობის შესაბამისი დადგენილებით და პრემიერის ხელმოწერით ის უკვე ძალაში შევიდა.
მთავრობის ამ გადაწყვეტილებით მასწავლებლები აღმოჩნდნენ გარდაუვალი აუცილებლობის წინაშე - მათთვის სქემაში ჩართვა სავალდებულო გახდა. საზოგადოების ნაწილისა და მათ შორის ჩემი ვარაუდებიც რეალობად იქცა: რეფორმა ამოქმედებისთანავე ჩიხში შევიდა. ამჟამად მოქმედი სქემის არათუ ცალკეული ნაწილი, არამედ მთლიანი სქემა კლასიკური აბსურდის ნიმუშია. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მისი ხელმძღვანელის პოზიცია კი ძველებურად სრულიად არაადექვატური, არაპროფესიონალური და დემაგოგიურია.
პროფესიული ზრდა ვერ „შედგ(ებ)ა“
სქემა სინამდვილეში არანაირ კავშირში არ არის მასწავლებლის პროფესიულ ზრდასთან. იგი სინამდვილეში „ადასტურებს და ამტკიცებს“, რომ მასწავლებლები არაპროფესიონალები და დაბალი კომპეტენციის ყოფილან, რომ მათ არ აქვთ „მორალური“ უფლება მოითხოვონ ხელფასის რეალური (და არა მოჩვენებითი 40 ლარიანი ზრდა).
სქემა არ უზრუნველყოფს ფინასურ ზურგგამაგრებას, რაც პედაგოგს გაანთავისუფლებდა დამატებითი სამუშაოსგან (რეპეტიტორობა ან სხვა სამსახური) და აქტიურად ჩართავდა თუნდაც იდეალურ სქემაში.
პედაგოგის სტატუსებსა და სახელფასო ზრდას შორის არ არსებობს წამახალისებელი ბმა. ეს არის სიცრუე. დაგემილი მიზერული განსხვავება ანაზღაურებას შორის არ არის ბიძგი და სტიმული შემდგომი კარიერული წინსვლისთვის, თუმცა, ფინანსური მოტივირება მაღალიც რომ იყოს, არსებობს უამრავი, სათანადოდ მოფიქრებული ბარიერი, რაც პედაგოგთა უდიდეს ნაწილს დაბალ სტატუსზე „გაყინავს“ და წინა არ გაუშვებს!
შესაბამისად, 2017 წლისთვის სახელფასო მატების ვითომც კოლოსალურ ნიშნულამდე აწევა მხოლოდ ილუზიაა!
ამ ეტაპზე ქვეყანას ძირითადად ჰყავს ორი - ე.წ. პრაქტიკოსი და ე.წ. უფროსი მასწავლებელი (თუმცა ორასამდე პედაგოგი წამყვანის სტატუსსაც ატარებს) 65 ათასადმე მასწავლებლიდან ოფიციალური მონაცემებით უფროსია მხოლოდ 16 339. უკანასკნელი (2016 წ.) „მცდელობისას“ მათი რაოდენობა მხოლოდ რამდენიმე ასეულით გაიზარდა. ასეთი ტემპის პირობებში, უნდა ვივარაუდოთ, რომ შემდგომ სამ წელიწადში „უფროსების“ რიცხვი 20 ათასსაც ვერ მიაღწევს. თუმცა, ამ ხნის განმავლობაში რამდენი „უფროსს“ ჩქმოაქვეითებენ, ან გაუშვებენ ან რამდენი თავად დატოვებს სკოლას - არავინ იცის. გამოდის, რომ ერთი ადგილის ტკეპნა კიდევ დიდხანს მოგვიწევს.
თუ შემდგომი პროფესიული ზრდა ისევ მასობრივად წარუმატებელი აღმოჩნდება, დაახლოებით 50 ათასამდე ე.წ. პრაქტიკოსი მასწავლებელი მოქმედი კანონმდებლობით (მთავრობის დადგენილება კრედიტქულების დაგროვების ვადების შესახებ. 20.02.15.წ. მუხლი, 3,2) დამწყებ სტატუსსაც დაკარგავს და შესაბამისად საჯარო სკოლებსაც გამოემშვიდობება. პედაგოგთა დაახლოებით 30 პროცენტი ასაკობრივი პრინციპით ისედაც წავა, საჩვენებლად, ყოველწლიურად, მხოლოდ 300-400 პედაგოგი თუ გადავა ახალ საფეხურზე (საერთოდ კი პრაქტიკოს მასწავლებელს 13 წელი მაინც უნდა, რომ ყველაზე მაღალ მენტორის საფეხურზე გადაინაცვლოს, თუმცა, თუ ამ საფეხურებისთვის შესანარჩუნებელ ქულებს ვერ დააგროვებს, მას „ჩამოალაბორანტებენ“ „დაბალ კასტებში“).
პასუხი იმაზე, თუ ვინ ჩაანაცვლებს ამხელა კორპუსს - არ არსებობს. სარეზერვო, დაუსაქმებელი სპეციალისტები არიან, მაგრამ ამ რაოდენობით არა. ამიტომ, ირთვება „წრედის სისტემა“ და სკოლიდან გაგდებულ პრაქტიკოს მასწავლებლებს შეეძლებათ ისევ თავიდან პრაქტიკოსობიდან დაიწყონ კარიერა (მთავრობის დადგენილება. 20.02.15.წ.). ჩვენი სამინისტროს ე.წ. პოლიტიკა იქითაა მიმართული, რომ მასწავლებელთა დიდი ნაწილი სწორედ ამ „ჩაკეტილ წრეში“ მოამწყვდიოს და მინიმუმ 8 წელი შემდგომი სათანადო სახელფასო ზრდის მიღმა დატოვოს. სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით ეს ნიშნავს განათლების სისტემაში არაპროფესიონალთა დასაქმების დაკანონებას, ეს ნიშნავს მომავალი თაობის ფსევდო, იმიტირებული განათლებისთვის გაწირვას ოფიციალურ რანგში!
(მო) მკვდარი გაკვეთილები
ამჟამად მოქმედი უფროსი და სამომავლოდ საოცნებო ზედა საფეხურების მასწავლებელებისთვის კრედიტქულების მოგროვების ერთ-ერთი აბსურდული ვალდებულებაა წინასწარი სცენარით დადგან სპექტაკლ-გაკვეთილი და გადაიღონ ის. მართალია, „სპექტაკლობანა“ კანონით არაა სავალდებულო, მაგრამ, ხარვეზების პრევენციისთვის მასწავლებელს სხვა გამოსავალი არ რჩება.
მარტივი არითმეტიკული გაანგარიშებითაც კი ადვილი წარმოსადგენია მასწავლებლის სავალდებულო აქტივობები რა უპრეცედენტო ქაოსს წარმოქმნის. მაგალითისთვის ავიღოთ ე.წ. „გარედაკვირვება“ (გამოცდების ეროვნული ცენტრის ვალდებულება). მოცემულ პერიოდში გარედაკვირვებისთვის გადაღებული ვიდეო-გაკვეთილების საშუალო ჯამი ქვეყნის მასშტაბით შეადგენს 50 000-მდე სპექტაკლ ვიდეო გაკვეთილს ანუ 37 500 ასტრონომიულ საათს. მართალია, გამოცდების ეროვნული ცენტრისადმი სანდოობა შედარებით ნორმალურია, მაგრამ არსებული ადამიანური და დროის რესურსით, რამდენად გაწვდება ეს უწყება ამხელა ხანგრძლივობის ვიდეოგაკვეთილების 1. ნახვას, 2. განხილვას, 3. შეფასებას, 4. დასკვნას, 5. შედეგების დადებას?!
გარედაკვირვებისთვის ოცმა ჯგუფმაც თავაუღებლად, დილიდან საღამომდე რომ იმუშაოს, ატვირთული მასალის მხოლოდ სანახავად საჭირო იქნება 375 რვასაათიანი სამუშაო დღე, ანუ ოც ჯგუფსაც კი წელიწადნახევარზე მეტი დრო დაჭირდება ვიდეოგაკვეთილის მხოლოდ სანახავად, აღარაფერს ვამბობ დარჩენილი კიდევ ოთხი სამუშაოს შესრულებაზე.
პედაგოგი უნდა ეყოს დროს თუ დრო პედაგოგს?!
პედაგოგმა ახალი სტატუსისთვის რომც არ იბრძოლოს, მოპოვებულისთვისაც საკმაო საბრძოლო აქვს და ეს ბრძოლა უხდება და მოუხდება კოლოსალური დროის და ენერგიის ხარჯვად.
21-ე საუკუნეში. ე.წ. კომპიუტერულ ეპოქაში, შემცირების ნაცვლად მკვეთრადაა გაზრდილი და სავალდებულო პედაგოგიური საქმიანობაზე მეტ დროს საჭიროებს არაფრისმომცემი ფორმალობა: მაგ: თვითშეფასების კითხვარი, ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა, პროფესიული საქაღალდის დოკუმენტებით შევსება. შიდა შეფასების ჯგუფში ჩართული მასწავლებელი კი დამატებითაა დატვირთული. გარედამკვირვებლებისგან განსხვავებით, რომლებიც საკმაოდ სოლიდურად მიიღებენ გასამრჯელოს, შიდადაკვირვება ანაზღაურებადი არ არის. მათი „სტიმული“ მხოლოდ ერთგვაროვანი კრედიტქულაა იმის მიუხედავად, თუ რა მოცულობის „შემფასებლურ“ საქმიანობას გასწევს.
მარტივად რომ ვთქვათ: არ არსებობს მათ მიერ გაწეული სამუშაოსა და კრედიტქულების პირდაპირპროპორციულობის სტანდარტი.
შიდაშეფასებისას კიდევ ერთი ნონსენსი იჩენს თავს: გაუგებარია, რა პროფესიონალურ მახასიათებლებით შეირჩევა შიდასასკოლო შეფასების ჯგუფი, იმ დროს, როდესაც წამყვანი (მესამე საფეხური) ან მენტორი (მეოთხე საფეხური) მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებელი ან შესანარჩუნებელი აქტივობები უნდა შეფასდეს და თუ მოცემულ მომენტში სკოლას მხოლოდ დაბალი სტატუსის მასწავლებლები ეყოლება? ანუ, უფროსმა მასწავლებელმა უნდა განსაზღვროს წამყვანი თუ მენტორი მასწავლებლების ბედი?
თუმცაღა, განხორციელებული აქტივობა აპრიორულ გარანტიას როდი იძლევა, რომ ის შესაბამისი კრედიტქულებით „შეფასდეს“ (ამის სამწუხარო მაგალითი უკვე ვნახეთ). აქ რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს: შიდა თუ გარე შეფასების ჯგუფის არაობიექტურობა, არაკომპეტენტურობა, წინასწარგაზრახულობა, სუბიექტურობა, ტექნიკური პრობლემა და ა.შ.
თუ ზოგადად კრედიტქულებს თვალს გადავავლებთ, ერთი კრედიტქულა არის სამი სრული სამუშაო დღის ექვივალენტური (საშუალოდ), შესაბამისად, თითოეული სტატუსისთვის თუ განვსაზღვრავთ საშუალოდ 14 კრედიტქულას, ის 42 რვასაათიანი სამუშაო დღის, ანუ 336 ასტრონომიული და 445 აკადემიური (საგაკვეთილო) საათის ექვივალენტური გამოდის.
ერთმა მასწავლებელმა უნდა მოახერხოს 336 ასტრონომიული საათი 4 წელზე (ის თუ პრაქტიკოსია) ან 5 წელზე (თუ ის ზედა საფეხურებზეა) გადანაწილება. ეს ნიშნავს, იმას, რომ სრული დატვრითვის მქონე მასწავლებლის სამუშაო დრო ყოველდღიურად კიდევ ერთი სამუშაო საათით მაინც უნდა გაიზარდოს.
რეფორმის ავტორებს არც ის გაუთვალისწინებიათ, რომ ამის რეალური შესაძლებლობა არ არსებობს. რვასაათიანი სამუშაო დროის პირობებშიც ნებისმიერი დასაქმებული ადამიანის ფიზიკურ-გონებრივი შესძლებლობა ნელ-ნელა ქვეითდება და ეს შრომის ნაყოფიერებაზეც აისახება.
რეაბლიტაციისთვის აუცილებელია დასვენება, რომელსაც პედაგოგი სქემაში ჩართვამდეც ვერ იყენებდა და მითუმეტეს, სქემის ამოქმედებამ კიდევ უფრო დატვირთა. პედაგოგს უპირობოდ უნდა მიუწვდებოდეს ხელი სათანადო ბეჭდურ, თუ ონლაინ ლიტერატურაზე, პრესაზე, სხვა რესურსებზე... დროისა და ფიზიკური შესაძლებლობის გარდა ეს შესაბამის ფინანსურ რესუსრსაც მოითხოვს. გამოდის, რომ პედაგოგი მრავალმხრივ კრიზისშია. სქემა მისთვის მისაღებიც რომ იყოს, მასში ჩართვის ძალაც არ შესწევს, ამიტომაც ის რჩება დილემის წინაშე: შეწყვიტოს დამატებითი შრომა, უპირველესად რეპეტიტორობასა და დამატებით სახსრებზე უარი თქვას და გადაერთოს მხოლოდ „პროფესიულ წინსვლაზე“, ოღონდ საამისოდ არც ფინანსური, არც ფსიქოლოგიური, არც ფიზიკური რესურსი აღარ ექნება, ან მოიქცეს პირიქით: უარი უთხრას პროფესიულ წინსვლას და ძველებურად გააგრძელოს საქმიანობა. ასეთ შემთხვევაში, მინიმუმ სამ წელში ის სკოლას დაემშვიდობება.
სასკოლო რესურსების მზაობა
სქემა არ ითვალისწინებს არა მარტო იმას, ეყოფა თუ არა ინტელექტუალური და ფიზიკური ძალა და დრო თავად პედაგოგს, არამედ, არც პედაგოგის პროფესიული საქმიანობის ადგილის - სკოლის ფაქტორსაც.
აქტივობების ერთი ასტრონომიული საათი შეესაბამება დაახლოებით 0,03-0.05 კრედიტს. 3-5 წლის განმავლობაში ერთ პედაგოგს სკოლამ უნდა გამოუყოს კვირაში 2-5 საათი მაინც კრედიტების დასაგროვებელი აქტივობისთვის, ანუ: პრაქტიკოსს - 2, უფროსს - 3, წამყვანს - 4, ხოლო მენტორ მასწავლებელს - 5 საათი. სკოლამ მთელი სასწავლო წლის განმავლობაში ყოველდღე თითო საგაკვეთილო საათიც რომ დაუთმოს პედაგოგს (რაც, ბუნებრივია, ყოვლად შეუძლებელია), სქემით გათვალისწინებულ ყველაზე დიდ ვადაში - 5 წელიწადში ის მაქსიმუმ 17-20 პედაგოგს თუ „დააკმაყოფილებს“.
განსაკუთრებული უტოპიურობით გამოირჩევა ე.წ. „მაღალი“ აქტივობები: სახელმძღავენლოს ავტორობა-თანაავტორობა, პრეზენტაციების ორგანიზება, ტრენერობა, ინტერნეტ და სასწავლო ელექტრონული რესურსების შექმნა, კვლევები, საგანმანათლებლო პროექტების ავტორობა, სტატიების წერა და ა.შ.
ვინმეს ჰგონია, რომ ასეთი აქტივობების მქონე ადამიანს დამყაყებულ სისტემაში დარჩენის სურვილი ექნება? თან მხოლოდ წამყვანი ან მენტორის სტატუსისთვის? მხოლოდ 100-200 ლარიანი სახელფასო სხვაობისთვის? მსგავსი მასშტაბის აბსურდს, ალბათ, დედამიწაზე სხვაგან ვერსად ვიპოვით!
დავუშვათ, გვაქვს იდეალური შემთხვევა და პედაგოგს ყოფნის „ჯამაგირი“, დავუშვათ ის მთელი მონდომებით ჩეაფლო პროფესიულ წინსვლაში. გაწვდება კი საჯარო სკოლა ყველა ასეთი მონდომებული მასწავლებლისთვის ჯერ ბაზით, ხოლო შემდეგ შეფასებით უზრუნველყოფას?!
მაგალითისთვის ავიღოთ ისეთი იდეალური საჯარო სკოლა, სადაც საშუალოდ 60 მასწავლებელი მუშაობს და 55 მათაგნი უფროსი მასწავლებლის სტატუსს ატარებს, ხოლო 55-დან 45 მაინც შემდგომი სტატუსისთვის ემზადება. სკოლაში მოქმედი შეფასების ჯგუფისთვის ერთი მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარზე მუშაობა მოითხოვს სასწავლო წლის განმავლობაში დაახლოებით 8 საათს (55 მასწავლებელს კი 440 საათი დასჭირდება), გაკვეთილზე დაკვირვებისას (პრაქტიკოსი/უფროსი მასწავლებლისთვის) 45 მასწავლებლის შემთხვევაში - 67 ასტ.სთ. (საშუალოდ 90 გაკვეთილზე დასწრება); ჩატარებული გაკვეთილის შეფასება - საშუალოდ 100 ასტ. სთ; მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტების შეფასება საშ: 150 ასტ.სთ; განმავითარებელი შეფასების წერილობითი ფორმები. საშ 45-50 სთ. მთლიანი საშუალო ჯამი კი იქნება 802 ასტ. სთ. (440+67+100+150+45). ეს გახლავთ 100 რვასაათიანი სამუშაო დღე (მაშინ, როდესაც სასწავლო დღეების რაოდენობა 200-მდეა).
თუ სასწაული მოხდა და სკოლას ეყოლება წამყვანი და მენტორი მასწავლებლები, შეფასების ჯგუფის საქმე უფრო რთულდება, მაგ: ის არანაკლებ ათჯერ აკვირდება წამყვანი მასწავლებლის მიერ ჩატარებულ სამოდელო გაკვეთილს და არანაკლებ ხუთჯერ აკვირდება მენტორის მიერ ჩატარებულ სამოდელო გაკვეთილს და შესაბამისი რუბრიკის გამოყენებით აფასებს მათ!
რა გამოდის? საჯარო სკოლა უნდა მოწყდეს უმთავრეს ფუნქციას - მოსწავლისთვის განათლების მიცემას (ეს ფუნქცია ისედაც მოჩვენებითი ხდებოდა) და გადაიქცეს შემფასებელ დაწესებულებად?!
შეფასების ჯგუფის წევრი თუ ამ ტემპში იმუშავებს, გაკვეთილებს როდისღა ჩაატარებს ან დირექტორი როგორღა შეძლებს გაართვას თავის მთავარ ვალდებულებას - სკოლის მართვას?
რჩება ერთი გამოსავალი: შიდა შეფასება უნდა გახდეს ფორმალური (გაფორმდეს დოკუმენტაციით) ყალბი და ხანდახან, მხოლოდ მონიტორინგის თვალის ასახვევად განხორციელდეს, როგორც ეს საბჭოურ პერიოდში ხდებოდა.
შეუქცევადი კრიზისი და ევროინტეგრაცია
2014 წლის გამოთქმული მოსაზრებიდან, მაშინდელი კვლევების ანალიზებიდან თითქმის ზედმიწევნით აღსრულდა ნავარაუდევი: პოსტსაბჭოურ სივრცის ქვეყნების პედაგოგთა მდგომარეობას არასახარბიელოობით მკვეთრად გავასწარით, მასწავლებლის მოტივაცია ფაქტობრივად აღარ არსებობს, იმატა დაბალმა კომპეტენციებმა, პროფესიის არაპრესტიჟულობამ, მასწავლებლის სოციალურმა დაუცველობამ, საერთოდ უხარისხოა პროფესიული განვითარების პროგრამები.
გაიზარდა სიტუაციის სარკასტულობა ევროკავშირთან ინტეგრაციის ფონზე. რომლის წევრი ქვეყნების პედაგოგის საშუალო წლიური ხელფასი 57 ათასიდან 101 ათას ევრომდეა (საქართველოში 1640 ევროა); სასაცილოა პედაგოგის კარეიერული ზრდის ჩვენი და მათი მოდელის შედარებაც, მაგ: შვეიცარიაში, რომელიც ფართობით ბევრად ჩამოუვარდება, ხოლო მოსახლეობის რაოდენობით მცირედ აღემატება საქართველოს. კლიმატური, ისტორიული, რელიგიური, ტრადიციული და სხვა ფაქტორების გათვალისიწინებით, ამ ქვეყანაში 150-მდე სხვადახვა საგანმანათლებლო მოდელი (ჩვენებურად სქემა) მოქმედებს.
2008 წელს ჩვენი ქვეყნის პედაგოგთა 70%-ისთვის სკოლაში დარჩენის მოტივაცია იყო 700 ლარიანი ხელფასი, 2013 წელს 1000 ლარი. ამ ეტაპზე კი სკოლის გაგონება თითქმის აღარავის უნდა.
დავასრულებ 2014 წელს გამოქვეყნებული ჩემი სტატიის პერიფრაზირებით: თუკი ვამბობთ, რომ საქართველოში განათლების სისტემა რეგრესირებულია, თუკი საუნივერსიტეტო განათლებაც იგნორირებულია, მაშინ გადამმზადებლები, ტრენერები, მონიტორინგის ჯგუფები და სხვანი, საიდან მოვლენ? მაშინ, ვინ არის ის, ვინც კვანძის მთავარ ძაფსაა ჩაჭიდებული? მას საიდანღა აქვს ცოდნა, თუკი არავის არ აქვს იგი?“ ეს კითხვები ისევ უპასუხოა.
თუ დავუშვებთ, რომ კარიერული წინსვლის ამ უტოპიურ მოდელში ჩართულთ ჯადოქრული თვისებები აღმოაჩნდებათ, თუ პედაგოგის საწყისი (საბაზო) სახელფასო ანაზღაურებაც ევროსტანდარტებს დაუახლოვდება და რეალურად მზარდი გახდება, ამ შემთხვევაშიც კი აღმოვჩნდებით სხვა, უფრო ღრმა და მთავარი პრობლემის წინაშე: რეფორმა კატეგორიულად გამორიცხავს სწავლება-სწავლის ხარისხის ამაღლებასა და მოსწავლეთათვის კონკურენტუნარიანი საბაზო ცოდნის პაკეტის შეთავაზებას, სინამდვილეში ვიღებთ: კრედიტქულების დაგროვებასა და კატეგორიებზე ორიენტირებული მასწავლებელი სქემით შემოთავაზებულ აქტივობებს იყენებს არა მოსწავლისთვის, არამედ შეფასებებისთვის, შესაბამისად, კარგად აკინძული და შეკოწიწებული რეალური თუ ელექტრონული საქაღალდეების გროვა, იქნება ის საფუძველი, რითაც მასწავლებლებს კრედიტები ენიჭებათ(!)
ამგვარი სიტუაციით იგნორირებულია თანამედროვე საგანმანათლებლო პოლიტიკის მთავარი, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლა-სწავლების პრინციპი. მოსწავლე, რჩება თამაშგარე სიტუაციაში.