"ქართული სოფელი" სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე

"ქართული სოფელი" სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე

დღეს ევროპის საპარლამენტო ქალაქში საშობაო ბაზრობის გახსნას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან.

 

საპატიო სტუმრის სტატუსით საქართველო, როგორც სტრასბურგის საშობაო ბაზრობის თანამასპინძელი, გამოფენა "ქართულ სოფელს" და სხვა კულტურულ ღონისძებებს გამართავს.

 

"ქართული სოფელი" საქართველოს ყველა კუთხის გასაცნობად, გუტენბერგის მოედანზე, ქართულ სამზარეულოს, ეროვნულ პროდუქციას, ნაციონალურ სამოსს, საიუველირო ნაწარმს, ქართულ ღვინოს, სუვენირებს, ხელნაკეთ ნივთებსა და თოჯინებს, ქართულ საახალწლო სიმბოლიკას წარმოადგენს. "ქართული სოფლის" ორგანიზატორია შპს "საქართველოს პროდუქტი".

 

კულტურული პროგრამის ფარგლებში კონცერტებს ჩაატარებენ ანსამბლები: "სუხიშვილები", "რუსთავი", "ლაშარი", ასევე პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი, ჯაზმენი ბექა გოჩიაშვილი ამერიკელ მუსიკოსებთან ერთად, მომღერალი თამთა ცხვიტავა; წარმოდგენებს გამართავენ პანტომიმისა და თითების თეატრები, შედგება ფოტოგრაფთა ექსპოზიცია, საბავშვო პროგრამა "თიხიანი ხელები" და მოეწყობა ქართული კინოჩვენებები.

 

სტრასბურგის საშობაო გამოფენაზე, რომელსაც ყოველწლიურად 4 მილიონი სტუმარი ჰყავს, საქართველოს პირველად ეძლევა შანსი მსოფლიოს გააცნოს საკუთარი კულტურა, კულინარია და ტრადიციები.

 

საქართველოს მოწვევის გადაწყვეტილება სტრასბურგის მერიამ მიიღო, სადაც განაცხადი რამდენიმე ქვეყნიდან იყო შესული. 2012-2013 წლის საშობაო ბაზრობის სტუმარ ქვეყანასთან დაკავშირებით, საქართველოსა და იაპონიას შორის არჩევანი საქართველოს სასარგებლოდ გაკეთდა. სტუმრის შერჩევის კრიტერიუმებიდან უმთავრესია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის დონე ქვეყანაში, ასევე მნიშვნელოვანია საერთო ევროპული ფასეულობების პატივისცემა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: