საქართველოში პოლიტიკური კაზინოს ადგილი არ არის!
ხელისუფლების წაუგებელი თამაში კაზინოს პრინციპით
წინასაარჩევნო პერიოდი, თითქოსდა, უჩვეულოდ მაღალი აქტიურობით გამოირჩევა. არჩევნებში მონაწილე სუბიექტები ერთმანეთს ეჯიბრებიან პენსიონერთა გულის მოგებაში, მეტი პენსიის დაპირებით. არც ახალგაზრდებს ივიწყებენ და ნარკოდანაშაულის დეკრიმინალიზაციის პირობას დებენ. სექსუალურ უმცირესობებს ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ჰპირდებიან, ხოლო მათ მოწინააღმდეგეებს გარანტიას აძლევენ, რომ კონსტიტუციაში ცვლილებას შეიტანენ და ოჯახად მხოლოდ მამაკაცისა და ქალის ერთობას აღიარებენ. კიდევ მრავალი “ხელოვნურად გააქტუალურებული “ პრობლემისა და მათი გადაჭრის გზების ჩამოთვლა შეიძლებოდა, პუტინის თუ თემურ ლენგის საქართველოს მეგობრად გამოცხადების ჩათვლით, მაგრამ მკითხველის გადაღლას მოვერიდები.
დავუბრუნდეთ ზემოთხსენებულ წაუგებელ თამაშს და ეს ყველაფერი განვიხილოთ მმართველი ძალის - ქართული ოცნების, ვითომ და, სხვადასხვა ჯგუფების მიერ მხარდაჭერილი, მაჟორიტარობის კანდიდატების მაგალითზე. ამ მხრივ, თვალსაჩინო ნიმუშია საქართველოს უძველეს დედაქალაქ მცხეთაში შექმნილი სიტუაცია. ამ საარჩევნო ოლქში ორი „მძიმეწონიანი“ კონკურენტი შეეჯახა ერთმანეთს: ოცნების ოფიციალურად მოქმედი დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე და ნაციონალური მმართველობის დროინდელი ექსგუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი, რომელსაც, მისივე თქმით, ზემოთ ყველასთან “გაიასნებული” აქვს.
ცოტა ხნის წინ, მათი ფრიად უსახური და პოლიტიკოსობაზე პრეტენზიის მქონე ადამიანებისათვის, ნამდვილად შეუფერებელი ტელედებატების მოწმეც კი გახდა საზოგადოება. უფრო მეტიც - იმდენად კომიკურად გამოიყურებოდა თითოეული მათგანი, რომ მაყურებელს, შეიძლება, არც გახსენებოდა, რომ მათ შორის გამარჯვებულის ხელის აწევამ ამა თუ იმ საკითხზე, მომავალ პარლამენტში, ამ ქვეყნისა და ხალხის ბედზე სერიოზული გავლენა შეიძლება იქონიოს.
მოკლედ, იცინე და იხარხარე, ქართველო ხალხო, ოღონდ, სატირლად თუ არა გვაქვს საქმე - ორივე მათგანი ერთსა და იმავეში ადამაშაულებდა ერთმანეთს: ყოფილი ნაციონალებისა და საკუთარი ოჯახის წევრების დასაქმებასა და სახელმწიფო ქონების დატაცება-დანიავებაში, ამ ხალხზევე გადაფორმებით. ჩოჩელმა ბრალი დასდო ხუნდაძეს, რომ მის გარეშე, დამლაგებლის ვაკანსიაზეც კი, მცხეთაში არავინ დანიშნულა, რომ ნაცების დროინდელი ხარკის ამკრეფები დაასაქმა საჯარო სამსახურებში, ასევე, შეახსენა, რომ ცხრა თვის განმავლობაში ვერ მოხდა საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა, ვიდრე ეს ადგილი, ისევ ხუნდაძის გავლენით, მისივე ცოლის ოჯახის წევრს არ მიართვეს. ასევე დასდო ბრალი ბატ. დიტოს იმაში, რომ მას ხელი შეუშალა ინვესტიციის განხორციელებაში - თეატრონის ტერიტორიაზე წვრილი სახელოსნო-ჯიხურების გახსნა მინდოდა და ჩამიშალაო, თანაც, საარჩევნო შტაბში სულ პორტირებული ნაციონალები ჰყავსო. არადა, მართალია ეს კაცი, რას ერჩი. ისიც უნდა ითქვას, რომ გაცილებით მეტის თქმაც შეეძლო, ჭკუა რომ ჰყოფნოდა, დაწყებული ნაციონალებისათვის საარჩევნო ყულაბაში სოლიდური თანხების გადარიცხვით, თუნდაც ცოლისთვის გაჩალიჩებული ორიათას ლარიანი ხელფასები მადნეულიდან და დემოგრაფიული ფონდიდან ცალ-ცალკე. იმასაც ეტყოდა, რომ მისი და მისი ფავორიტი - თამარ ჩიბურდანიძის შერჩეული კადრები, დემოგრაფიული ფონდიდან, მრავალშვილიან ოჯახებს ზიზღით მოიხსენიებენ დებილებად.
თავის მხრივ, ბატ. დიტოც არ ჩამორჩა ოპონენტს და, სქელი საქაღალდით შეიარაღებულმა, ბრალი დასდო სააკაშვილის ხელის ბიჭობაში. სულ მისხალ-მისხალ ჩამოუთვალა, ჩოჩელების ოჯახის წევრებსა და ნაცთა დროინდელ ჩინოვნიკებზე, დაწყებული სოფლების გამგებლებიდან, დამთავრებული ზონდერებით, გაფორმებულ-გასხვისებული ათასობით ჰექტარი მიწა. ომახიანად დაამადლა, მიშას დროს მხოლოდ შენი და შენნაირების ბიზნესი ჰყვაოდა და ვითარდებოდაო. უნდა ითქვას, რომ სხარტი ლაყბობით ბატ. დიტომ ნამდვილად დაჩაგრა ოპონენტი, თუმცა, ამაში ჟურნალისტიც ეხმარებოდა. ვერაფერს იტყვი - ეს კაციც მართალია.
ბატ. დიტოსაც ვერ უმუშავია კარგად ჩოჩელის დოსიეზე, თორემ ადვილად აღმოაჩენდა - როდესაც მთელი ნაცმთავრობა ქართველ გლეხებსა და მეღვინეებს უკრძალავდა რუსული ბაზრის ხსენებასაც კი, ჩოჩელის მფლობელობაში არსებული საწარმოების პროდუქცია თავისუფლად შედიოდა ჩრდილოელი მეზობლისა თუ მტრის (ვის როგორც ესიამოვნება) ბაზარზე. ნეტა რა დამსახურებისთვის? რითა სჯობს ნატახტარი თუ ზედაზენი ბალტიკას? იმასაც ჰკითხავდა, რატომ უბღვერენ დანარჩენი ლტოლვილები ახალგორელებსო. ავი ენები იმასაც ამბობენ, შუა აზიის ერთ-ერთ ქვეყანაში აქვს ძირითადი კაპიტალი გადანახულიო.
მოკლედ, ორი ერთმანეთთან მართალი და ერთად ქვეყანასთან შერცხვენილი ებრძვის ერთმანეთს სვეტიცხოვლის გალავნის ჩრდილიში და, ვაგლახ, ეს ბრძოლა სქოლასტიკას არ ეხება, თუმცა, მხარდამჭერები, საეკლესიო წრიდან, ერთსაც ჰყავს და მეორესაც.
ანალოგიური სიტუაციაა სხვა საარჩევნო ოლქებშიც და, ამომრჩეველი თუ დააკვირდება, ადვილად აღმოაჩენს სხვა ხუნდაძესა და ჩოჩელს, საკუთარ რაიონსა თუ სამეზობლოში.
ახლა, რაც შეეხება კაზინოს პრინციპით წაუგებელ თამაშს - ვინც არ იცის, იმის გასაგონად ვიტყვით. კაზინოს ჰყავს მფლობელი, რომელიც ხშირად რომელიღაც ორგანიზებული დაჯგუფების მიერაა ხელდასხმული. მისგანვე აქვს მინიჭებული გარკვეული კაპიტალის განკარგვის უფლება. ჰყავს მმართველი მენეჯერი, რომელსაც ნიშნავს მფლობელი, მენეჯერი გეგმავს ტაქტიკურ სამუშაოს და აკონტროლებს მის განხორციელებას. ამ გეგმას ახორციელებენ, როგორც ოფიციალური თანამშრომლები, სხვადასხვა რანგირებით, ასევე - არაოფიციალური, ე.წ. „პადსტავნოი“ მოთამაშეები, რომელთაც შიგადაშიგ მოაგებინებენ-ხოლმე, არიფების დასაბოლებლად და იმედის გასაჩენად. ყველა ერთად კი ხალხის კაზინოში შეტყუებასა და მათ გატყავებაშია გაწაფული.
დღევანდელი პრემიერ მინისტრი ძალიან წააგავს მმართველ მენეჯერს. ჩოჩელის ქმედებებიდან და მისივე სიტყვებიდან გამომდინარე, მან პარტიის სახელით წარადგინა ხუნდაძეები, მანვე ჩოჩელებს შესთავაზა ბრძოლაში ჩაებით, საკუთარი მატერიალური თუ სხვა შესაძლებელი რესურსებით და თქვენი გამარჯვება მე მხოლოდ გამახარებსო. სინამდვილეში, სულ ცალ ფეხზე ჰკიდია (ბოდიშს ვიხდით ჟარგონისთვის, ასეა და რა ვქნათ), რომელი აიღებს ამ შეჯიბრში პრიზად მცხეთაში მცხეთურ ღვეზელს თუ ზუგდიდში ერთ ჯამ ელარჯს. ნებისმიერი მათგანი მისი მადლიერი და მასზე დამოკიდებული იქნება. არჩევნებზე, დამკვირვებლების დასანახად, კონკურენცია, როგორც სანახაობა, გარანტირებულია. ხალხი, ამ შერკინების შემხედვარე, იფიქრებს, იქნებ, მეც მოვიგო რამეო და კაზინოს არიფი მოთამაშესავით ჩაებმება შემოთავაზებული წესებით თამაშში. ძირითადი ყურადღება ხელისუფლების მიერ ხელდასხმულ კანდიდატებზე გადავა და, ჯანსაღი იდეები და პოლიტიკური ჯგუფები გადაიფარება, ანუ, ხალხისთვის საინტერესო აღარ იქნება.
ახლა კი, ნაციონალური ნაძვის ხიდან მოწყვეტილ კრეატიულ გირჩ ხაჩიძეებს დავესესხებით და გეტყვით - თუ ტვინს არ გავანძრევთ და ძველ თუ ახალ მმართველებს თამაშში მათივე წესებით ავყვებით, რა ბებიაჩვენისას (კვლავ ბოდიში) მოვიგებთ, იმასაც მალე ვნახავთ და მერე ნუღარ ვიწუწუნებთ - მოიგებს მფლობელი, მენეჯერს და მის ქვეშევრდომთ გარანტირებული ექნებათ ხელფასები, დანამატები, ბონუსები, სადღესასწაულო პრემიები. წაგებული წაგებულად დარჩება, ფსონზე კი ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობის უფლებებია დადებული, მათ შორის სიცოცხლის უფლება.
“სახალხო პარტია” არც კვირიკაშვილის მტერია, არც ხუნდაძის და არც ჩოჩელის, ყველა მათგანს წარმატებას უსურვებს პირად თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ჩვენ ჩვენი ქვეყანა გვტკივა და განვიცდით იმას, რომ ჯერ ერთი, ეს ყველაფერი ხდება მცხეთაში, ჩვენი ქვეყნისთვის წმიდა ქალაქში და, მეორე, საქართველოსთვის ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებასა და უმძიმეს სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში.
გვტკივა და განვიცდით, რომ ხელიდან გვეცლება სახელმწიფოებრიობისთვის მებრძოლი მრავალი თაობის სისხლ და ოფლ დაღვრილი ქვეყნის განვითარებისა და განახლების შანსი, მაგრამ აღვსილი ვართ იმედით - ყოველთვის, ყველაზე მძიმე პერიოდებშიც კი, უფლის მადლით, ქართველი ხალხი თავის თავში პოულობდა და დღესაც იპოვის ძალას ქვეყნის წინსვლის გასაგრძელებლად.
ცალსახად ვაცხადებთ - პოლიტიკური კაზინოს (ისე, სხვათა შორის, ნამდვილი კაზინოსიც) ადგილი საქართველოში არ არის!
“სახალხო პარტიის” სახელით - მამუკა გიორგაძე, ჯემალ გუნდიშვილი.