ბატონო ბიძინა - გელოდებით, გელოდებით!

ბატონო ბიძინა - გელოდებით, გელოდებით!

ექსპრემიერმა, კოალიცია „ქართული ოცნების“ ყოფილმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობაზე (14 მაისი) საჯაროდ განაცხადა, რომ საკუთარ ხედვას (ანალიზს) დღევანდელი ხელისუფლების საქმიანობაზე საზოგადოებას ერთ კვირაში წარუდგენდა.

 

ყველა გაფაციცებით ელოდა ექსპრემიერის სეფე-სიტყვას, რადგან ბიძინა ივანიშვილი ხომ ის ადამიანია, ვის სახელსაც უკავშირდება „ნაციონალური რეჟიმის“ დამარცხება (სანახევროდ თუ ფორმალურად მაინც) და ვინც პასუხისმგებელია დღევანდელი ხელისუფლების ავ-კარგიანობაზე.

 

ხალხი საკუთარ თავზე გრძნობს ყველაფერს, იმასაც ხედავს, რამდენად არაადექვატურია ივანიშვილის დანატოვარი გუნდის ქმედებები (ზოგი შეგნებულად, ზიგიც არაპროფესიონალიზმისა და უპასუხისმგებლობის წყალობით) და რამდენად იმაგრებს დღითი-დღე პოზიციებს რადიკალურად ლიბერალური ფრთა, რომელსაც შეიძლება განსხვავებული სახელი ჰქვიათ, მაგრამ არსებითად „ნაციონალური მოძრაობის“ ტყუპისცალნი არიან.

 

როგორ იმეორებს ერთი-ერთზე „ქართული ოცნება“ მისი წინამორბედის - „ნაციონალური მოძრაობის“ განგსტერულ მეთოდებს (ამის საუცხოო მაგალითია კორცხელში მომხდარი პროვოკაცია) თავისი პარტიული (თუმცა, არა ოდეური) მოწინააღმდეგის „დასაჩმორებლად“ (უკაცრავად ჟარგონისთვის) და საზოგადოებაში უკანონობის განცდის დასამკვიდრებლად (ამ სამარცხვინო ბალ-მასკარადს არაერთგვაროვანი შეფასება უკვე მიეცა და ახლა ამაზე არ შევჩერდები), როგორ აგებს შუალედურ არჩევნებს ბოლომდე დისკრედიტებულ მოწინააღმდეგესთან, რაც რამდენიმე თვეში (არჩევნებს ვგულისხმობთ) სიტუაციის გამწვავების უტყუარი წინაპირობა იქნება!

 

არ ვიცი, ვინ რას ელოდება მომავალი არჩევნებისგან, მაგრამ ერთი რამ ფაქტია: „ქართულმა ოცნებამ“ (უკვე ცალკე არსებულმა პოლიტიკურმა სუბიექტმა) ვერ შეძლო (თუ არ ისურვა) პროფესიულ პოლიტიკურ ორგანიზაციად ჩამოყალიბება - პარტიაში პორტირებულ და პოლიტსაბჭოში გამწესებულ ნაცაქტივისტებს რომ თავი დავანებოთ, არ ჩანს ლიდერი, ვისზეც შეიძლება სწორება გააკეთოს ამომრჩეველმა (არ შემეკამათოთ ახლა კვირიკაშვილიო - მან საკუთარ კარში პირველი გოლი ყრილობის დღესვე გაიტანა, თუნდაც კოღუაშვილის აღზევებით).

 

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ საპირწონე ძალას, სადაც „ნაციონალებთან“ ერთად კოალიციის ყოფილი სუბიექტებიც („რესპუბლიკელები“, „თავისუფალი დემოკრატები“) მოიაზრებიან პაატა ბურჭულაძის დამატებით და პრეზიდენტის თამადობით, სახელისუფლო პარტიისგან განსხვავებით საკმაოდ მოტივირებული, ამომრჩეველზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალაა, რომელსაც შეუძლია არჩევნებში არა მარტო სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიოს სახელისუფლებო გუნდს, არამედ ხელისუფლებაში მოსვლის ამბიციაც გაუჩნდეს.

 

ამ შემთხვევაში ივანიშვილის ფავორიტებს გამარჯვებისთვის მხოლოდ სახელისუფლო ბერკეტები რჩებათ, რომელსაც ლიბერალური ფრთა იოლად არ „გადაყლაპავს“!

 

აი, სწორედ აქედან იღებს სათავეს ჩვენი გაძლიერებული შიში მოსალოდნელ საშიშროებაზე (არ გამოვრიცხავთ პოლიტიკური სიტუაციის ესკალაციას, თვით „თბილისური მაედნის“ სახით), რომელიც ძალიან ძვირად დაუჯდება ქვეყანას.

 

მე არ ვიცი, რით გაგვახარებს ბატონი ბიძინა ივანიშვილი თავის დაპირებულ ანალიზში, მაგრამ რეალობა რეალობაა და მას ვერ გავექცევით.

 

მართალია, ექსპრემიერმა ბევრი დაპირება არ შეასრულა, მაგრამ ეს მაინც უნდა შეასრულოს - გვითხრას, უფსკრულისკენ მივექანებით თუ მომავალ 4 წელიწადში რძის მდინარეები იდინებს საქართველოში!

 

ბატონო ბიძინა: გელოდებით, გელოდებით!!!

 

საბა საბახტარაშვილი

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: