ვახტანგ დავითაია: „შოთას დრო“

ვახტანგ დავითაია: „შოთას დრო“

შოთა ყავლაშვილის გახსენება

ორმოცდაათიან წლებში სტუდენტ-არქიტექტორთა შორის პოპულარული იყო ორი გვარი – ყავლაშვილი და მელქაძე. ისინი იმ დროს ერთად მოღვაწეობდნენ, თანაც პროფესიაში გამორჩეულები იყვნენ. ბუნებრივია, სტუდენტები ინტერესს ვიჩენდით მათდამი.

1955 წლის სექტემბრის პირველ დღეებში ბ-ნმა ირაკლი ციციშვილმა – არქიტექტურული გეგმარების კათედრის გამგემ, ეს ორი ახალგაზრდა შემოიყვანა აუდიტორიაში და წარმოგვიდგინა, როგორც ჩვენი მომავალი პედაგოგები, მათი ინსტიტუტში მოწვევა ბატონი ირაკლის პირადი დამსახურება იყო, რადგანაც, მაშინ ყოველგვარი შეთავსება იკრძალებოდა.

შოთამ და გივიმ ინსტიტუტში მოიტანეს სიახლე, პროფესიული ცხოვრების ახალი რიტმი. ჩვენ მოგვწონდა მათი „უბრალოება“ - ის, რომ არ ცდილობდნენ შეექმნათ დისტანცია მათსა და სტუდენტებს შორის. ამ დროიდან მოყოლებული, ჩემი პროფესიული ცხოვრების დიდი ნაწილი, ისევე, როგორც ბევრი სხვისა, ბატონ შოთასთან მრავალი ძაფით იყო დაკავშირებული.

ჩემი სადიპლომო ნამუშევრის ხელმძღვანელი ენციკლოპედიური განათლების პიროვნება, პირველი ქართველი ქალაქმგეგმარებელი, ბ-ნი ალექსანდრე ნიკოლაიშვილი გახლდათ, რომელმაც არქიტექტურული განათლება  გერმანიაში, შარლოტენბურგ-ბერლინის სამშენებლო ინსტიტუტში მიიღო. ბატონი შოთა, კონსულტაციებს არავის ამადლიდა, მათ შორის მეც, მეჩვენებოდა, განსაკუთრებულ ინტერესსაც კი იჩენდა.

ბატონი ალექსანდრეს მყარ აკადემიურ განათლებას ახალგაზრდა შოთას სიახლესკენ სწრაფვა ავსებდა. ჩემმა სადიპლომო ნაშრომმა – „მესტიის ცენტრის დაგეგმარება-რეკონსტრუქციის“ პროექტმა, არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირის V კონგრესთან დაკავშირებულ სტუდენტთა საერთაშორისო კონკურსში ლაურიატის დიპლომი დაიმსახურა. ეს ფაქტი მიმაჩნია ჩემი პროფესიული ცხოვრების ათვლის წერტილად, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი ბ-ნმა შოთამაც შეიტანა.

შოთა ყავლაშვილი 13 წელი განაგებდა ჩვენი დედაქალაქის არქიტექტურას, როგორც მთავარი არქიტექტორი. ეს რეკორდული ხანგრძლივობაა ამ რთული თანამდებობისთვის. ეს პერიოდი არქიტექტურისათვის უპრეცედენტოდ მძიმე იყო. არქიტექტურული ხრუშოვიზმი კვლავაც ბოგინობდა ხრუშოვის სამოღვაწეო ასპარეზიდან განდევნის მიუხედავად. იგრძნობოდა გარკვეული არქიტექტურული დეპრესია, გამოწვეული ტოტალური ტიპობრივი მშენებლობით. საჭირო იყო რაღაც იდეა, რაღაცის „გამოგონება“, რათა ქალაქი არ ყოფილიყო მხოლოდ ტიპობრივი მშენებლობების არენა.

მისი მცდელობით, თბილისი, თბილისელები, ქალაქის და ქვეყნის ხელისუფლება განიმსჭვალა ქალაქის რეკონსტრუქცია-რეგენერაციის იდეით და მან ისეთ მასშტაბებს და ხარისხს მიაღწია, რომ  მსოფლიოს პროფესიული წრეების ყურადღების არეალში მოექცა.

ჩვენს პროფესიულ ცხოვრებაში ახლაც ვიყენებთ ტერმინს „შოთას დრო“. ეს არ არის მხოლოდ ფიზიკური დროის გამოხატულება, არამედ მისი მოღვაწეობის თვისობრიობაა. „შოთას დროს“ არქიტექტორები მოიხსენიებენ შედარებისთვის, როგორი იყო არქიტექტურული კლიმატი შოთამდე, მის დროს და მის შემდეგ. დროის მონაკვეთისთვის ადამიანის სახელის მიკუთვნება მხოლოდ ღირსეულთა ხვედრია - ამას ვერ „ჩააწყობ“.

ბატონ შოთას ჰქონდა დასაშვებისა და დაუშვებლის მკაფიო საზღვრები და ამ საზღვრის დაცვას ის დიდი ძალისხმევის შედეგად ახერხებდა.

მახსოვს, ახალგაზრდა არქიტექტორს, ალბათ, როგორც სტუდენტური საერთაშორისო კონკურსის ლაურეატს, პატივი დამდეს და მიმიწვეს თბილისის პარტიული აქტივის კრებაზე, რომელსაც, როგორც წესი, რესპუბლიკის ყველა ხელისუფალი ესწრებოდა. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარემ (იგივე მერმა), ბატონმა ბახვა ლობჟანიძემ ჩამოთვალა ქალაქის არქიტექტურულ-სამშენებლო წარმატებები და ბოლოს სინანულით აღნიშნა, რომ მერიას კიდევ ბევრი ჩანაფიქრი აქვს, მაგრამ მთავარი არქიტექტორი ყავლაშვილი არ გვეთანხმებაო. ეს არ იყო სასხვათაშორისო განცხადება. ის მიანიშნებდა როგორც თანამდებობრივი სუბორდინაციის არსებობას და პატივისცემას, ასევე, ბ-ნი შოთას მაღალ ავტორიტეტს!

ეს ავტორიტეტი რომ არა, ასეთი მაღალი ტრიბუნიდან ამდაგვარი განცხადების შემდეგ ადამიანებს თანამდებობაზე არ ტოვებდნენ, მაგრამ ბ-ნი შოთასთვის ხელი არავის უხლია. კიდევ მეტი, მერზე უფრო მაღალი რანგის ორატორმა, მერის ეს განცხადება იუმორში გადაიყვანა!

ბატონ შოთასთან - მის სახელოსნოში მუშაობა-„მოხვედრა“ პრესტიჟული იყო. ის პროფესიისადმი სიყვარულს და თავდადებას, შრომის კულტურას, სიზუსტეს, პუნქტუალობას უცრიდა ახალგაზრდებს. მისი სკოლაგამოვლილები იყვნენ რამაზ კიკნაძე, ვოვა ქურთიშვილი, ვალერი ბახტაძე – ქართული არქიტექტურის მკაფიო სახეები – დიდად სამწუხაროდ, ახალგაზრდა ასაკში გარდაცვლილები.

შოთა ყავლაშვილის არქიტექტურული კარიერა უნიკალურია. მან ორჯერ შეცურა ერთისა და იმავე მდინარეში. ის განმეორებით მიიწვიეს თბილისის მთავარი არქიტექტორის პოსტზე, მეორედ ხანგრძლივი – ათწლიანი პერიოდით.

ყოველ პროფესიულ საზოგადოებას ჰყავს გამორჩეული პიროვნებები, რომლებიც თავიანთი დიდი წვლილის და პროფესიისადმი თავდადების გამო, ფართო საზოგადოების თვალში გაიგივებულია მთლიანად პროფესიასთან. არქიტექტურაში სწორედ ასეთი იყო ბ-ნი შოთა ყავლაშვილი. ის ფართო საზოგადოების თვალში ოთხი ათეული წლის მანძილზე გაიგივებული იყო მთლიანად არაქიტექტურასთან.

ამ დიდ ადამიანს და არქიტექტორს თბილისმა ძეგლი დაუდგა - ფაქტი კომენტარს არ საჭიროებს, ამით ყველაფერია ნათქვამი.

P.S. წელს, რუსთაველის და სსრკ-ის სახელმწიფო პრემიების ლაურეატს, საქართველოს დამსახურებულ არქიტექტორს, თბილისის საპატიო მოქალაქეს, თბილისის ისტორიული უბნის პირველი რეკონსტრუქცია-რეგენერაციის ავტორს, ბატონ შოთა ყავლაშვილს 90 წელი შეუსრულდებოდა.


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: