ვის როგორ ესმის კრიტიკა, ანუ დაგვიანებული პასუხი იკა ქადაგიძის ფეისბუქ-სტატუსზე
სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა მწერლისა და კრიტიკოსის ქ-ნი იკა ქადაგიძის კრიტიკული ფეისბუქ-სტატუსი, სადაც ერთ-ერთ ადრესატად მე მოვიაზრები.
https://www.facebook.com/ika.kadagidze/posts/288751431457675
თუმცა, ადრესატი რომც არ ვყოფილიყავი, თავს ვალდებულად ჩავთვლიდი სტატუსი ყურადღებით გადამეკითხა, რადგან იგი მთლიანად ჩემს მეგობარს - პოეტ ლევან ფანჩვიძეს ეხებოდა.
მართალია, ავტორი თავიდანვე განგებ მოერიდა კრიტიკის მთავარი ობიექტის სახელისა და გვარის დაფიქსირებას (ეს ერთ-ერთი ცნობისმოყვარე კომენტატორის დაჟინებული მოთხოვნით გაამხილა) მაგრამ, ჩემთვის იმთავითვე ცხადი გახდა, რომ კრიტიკის მახვილი ლევან ფანჩვიძისკენ იყო მიმართული.
კრიტიკოსს უფლება აქვს თავისუფლად გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება ამა თუ იმ მწერლის (პოეტის) შემოქმედების მიმართ, მოსწონდეს ან არ მოსწონდეს იგი, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არა იმდენად შემოქმედების კრიტიკულ განხილვასთან გვაქვს საქმე, რამდენადაც პოეტის „ზნეობრივი კოდექსისადმი“ დამოკიდებულების დემონსტრირებასთან.
ზოგადი საუბარი რომ არ გამომივიდეს, მოკლედ ჩამოვაყალიბებ, თუ რას ედავება ქ-ნი იკა ქადაგიძე პოეტ ლევან ფანჩვიძეს და რას ითხოვს იგი ჩემგან და ჩვენი (ჩემი და ლევანის) საერთო მეგობრისგან - ლაშა გვასალიასგან.
ვიდრე სათქმელზე გადავიდოდე, ვადასტურებ ჩემს პატივისცემას ქ-ნ იკა ქადაგიძის მიმართ და ვიმედოვნებ, რომ ამ საქმიან და მეგობრულ ურთიერთობას მომავალშიც შევინარჩუნებ.
ახლა რაც შეეხება მთავარი „დამნაშავის“ - ლევან ფანჩვიძის პოეტური „ზნეობის კოდექსიდან“ გადახვევას. როგორც ქ-ნი იკა ბრძანებს, იგი (ლევან ფანჩვიძე) დაუკითხავად „შეიჭრა“ მის ფეისგვერდზე (ერთი რამ არ მესმის, რას ნიშნავს „ჩემი გვერდი“, როცა მასალა საჯარო სივრცეში ქვეყნდება და ყველასთვის ხელმისაწვდომია!) და უბრძანა თავი დაენებებინა მწერლობისთვის, რადგან მან (იკა ქადაგიძემ) ლექსი მიუძღვნა მის თანამოაზრეს და მეგობარს, სევარიონ ნადირაძეს, რომელსაც ფანჩვიძე ემტერებოდა, თურმე. რა თქმა უნდა, არავის აქვს უფლება ვინმეს ვინმეზე ლექსის მიძღვნა აუკრძალოს, მათ შორის, ლევან ფანჩვიძესაც, მაგრამ, რატომღაც არა მგონია, რომ მწვავე პოლემიკის მიზეზი მხოლოდ ეს ყოფილიყო!
ქ-ნი იკა არ აკონკრეტებს, თუ რატომ გადაემტერნენ ერთმანეთს სევარიონ (სოსო) ნადირაძე და ლევან ფანჩვიძე. კატეგორიულად ვერ გავიზიარებ იმ აზრს, რომ ლევან ფანჩვიძეს სევარიონ ნადირაძის „გამორჩეული პოეტობა“ შურს და ამის გამო მიზეზს ეძებს, რომ შხამიანი ნესტრით დაგესლოს!
ვერც იმას დავიჯერებ, ფანჩვიძე პლაგიატია და „თანამედროვე გამორჩეული პოეტების“ მეტაფორების მოპარვაზეა დაგეშილი!..
ერთ რამეში სრულიად ვეთანხმები ქ-ნ იკას: „მწერალს სხვაზე მეტი ზნეობა და პასუხისმგებლობა მოეთხოვება“, მაგრამ არც ის არის საკამათო, რომ თუ ერთი არ თმობს, მეორემ მაინც უნდა დათმოს, ხოლო თუ არცერთი არ თმობს, მესამემ მათ დაზავებაზე უნდა იზრუნოს!
არა მგონია, ქ-ნ იკა ქადაგიძის ფეისბუქსტატუსმა დაზავების მისია შეასრულოს - პირიქით, იგი უფრო სიტუაციის გამწვავებას და ლევან ფანჩვიძისთვის „ჯალათის ტიტულის“ (ეს მისი სიტყვებია) მინიჭებას ემსახურება!
შეიძლება საქმეში ჩაუხედავი ადამიანები აიყოლიო და ოპონენტს ჩირქიც მოსცხო, მაგრამ იმაზეც უნდა იფიქრო, რომ ამით გამარჯვებული არც ერთი მხარე არ დარჩება.
როგორც ვთქვი, პოლემიკაში ჩემი ჩართვა თვით ქალბატონ იკა ქადაგიძის თხოვნა დავალებით მოხდა. მან ფეისბუქსტატუსში და პირად საუბარშიც მთხოვა, ჩავრთულიყავი პოლემიკაში და ლევან ფანჩვიძისთვის „ყური ამეწია“ - საჯაროდ მერჩია, რომ მას თავი დაენებებინა ეროვნული მწერლების (იგულისხმება სევარიონ ნადირაძე, თინათინ მღვდლიაშვილი და თავად იკა ქადაგიძეც) „გეზმიმართული დისკრედიტაციისთვის“ და ამის სანაცვლოდ „შხამიანი ნესტარი“ იმათ წინააღმდეგ მიემართა, ვინც ქართულ მწერლობას ასამარებს და „ფულისა და ტიტულების მოსახვეჭად“ ყველაფერს ძირფესვიანად სპობს.
სადაო არაფერია: მეგობარმა მეგობარს უნდა ურჩიოს, მითუმეტეს, თუ იგი ცდება და სერიოზულ შეცდომას უშვებს, მაგრამ ამისთვის საჯარო სივრცე აუცილებელი არ არის!
ჯერ ერთი, ბოლომდე ვერ გავიაზრე რაში მდგომარეობს ფანჩვიძის „გამოუსწორებელი დანაშაული“, მეორეც, ვიდრე ქალბატონ იკას შევეხმიანებოდი, სტატუსის წაკითხვისთანავე ლევანს დავურეკე და მეგობრული რჩევაც მივეცი (ბუნებით არ ვარ წვრილმანი კინკლაობის მომხრე და ყოველთვის ვცდილობ მხარეთა შერიგებას), მაგრამ, ეტყობა, ჩემმა რჩევამ არ გაჭრა და მან სტატუსის ავტორს ხურდა დაუბრუნა, რაც ნამდვილად არ მესიამოვნა (ისე, ხანდახან, მეგობრები კი არა, ჩემი სრულწლოვანი შვილებიც არ მიჯერებენ და რა გასაკვირია მეგობარზე სათანადო გავლენა თუ ვერ მოვახდინე).
ადამიანებთან ურთიერთობის კულტურა ინდივიდუალურია. ეტყობა, ჩემს მეგობარს - ლევან ფანჩვიძეს მოჭარბებულმა ემოციებმა უმტყუნა და, როგორც ვთქვი, პოლემიკაში ჩაერთო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეც ცეცხლზე ნავთი დავასხა და აქედან ვაკრიტიკო!
არადა, ქალბატონი იკა დაჟინებით მთხოვდა ასე მოვქცეულიყავი და ამის მიზეზად ჩემს „ობიექტურობას“ და „მიუკერძოებლობას“ ასახელებდა (დიდი მადლობა მას ასეთი შეფასებისთვის).
გულწრფელად ვიტყვი: იგი ლევან ფანჩვიძის შემოქმედებას რომ იხილავდეს ან მის ლიტერატურულ „ცუღლუტობას“ ასაბუთებდეს, თავს ვალდებულად ჩავთვლიდი ჩავრთულიყავი პოლემიკაში, მაგრამ „წვრილმანი ძიძგილაობის“ გამო მეგობარი საჯარო სივრცეში როგორ უნდა დავტუქსო? ეს იგივეა კაცობაზე ხელი ავიღო და 35-წლიან მეგობრობასაც ხაზი გადავუსვა (არადა, ეს მეგობრობა საბჭოთა არმიის რიგებში სამსახურის დროს ციმბირის უკიდეგანო ტრამალებში იშვა).
ვაღიარებ: ხანდახან მე და ლევანსაც გვაქვს განსხვავებული მოსაზრებები ლიტერატურული პროცესების შეფასებისას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, ჩვენს პროფესიულ პოლემიკას მეგობრობა შეეწიროს!
ასე, რომ ქალბატონო იკა, მე თქვენ ისეთი ტვირთის აწევა დამავალეთ, რომელსაც ვერ მოვერევი. ამდენად, ვერც მედიატორის ფუნქციას ვიკისრებ.
კიდევ ვიმეორებ: დაუფიქრებლად აგყვებოდით, საქმე ლევან ფანჩვიძის შემოქმედების კრიტიკას რომ ეხებოდეს. თუ მაინცდამაინც ფანჩვიძის „გადაჭარბებული ამბიციების“ დათრგუნვა გინდოდათ, პოლემიკა სწორედ ლიტერატურული კრიტიკით უნდა დაგეწყოთ და თქვენს სტატუსსაც გამართლება ექნებოდა.
სხვანაირად რა გამოვიდა? ნაცვლად იმისა, რომ დაპირისპირებულ მხარეებს შორის თეთრი მანდილი ჩაგეგდოთ, ვითარება კიდევ უფრო გაამწვავეთ და მეც მაიძულეთ მეთქვა ის, რასაც ვფიქრობ.
ანუ, უფრო სასურველი იქნებოდა საქმიანი კრიტიკით დაკავებულიყავით და თქვენი ნიჭი და პროფესიული გამოცდილება თანამედროვე ქართული ლიტერატურის ობიექტურად შეფასებისთვის დაგეთმოთ!
მე ყოველთვის ინტერესით ვკითხულობ თქვენს კრიტიკულ სტატუსებსა და სტატიებს - მომწონს გაბედულობა და შეუვალობა, მაგრამ საქმეს დიდწილად გამოადგებოდა კონკრეტიკაზე გადასულიყავით - უფრო გასაგებად და მარტივად გეწერათ თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში დამკვიდრებულ მახინჯ ტენდენციებზე, უფრო სრულყოფილად განგეხილათ ამა თუ იმ მწერლის (პოეტის) შემოქმედება. მერწმუნეთ, ამით გაცილებით დიდ სარგებელს მოუტანდით ქართულ ლიტერატურას!
ქალბატონო იკა, დღემდე მეგონა, რომ ჩვენ თანამოაზრეები ვიყავით, მაგრამ ბოლო ორმა სტატუსმა საკმაოდ დამაფიქრა - ვგულისხმობ, ფალიანებისა და ფანჩვიძისადმი მიძღვნილ სტატუსებს. არც ერთ მათგანში არ ჩანს თქვენი, როგორც პროფესიონალი კრიტიკოსის ხელწერა - იქ უფრო პიროვნულ ანგარიშსწორებასთან გვაქვს საქმე, რასაც ნამდვილად ვერ მოგიწონებთ!
არ ვმალავ, როცა ფალიანებზე გაბრაზებულმა სტატუსი დაწერეთ, მე დაგირეკეთ და პრეზენტაციების ჩატარების მახინჯ ტენდენციაზე პირუთვნელი საუბარი მოგიწონეთ, თუმცა იქვე გითხარით (კომენტარში დავწერე კიდეც), რომ მე ასე არ მოვიქცეოდი, ანუ პიროვნებებს და ოჯახს არ შევეხებოდი-მეთქი! რამდენჯერმე მეც არ მომეცა პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლის საშუალება, მაგრამ საჯაროდ არ გამიპროტესტებია - იქვე, ვიწრო წრეში მოვაგვარე და მავანი და მავანი იმაშიც დავარწმუნე, რომ შეცდნენ!
მერწმუნეთ, ვერც ლევან ფანჩვიძის საჯაროდ გაშოლტვამ მიაღწია მიზანს, რადგან იგი კეთილმოსურნეობის პრინციპით არ არის დაწერილი და როგორც ვთქვი, ორ დაპირისპირებულ კოლეგას შორის თეთრი მანდილის ჩაგდებას არ ემსახურება!
ახლა რაც შეეხება ბატონ სევარიონ ნადირაძეს, რომელსაც თქვენ „თანამედროვეობის გამორჩეულ“ პოეტად აღიარებთ. მართალი გითხრათ, ზერელე წარმოდგენა მქონდა მის შემოქმედებაზე. თქვენი სტატუსის შემდეგ დავინტერესდი და ასეთ დასკვნამდე მივედი: მას აქვს უფლება პოეტად იწოდებოდეს (თუმცა, გამორჩეულობის რა მოგახსენოთ), მაგრამ ისეთი კაშკაშა ვარსკვლავი ნამდვილად არ არის, ლევან ფანჩვიძის დონის შემოქმედს მისი შეშურდეს და, მითუმეტეს, მეტაფორები მოპაროს (რამდენადაც ვიცი, კინკლაობა სწორედ ამ ნიადაგზე დაიწყო).
იგივე წარმოდგენა მაქვს თქვენს სხვა „რჩეულებზეც“, რომელსაც თანამედროვე მასხარები „პოეზიის მეფისა“ და „დედოფლის“ გვირგვინს ადგამენ!
ბოლოთქმა: ყველა თქვენგანი დამეთანხმება, რომ ღვარძლიანი სტატიებითა თუ სტატუსებით ვერც ლიტერატურას ეშველება და ვერც ადამიანურ ურთიერთობებში ხელოვნურად გაჩენილ ბზარს გავამრთელებთ.
ცხადია, კრიტიკა აუცილებელია, მაგრამ ობიექტური, საქმიანი და მიზანმიმართული უნდა იყოს და ის ლიტერატურის განვითარებას უნდა ემსახურებოდეს...
სამწუხაროდ, ბევრს ინტელექტუალური რესურსებით ყელყელაობა (ისიც საკითხავია, რამდენადაა მოყვანილი სისტემაში ეს რესურსები) და მრავალსიტყვაობა კრიტიკა ჰგონია და ამით ცდილობს გაგვაბრუოს.
მე პირადად არა მაქვს პრეტენზია ლიტერატურის კრიტიკოსობაზე, მაგრამ ტენდენციურობას და უპასუხისმგებლობას ვერავინ დამწამებს. მზად ვარ ჩავერთო ნებისმიერ პოლემიკაში, თუ საუბარი თანამედროვე ქართული ლიტერატურის ავკარგიანობაზე იქნება.
რაც შეეხება მიზანმიმართულ შურისძიებას და წვრილმან ძიძგილაობას, ამ უკეთურ საქმეში ვერავინ ჩამითრევს!
ზაურ ნაჭყებია