ალექსი ბლიაძე: ჩემი განთავისუფლება თქვენს შესაშინებლად დაიგეგმა, მაგრამ, არ შეშინდეთ!

ალექსი ბლიაძე: ჩემი განთავისუფლება თქვენს შესაშინებლად დაიგეგმა, მაგრამ, არ შეშინდეთ!

ღია ბარათი საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებათა მანდატურებს

 

კორუფციაში არაერთხელ მხილებულმა საქართველოს  განათლების ნეობოლშევიკმა კომისარმა თამარ სანიკიძემ მორიგი პოლიტიკური რეპრესია, კიდევ ერთი დანაშაული ჩაიდინა! მან უკვე მერამდენედ ფეხ-ქვეშ გათელა საქართველოს კონსტიტუცია, უგულებელყო ადამიანის ფუნდამენტური უფლება - გამოხატვის თავისუფლება. ამ უფლებით სარგებლობის გამო „ოდეერებს“ დაავალა საქმის შეკერვა და  გამათავისუფლა სამსახურიდან!

 

რას ვაპროტესტებდი, რას მოვითხოვდი?

 

მე ვაპროტესტებდი ჩვენი - მანდატურების მათხოვრულ ხელფასებს, მგზავრობაშიც რომ ძლივს გვყოფნის და ამ ფონზე სანიკიძისა და მისი დანაშაულებრივი ჯგუფის, მათ შორის, ჩვენი დაწესებულების ხელმძღვანელი პირების მიერ პრემია-დანამტების სახით ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის დატაცებას!

 

იქნებ ტყუილია?!

 

მე ვაპროტესტებდი ჩვენს გამოყენებას პოლიტიკურ პოლიციელებად! მე არ მსურდა ჩემი კოლეგებზე, ჩემს მეწყვილეებზე „დანოსების“ მიტანა დაწესებულების „შეფთან“ - მეიფარიანთან  და სანიკიძის სხვა  „ოდეერებთან“!

 

მიმაჩნია, რომ ეს არაკაცური, ამორალური საქციელია!

 

თქვენ როგორ თვლით, კოლეგებო?

 

მე ვერ ვეგუებოდი ჩვენს არამიზნობრივ გამოყენებას - დავალებას, რომ გვეთვალთვალა დირექტორებისთვის, თითოეული პედაგოგისთვის და შეგვეგროვებინა მათზე კომპრომატები.

 

თქვენ როგორ ფიქრობთ, სამარცხვინო არ არის ჩვენი „დავერბოვკება“ კონკრეტული კლანის ინტერესის სასარგებლოდ?!

 

ეს განა თქვენთვის მისაღებია?!

 

მე ვეწინააღმდეგებოდი ჩვენს ჩართვას საარჩევნო კომისიებში და თანაც ფარულ მხარედ!

 

მიმაჩნია, რომ სკოლა აპოლიტიკური დაწესებულებაა და როგორც კანონი განმარტავს, დაუშვებელია მისი თანამშრომლების პოლიტიკურ პროცესებში ჩათრევა. ჩვენც ხომ სკოლის დაქირავებულები ვართ!

 

იქნებ, არ ვარ მართალი? იქნებ თქვენ სხვაგვარად ფიქრობთ?!

 

პატივცემულო კოლეგებო!

 

მართებულად მიმაჩნდა ისიც, რომ ჩვენი ასეთი სახელფასო ანაზღაურების ფონზე ჩვენთვისაც მოეცათ ანაზღაურებადი არდადეგები, იმ ხანგრძლივობით, როგორც მოსწავლეებს აქვთ.

 

რატომ?

 

ჩვენ ხომ მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა გვაკისრია. მაშინ, რატომღა უნდა ვიყურყუტოთ ცარიელ სკოლებში, როდესაც იქ მოსწავლეები არ არიან? პედაგოგებსა და დირექტორებზე სათვალთვალოდ?

 

სამარცხვინოა, სამარცხვინოა ეს ყოველივე!

 

თუ არ ვარ მართალი მიპასუხონ სამინისტროდან, მიპასუხოს  „პატიოსანმა და მართალმა“ მინისტრმა!

 

ხუთ თვეში არჩევნებია.

 

ჰოდა, კოლეგებო: თუ მართალი ვარ, თუ თქვენც ჩემნაირად ფიქრობთ, თუ ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება გსურთ ნორმალური ხელფასით, ნორმალური ხელმძღვანელობით, მაშინ, არ მისცეთ არცერთი ხმა დამნაშავე, უკონტროლო და გაქსუებულ ჩინოვნიკებს და მათ მფარველებს, თუკი მომავალ მთავრობაში ყოფნას მოისურვებენ!

 

ჩემი განთავისუფლება თქვენს შესაშინებლად დაიგეგმა, მაგრამ არ შეშინდეთ!

 

მე ვაგრძელებ შეუპოვარ ბრძოლას პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის სახელით, მის დაუღლელ ხელმძღვანელთან და ჩემს მეგობართან - დავით ფერაძესთან ერთად!

 

ჩვენს წინააღმდეგ უამრავი ბერკეტია ამოქმედებული, მაგრამ არ გვეშინია!

 

წესით, დაუშვებელია მასწავლებლების, საზოგადოების დუმილი ასეთ დროს, მაგრამ გვესმის, რა მდგომარეობაშიც არიან ისინი.

 

ჩვენ ბოლომდე შევეწინააღმდეგებით კორუმპირებულ სანიკიძეს. ჩვენი პერმანენტული საპროტესტო აქციით გადავყენებთ მას!

 

ჩვენ გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენ სინამდვილეში ათასები ვართ, ესენი კი - ერთეულები!

 

ჩვენ საზოგადოება ვართ, ესენი კი კლანი!

 

ჩვენ გვწამს ღმერთის და სიმართლის! მათ კი სატანის და საკუთარი სტომაქის!

 

აქსიომაა: რეჟიმი მაშინ დაეცემა, როდესაც ქვეყნის მოქალაქეები არ იზიარებენ რეჟიმის მიერ შეთავაზებულ თამაშის წესებს!

 

მათი აღსასრული გარდაუვალია და ეს აღსასრული ახლოვდება!

 

გვფარავდეს ღმერთი!

 

სიყვარულითა და იმედით თქვენი ურჩი კოლეგა მანდატური, პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის აქტივისტი - ალექსი ბლიაძე

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: