სოსო ცინცაძე: რაც არ უნდა იცინონ კვირიკაშვილმა, ჟორჟოლიანმა და კვაჭანტირაძემ, მაინც კატები ფხაჭნიან გულზე!
„ივერიონს“ ესაუბრება პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე
-ბატონო სოსო, როგორ შეაფასებთ პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის ტელეჟურნალისტებთან შეხვედრას, ჩააბარა თუ არა მან საზოგადოებას 3-თვიანი ანგარიში?
-ანგარიში კი არ არის მთავარი, არამედ,ამ ანგარიშის შეფასება!
აღსანიშნავია, რომ კვირიკაშვილი ჟურნალისტებთან გაცილებით კეთილგანწყობილი, სოლიდარული, მიმტევებელი და თავაზიანი იყო. ღარიბაშვილს ეს არ ადარდებდა, მას მიაჩნდა, რომ “ ქართულ ოცნებას“ შეეძლო საკუთარი თავისთვის თავაზიანობის, მიმტევებლობისა და პოლიტკორექტულობის უკუგდების უფლება მიეცა და გამარჯვებულის პოზიციებიდან ელაპარაკა. კვირიკაშვილი დღეს გაცილებით ადეკვატურად აფასებს “ქართული ოცნების“ პერსპექტივასა და რეალობას.
საინტერესოა, რა შთაბეჭდილება დატოვა კვირიკაშვილმა - მისი გამოსვლა და დიალოგი საშინაო პოლიტიკაში ცვლილებებს ნიშნავს, თუ სიტუაციური მდგომარეობით გამოწვეული კომპრომისებია? ვინაიდან,არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება, შედეგებზე ხომ არ ფიქრობს, ესაა საინტერესო.
მე მის გამოსვლაში გულწრფელობა ვერ დავინახე. მართალია, ლაპარაკობდა კარგად და იმას, რაც უნდა თქვა, მაგრამ ამ დიალოგში არ იგრძნობოდა რაიმეს ფუნდამენტურად შეცvლის ნაპერწკალი. ის კი დაამტკიცა, რომ ღარიბაშვილზე ჭკვიანია - ჟურნალისტებს ეთანხმებოდა იმაში, რაც დიდ მინუსში არ გადავიდოდა მმართველი პარტიისთვის, მაგრამ, დიალოგი როგორც კი წითელ ზღვარს უახლოვდებოდა, ძალიან თავაზიანად და მტკიცედ იცავდა იმას, რისი დაცვაც დღეს შეუძლებელია ხელისუფლებისთვის!
-რა არ მოგწონთ მთავრობის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებში?
-ვინც უსმინა ჩვენს კულტურის მინისტრსა და პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილს, ისეთი შთაბეჭდილება დარჩებოდა, რომ ორი განსხვავებული ქვეყნის ჩინოვნიკი ლაპარაკობდა. ლაპარაკობდა ღატაკი საქართველოს პრემიერი და ბაჰრეინის ან აბუდაბის რომელიმე შეიხი, რომლისთვისაც 30 მილიონი არაფერია!
გიორგაძე გულამაჩუყებლად გვაჯერებდა, რომ საქართველოში კონცერტი კონცერტზე მეტია, ეს დიდი პოლიტიკააო. არადა ერთმანეთს მერამდენეჯერ დაეჯახნენ პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი ფულის დაზოგვის გამო, ამ დროს კი 30 მილიონით, ჩვენმა იმპრესარიო კულტურის მინისტრმა კონცერტი უნდა გავმართოო. რაც არ უნდა იცინონ კვირიკაშვილმა, ჟორჟოლიანმა და კვაჭანტირაძემ, მაინც ფხაჭნიან კატები გულზე!
ესაუბრა ია ჯღარკავა