გიორგი ტიგინაშვილი: მე სკანდინავიური სოციალიზმის მომხრე ვარ!
ყველაზე უმთავრესი გამოწვევა ხელისუფლებისთვის უმუშევრობის პრობლემა გახლავთ, რომელიც ჩვენს სოციუმს აგერ უკვე 25 წელია რაც დეპრესიულ ფონად გასდევს. არადა, ჩვენს მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, ჩვენსავე პროფესიაში არც თუ ისე სუსტი და არაკვალიფიციური მომზადების დონე გვაქვს, ხოლო, იმ შემთხვევაში, თუკი სახელმწიფო ხელს შეგვიწყობს, პოტენციალის გაზრდის პერპექტივაც საიმედოა!
ჩემი თაობის წარმომადგენელთა უმრავლესობა ემყარება სულიერ ღირებულებებსა და კულტურულ ფასეულობებს, ტრადიციულ საუნჯესა და კონსერვატიულ პრინციპებს.
ასეთი ზნეობრივი ოაზისი თანმედროვე გლობალისტურ, კოსმოპოლიტურ და ლიბერტარიანულ სამყაროში იშვიათია.
მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ხარვეზები არსებობს (ბოლშევიზმი, 70 წლიანი უღმერთო კომუნიზმის დამღა, შოვინიზმი და მესიანიზმი), მთლიანობაში მაინც ნოყიერი ნიადაგი გვაქვს იმისთვის, რომ წარმატებული, ჯანსაღი და შემოქმედი ქვეყანა გავხდეთ!
ამ ამოცანის გასაღებს, განათლების სისტემაში ვხედავ, რასაც გარანტად სხვადასხვა ინსტიტუტებიც უნდა დაუდგნენ, რათა დაგროვილი თუ შეძენილი ინტელექტუალური რესურსი ადგილზევე რეალიზდეს და არსებობისთვის საზღვრებს გარეთ არ გადაიხვეწოს...
მოკლედ, იმის თქმა მინდოდა, რომ მე არ მომწონს მემარჯვენე კაპიტალიზმი და ნეოლიბერალური წყობილება, არც ის მსიამოვნებს, როცა ჰუმნიტარული სფერო (რაც იდეაში კეთილშობილებას, ხელოვნებასა და მშვენიერებას მოიცავს) ესოდენ იგნორირებული და არაპრიორიტეტულია ბიზნეს ინდუსტრიით, გართობითა და აღებ-მიცემობით დაჩიავებულ მატერიალისტურ თუ პრაგმატულ სინამდვილეში.
ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, მე ვემხრობი სოციალიზმს - დაახლოებით იმ მოდელს, რომელიც სკანდინავიურ ქვეყნებშია, სადაც ჯანდაცვა, სწავლა და სოცუზრუნველყოფა სახელმწიფოს ფუნდამენტური მიმართულებებია.
ოღონდ, იქ სოციალისტური მონარქიაა და ჩვენს რეალობაში კი ნომინალური მეფის არსებობა, ბოლომდე ვერ წარმომიდგენია რომ სასარგებლო იყოს. ანუ მირონცხებულის პრივილეგიასაც არ ვიზიარებ!
წლები მიდის, საუკეთესო წლები ჩვენი ცხოვრებისა და ყოველდღე იმაზე ვდარდობთ, თუ ხვალ რით ვიკვებოთ, კომუნალური გადასახადები როგორ დავფაროთ და თავი როგორ გადავირჩინოთ.
ამასთან, ვინარჩუნებთ პატიოსნებასა და წესიერებას, უსინდისობასა და უნამუსობაზე ვერ მივდივართ და ვართ ასე სიღარიბეში...
მე, პირადად მწყურია: სამსახური, მუშაობა, წერა, ურთიერთობები, საქმე, რომელიც საერთო-საზოგადო სიკეთეს მოემსახურება, მაგრამ ვარ დემორალიზებული, დაუსაქმებელი, თითქმის სოციალურად დაუცველი და ღვთის შეწევნით ღიმილს მაინც არ ვიშლი, არც ეგოისტურ და დაბოღმილ აზრებს არ ვეძლევი და არც სხვისი წარმaტებისა არ მშურს... და ასე ველოდები უკეთესობას.
ჰო, ცხადია, ამჟამინდელი ხელისუფლება გაცილებით უფრო კანონიერი, დემოკრატიული და ჰუმანურია. ვიცი ისიც, რომ ზეწოლისა და წნეხის მუდმივი გადატანა უხდებათ, ვხედავ ცდილობენ და რაღაცებს მართლაც აკეთებენ, მაგრამ "წლები მიდიან" და მე ისევ გულაჩუყებული ველოდები, თუ როდის ვიგრძნობ მთავრობისგან, რომ პიროვნება ვარ და არა უბრალოდ ბიოორგანიზმი - სამშობლოს სხეულზე ცოცხალი უჯრედი და არა მკვდარი მტვრის ნაწილაკი!
ჩემი უსაყვარლესი მეუღლისათვის საჩუქრები მინდა - ვერ ვყიდულობ, ახალი წიგნების წაკითხვა მინდა - ვერ ვყიდულობ, ველოსიპედი მინდა - ვერ ვყიდულობ, ხანდახან კაფეში მეუღლესთან და დედასთან ერთად წასვლა მინდა - ვერ ვწვდები, კურორტზე დასვენება მინდა - ვერ ვქირაობ, მაგისტრატურაზე ჩაბარება მინდა - ვერ აუვალ, იტალიის, ისრაელისა და საბერძნეთის დათვალიერება მინდა - მიუწვდომელ ოცნებად მრჩება და ა.შ. და ა.შ.
მე, ჭერი მაინც მაქვს, აი სხვებს რომ ელემენტარულიც კი ენატრება, ამას რა ვუშველოთ? ტრაგედიაა ხედავდე ბავშვს, რომელსაც ნაყინი ენატრება და ბებოს, რომელსაც ექიმთან მისვლისა რცხვენია უსახსრობის გამო.
"დრო მიდის, უკან არ ბრუნდება"!
და მაინც: დიდება და მადლობა უფალს, რომ მე სხვაზე უარეს ადამიანს, უკეთესი პირობები მაქვს, ანუ, არ მცივა მაინც (ვმადლობ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს შემწეობისთვის).
მარტინ ლუთერ კინგი ამბობდა: "სიცოცხლის მუდმივი და გადაუდებელი შეკითხვაა - რას აკეთებ სხვებისთვის?"
იქნებ ვიფიქროთ ამაზე ძლიერნო ამა სოფლისანო, მეგობარნო და მოყვასნო.
ჩუმი ტკივილით და გულწრფელი სევდით - თქვენი ძმა გიორგი ტიგინაშვილი