გიორგი ტიგინაშვილი: მისტერ იან კელ, თქვენს თავხედობას უკვე საზღვარი არა აქვს!
მივმართავ აშშ-ს საელჩოს ადმინისტრაციას!
მე, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე, რომელიც ჩემი ძვირფასი თანამემამულეების უმრავლესობის მსგავსად რეალურად და ობიექტურად ვაფასებ მოვლენებს, კატეგორიულად მოვითხოვ ახსნა-განმარტებას ჩემს სამშობლოში აკრედიტირებულ აშშ-ს სრულუფლებიანი ელჩისგან, რომელმაც აბსოლუტურად თავხედური, არაადეკვატური და ღირსების შემლახავი განცხადება გააკეთა სუვერენული ქვეყნის დამოუკიდებელი სასამართლოს მისამართით. მან რეპლიკის სახით აღნიშნა, რომ თუ „რუსთავი-2“-ის დღევანდელი დირექცია წააგებს პროცესს, ეს არ უნდა მოითმინოს ქართველმა ხალხმა!
ბატონო იან კელ,
მაინტერესებს, რას გვთავაზობთ სერ, ამ ცრუ და პროპაგანდისტული სპეცსამსახურის - „რუსთავი-2“-ის გამო ნაცებმა სამოქალაქო ომი უნდა წამოიწყონ?
რა იგულისხმება ამ "არ მოთმენაში"?
ან საერთოდ რატომ ახდენთ ზეწოლას დამოუკიდებელ სასამართლოზე თქვენი დირექტივებით?
დემოკრატია კანონის უზენაესობა და სამართლიანობის პრინციპი არ არის?
ამერიკელი ხალხი უცხო ქვეყნის ელჩს ეკითხება ხოლმე რჩევებს დამნაშავე როდის და რისთვის დასაჯოს?
თქვენ ის კაცი არ ხართ, სააკაშვილისა და გვარამიას სატელეფონო საუბრის ავთენტურობაში უტიფრული ეჭვი რომ შეიტანეთ, საიდანაც ირკვევა, რომ ეს ორი ბანდიტი სახელმწიფო გადატრილებას და შეიარაღებულ ქაოსს გეგმავდა!
არადა, ამ სატელეფონო დიალოგის მონაწილეებს არც უარყვიათ ზარის ნამდვილობა, მაგრამ თქვენ ხომ ზეობიექტური და ზემიწიერად უმანკო პიროვნული თვისებებისა და სათნო სულის პატრონი ხართ, რის გამოც ყველაში მხოლოდ დადებითს ეძიებთ (ოღონდ ეს "ყველა" მარტო ნაცებზე ვრცელდება!) და ვერ წარმოგიდგენიათ რომ თქვენი სანაქებო პროექტი - "დემოკრატიის შუქურა ვარდების ხავერდოვანი რევოლუციის ასპარეზზე" რომ ამას იკადრებდა?
უნამუსობისა და თვალთმაქცობის აპოთეოზის სახეს იძენთ უკვე და ოდიოზურ, სახალხო მიზანტროფიის სახედ ყალიბდებით.
ამით კიდევ უფრო გვაშორებთ დასავლეთისადმი არსებულ უწინდელ სიმპათიებს, რომელსაც თქვენივე ქმედებებით გვიქარწყლებთ!
თქვენ ხართ თვალთმაქცი და ფსევდოდიპლომატი, რომელიც ამერიკული ღირებულებების შემარცხვენელი ნიმუშია!
და კიდევ: თქვენ ბრძანეთ, რომ „რუსთავი-2“ მნიშვნელოვან როლს ასრულებს სახელმწიფოს განვითარებაშიო.
დიახ, მნიშვნელოვან როლს ასრულებს საზოგადოების ნეიროლინგვისტურ ზომბირებაში, აგრესიისა და გაღიზიანების საქმეში, სიცრუის ტირაჟირებასა და ნაცბანდის პროპაგანდაში!..
ის, რომ გვარამია ასეთ უტიფრულ გონორზეა, სწორედ თქვენს მიერ დაძალებული მრუშული კოჰაბიტაციისა და ამერიკელი ლობისტების წნეხის შედეგია მისტერ იან კელ!
და საერთოდ თქვენი "კომპეტენტური" შენიშვნები, დირექტივები და დიდაქტიკური სენტენციები თქვენთვის შეინახეთ!
გიორგი ტიგინაშვილი (პუბლიცისტი)